სწავლების პროცესის ექსპერტები გვირჩევენ, რომ როცა საქმე შვილების მეცადინეობას ეხება, სჯობს, უშუალოდ საშინაო დავალებაზე კი არ მოვახდინოთ კონცენტრირება, არამედ – შემეცნების პროცესსა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარის გამომუშავებაზე.
რჩევები, რომლებსაც მშობლები მეცადინეობის პროცესთან დაკავშირებით იღებენ, ძირითადად, სულ თეორიულია და, შესაბამისად, ჩვენს ქაოსურ რეალობაში მათი გამოყენება ცოტა ძნელია. ამასთან, გავრცელებულია ის მოსაზრება, რომ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ „სწავლის ჟინი“; რომ მათ „შეცდომებისგან უნდა ისწავლონ“. თუმცა, ეს რჩევები არაფრისმთქმელია, როცა იმ ბავშვის მხარდაჭერაა საჭირო, რომელმაც მომდევნო 48 საათში ორი მოხსენება უნდა დაწეროს და ქიმიის ტესტისთვის მოემზადოს, ის კი ამ დროს ინსტაგრამს ათვალიერებს.
ამგვარ მომენტებში სწორი ტაქტიკის არჩევას და შვილების დახმარებას ზოგიერთი მშობელი შედარებით მარტივად ახერხებს, ხოლო ზოგი ამისთვის რეპეტიტორებს მიმართავს. თუმცა, მშობლების უმრავლესობა დღეს სახლშია გამოკეტილი და შვილებისგან თავისი შფოთვის დამალვას ცდილობს, რაც მეცადინეობის პროცესს ერთიორად ართულებს.
დავალების შესრულების ბოლო დღემდე გადადების გამო ბავშვისთვის საყვედურის მიცემა, შესაძლოა, მშობლის ბუნებრივი ინსტინქტი იყოს, თუმცა, ეს არც ისე სწორი საქციელია – ასე მას ვერ დავეხმარებით. მასწავლებლებისა და მშობლების გამოცდილებაზე დაყრდნობით ცხადდება, რომ მოსწავლეებს, რომლებიც პროკრასტინაციის გამო თავს დამნაშავედ გრძნობენ, შფოთიანობა აწუხებთ; ამის გარდა, ისინი სხვა ნეგატიურ ემოციებსაც განიცდიან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ ჩვევას, რომ საქმე გააჭიანურონ და ბოლო წუთამდე მოიტოვონ. სწორედ ამიტომ, პროკრასტინაციის გამო საყვედურის ნაცვლად, ღრმად ჩაისუნთქეთ და სცადეთ გაარკვიოთ, როგორ შეძლებს თქვენი შვილი დათქმულ ვადამდე დავალების შესრულებას: დაეხმარეთ, რომ დროის მენეჯმენტისთვის რეალური გეგმა დასახოს და შეეცადეთ გაუგოთ მაშინაც კი, თუ მისი საქციელის გამო იმედგაცრუებულები ხართ.
გამოწვევების მიმართ გამძლეობის გამოჩენით შვილებს მაგალითს მისცემთ, რაც განაპირობებს იმას, რომ ისინი მომავალში დაბრკოლებებს დადებითი პერსპექტივიდან შეხედავენ. რა თქმა უნდა, ეს სათქმელად უფრო მარტივია, მაგრამ სცადეთ, შვილთან ერთად იმის გაგებაზე იმუშაოთ, თუ რატომ ჩამოუყალიბდა მეცადინეობის ასეთი ჩვევები. მსგავსი ანალიზი მოცემული პრობლემის გამოსასწორებლად აუცილებელია.
იმის გამო, რომ ჩვენ მომავლის ნაცვლად აწმყოზე კონცენტრირება გვჩვევია, მარტივია ისეთი რაღაცის გადადება, რაც თავს უსიამოვნოდ გვაგრძნობინებს. ბავშვები, რომლებსაც პროკრასტინაცია ახასიათებთ, ასე იმიტომ იქცევიან, რომ კონკრეტული დავალების მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი. სამწუხაროდ, საშინაო დავალებების თავიდან არიდება კიდევ უფრო ამძაფრებს მოსწავლის დაბალ თვითშეფასებას, ეს კი მეცადინეობასთან დაკავშირებით უარყოფით დამოკიდებულებას ამწვავებს – ასე ერთვებიან ისინი პროკრასტინაციის დაუსრულებელ ციკლში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზის პოვნა – იმის გარკვევა, კონკრეტულად რა არ მოსწონთ მათ საშინაო დავალებაში. ამის შემდეგ კი საჭიროა პრობლემასთან გამკლავებისთვის ეფექტიანი მეთოდების მოძიება, რომლებიც მათ დროის მენეჯმენტსა და პრიორიტეტების გადანაწილებაში დაეხმარება.
თუ იმაზე ღელავთ, რომ თქვენი შვილი კლასში ერთადერთია, ვინც ასე იქცევა, სულ ტყუილად. მოსწავლეები – ისევე, როგორც ბევრი ზრდასრული – ყველა გზას პოულობენ, ოღონდაც შესასრულებელი დავალება ბოლო წუთამდე მოიტოვონ. უამრავი მიზეზი არსებობს, რატომ იქცევიან ბავშვები ასე: შეიძლება, ღელავენ იმაზე, თუ რას იტყვის მასწავლებელი მათზე ან იმაზე შფოთავენ, რომ მომზადებული დავალება ხარისხით თავიანთი მეგობრებისას ვერ შეედრება. ისიც შეიძლება დავუშვათ, რომ იმ დღეს სკოლაში რაღაც მოხდა, რაც ბავშვს დავალების შესრულებისას გონებას უფანტავს.
რაც უნდა იყოს მიზეზი, პირველი ნაბიჯი მაინც იმის გარკვევაა, თუ რა სტრესავს თქვენს შვილს ისე ძლიერ, რომ სამუშაოს ბოლო წუთამდე იტოვებს ხოლმე.
-
როცა ბავშვი იმაზე ღელავს, თუ რას იფიქრებს მასწავლებელი შეცდომის დაშვების შემთხვევაში:
მან დამოუკიდებლად უნდა გადაიმეოროს ის მასალა, რომლის კარგად ცოდნაშიც დარწმუნებული არაა. შემდეგ თუ კვლავ ექნება კითხვები, დახმარებისთვის მასწავლებელს მიმართოს. დაარწმუნეთ, რომ მასწავლებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მოსწავლისგან ძალისხმევის შემჩნევაა. მისთვის კითხვების დასმა იმის ნიშანია, რომ ბავშვი ცნობისმოყვარეა, მუშაობს და სწავლის პროცესში აქტიურადაა ჩართული. არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებლის რეპუტაციას ან ხასიათს, როცა მოსწავლე მასთან კითხვებით და ნამუშევრით წარდგება, ამაზე მას დადებითი რეაქცია ექნება.
-
როცა ბავშვი ცუდი ნიშნის მიღების შემთხვევაში მშობლის რეაქციაზე ღელავს:
გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მაღალი ქულა შეიძლება მნიშვნელოვანი კი იყოს, თუმცა ბავშვის წარმატების გასაღები უშუალოდ მეცადინეობის პროცესზე კონცენტრირება და ძალისხმევის გამოვლენაა. ესეც რომ არა, შვილის დიდი წნეხის ქვეშ ყოფნა მასში მოტივაციის დაკარგვასა და სტრესის ზრდას გამოიწვევს. დაეხმარეთ თქვენს შვილს, რომ მეცადინეობის პროცესი შედეგიანი იყოს. მეტი ძალისხმევის ჩადება უფრო მეტად ჩაითრევს მას შესასწავლ მასალაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთეს შედეგებს გამოიღებს.
-
როცა ბავშვი საუკეთესო მეგობრისგან განსჯას უფრთხის:
უპირველესად, მოუწოდეთ თქვენს შვილს, რომ საკუთარი ნიშნები თავის მეგობრებთან არ განიხილოს. ზოგადად, სკოლის მოსწავლეებს ასე მოქცევა სჩვევიათ ხოლმე, ეს კი მათ თავს ხელმოცარულად აგრძნობინებს. კითხვა, „რა მიიღე“, ყველა მოსწავლისთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით კი შუა კლასებში, როცა ისინი ყველაზე მეტად თანატოლებისგან აღიარებასა და მიმღებლობას ესწრაფვიან. თქვენი შვილის ქულები არავის საქმე არ არის. შეიძლება, მისი საუკეთესო მეგობარი ისტორიაში გამოირჩეოდეს, მაგრამ მათემატიკა თქვენს ბავშვზე მეტად უჭირდეს; ან, სულაც, ყველა საგანში წარჩინებული იყოს, თუმცა ხელოვნების გაკვეთილებში მოიკოჭლებდეს, სამაგიეროდ კი, მომავალში საშინელი მძღოლი დადგეს ან უხერხული პირველი პაემანი გადაიტანოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც საგანი – ცხოვრების კონკრეტული სფერო – რომელშიც სხვაზე მეტად ან ნაკლებად წარმატებულები ვართ. გამოწვევები გარდაუვალია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ შევხედავთ მათ.
-
როცა ბავშვს ეშინია, რომ არ გამოუვა:
ჯერ გააანალიზეთ, როგორი მტკივნეულია ეს შეგრძნება თქვენი შვილისთვის. შემდეგ კი დაარწმუნეთ, რომ, სინამდვილეში, ყველაფერი მშვენივრად გამოსდის. ისეთი ისტორია უამბეთ, რომ თვალები არ გადაატრიალოს: მოუყევით საკუთარი ცხოვრებიდან ის ეპიზოდი, როცა გეგონათ, რომ რაღაცის გაკეთებას ვერ შეძლებდით, მაგრამ ბოლოს დავალება წარმატებით შეასრულეთ. და გულწრფელები იყავით! ბავშვი მარტივად მიხვდება, რომ, სინამდვილეში, ალიგატორი არ დაგიმარცხებიათ შიშველი ხელებით. თხრობისას წარმოაჩინეთ მონდომების, ძალისხმევისა და შეუპოვრობის მნიშვნელობა.
-
როცა ბავშვი გადაღლილია:
გადაანაწილეთ პრიორიტეტები და სამუშაოდ აურჩიეთ მხოლოდ ის დავალებები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია. ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილს, რომ ადრე დაიძინოს – ასე უფრო ადრე გაღვიძებას და დილის საათებში შედარებით მცირე მოცულობის დავალებების გაკეთებასაც შეძლებს. როცა დაღლილი ხარ, მნიშვნელოვანი და დიდი საქმის შესრულება განსაკუთრებით რთულია. დაეხმარეთ მას დაგეგმვაში. შექმენით ცხრილი, რომელიც დიდ სამუშაოს დღეებზე გადაანაწილებს – ისე, რომ ყოველდღე დავალების მცირეოდენ ნაწილს მაინც ასრულებდეს. ასე საქმის დასრულება ბევრად უფრო გამარტივდება.
მას შემდეგ, რაც გაარკვევთ, რატომ მიეჩვია თქვენი შვილი პროკრასტინაციას, უკვე შეგიძლიათ, მასთან ერთად სტრატეგიების დასახვა დაიწყოთ. მაგალითად, მუშაობის პროცესში ჩამოაშორეთ ის მაცდუნებელი ნივთები, რომლებიც კონცენტრაციაში ხელს შეუშლის. რა თქმა უნდა, კომპიუტერის ეკრანზე გახსნილი დავალების ცქერას მოსწავლეს ინტერნეტში იმის ხილვა ურჩევნია, თუ სად წავიდნენ და როგორ გაერთნენ მისი მეგობრები იმ საღამოს. ცდუნება დიდია – ერთი ღილაკის დაჭერაც საკმარისია, რომ ის სოციალური ქსელების სამყარომ ჩაითრიოს, ამის შედეგად კი, ბუნებრივია, ბავშვი დავალების შესრულებას საუკუნეებს მოანდომებს. ამგვარად, უმჯობესია, მუშაობის პროცესში ყველა შემაფერხებელი საგანი ჩამოვაშოროთ. სოციალურ მედიასთან და სამესიჯო აპლიკაციებთან წვდომის დროებით შეზღუდვა, ასევე ტექნოლოგიების გამოყენებისას ლიმიტის დაწესებაზე საუბარი, პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ტელეფონის გვერდზე გადადება მას დროის განაწილებაში დაეხმარება, რაც საშუალებას მისცემს, რომ მუშაობის პროცესში მთლიანად ჩაერთოს, ასე კი შემდეგ თავისუფალი დროც შემორჩეს. ტექნოლოგიების მოხმარებაზე საზღვრების დაწესებამ, შესაძლოა, უარყოფით რეაქცია გამოიწვიოს – ჩვენ ხომ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ბავშვებისთვის სოციალიზაციის უმთავრესი ფორმა სწორედ სოციალური ქსელებია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს შეზღუდვა დროებითი და გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებლიანიცაა.
ამის გარდა, თქვენს შვილს ისიც უთხარით, რომ მოკლევადიან სიამოვნებას გრძელვადიანი ტკივილის გამოწვევა შეუძლია. თავდაპირველად, თანაგრძნობა გამოხატეთ ბავშვებისადმი, რომლებსაც რაღაცის გაკეთება იმიტომ არ უნდათ, რომ ერთულებათ. შემდეგ კი აუხსენით, რომ იმ ინსტინქტის მიყოლა, რომელიც პროკრასტინაციისა და ვიდეოთამაშებით გართობისკენ უბიძგებთ, მოგვიანებით მათ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. შესაძლოა, გაჯიუტდნენ და იწუწუნონ, მაგრამ წესების დადგენაში ხელის შეწყობა მეცადინეობის გამო ტანჯვასა და წამებას შეამცირებს როგორც იმ საღამოს, ისე მომავალ დღესა თუ კვირას. ბავშვები პიროვნულად კომფორტულ, საიმედო და უსაფრთხო სამუშაო გარემოში ვითარდებიან. მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საღამოს გაგიჟებამდე მიჰყავხართ თქვენს შვილს, რომელიც სამეცადინოდ არ ჯდება, გაიხსენეთ, რომ მოკლევადიანი კმაყოფილება გრძელვადიან მიზნებს უშლის ხელს.
სულ ბოლოს კი აუხსენით მას კონკრეტული დავალების შესრულების მიზანი. თუ ბავშვს არ ესმის, რატომ უნდა იმეცადინოს, მაშინ ბუნებრივია, რომ ის ამ საგნის მიმართ უარყოფითად იქნება განწყობილი. მაგალითად, როცა შვილი გკითხავთ, „რაში მჭირდება ალგებრის ცოდნა? რომ გავიზრდები, ვერ გამოვიყენებ!“, თქვენც სიმართლე მიუგეთ: „შესაძლოა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გამოიყენო, მაგრამ ალგებრის ცოდნა ისეთ უნარებს შეგძენს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში კომპლექსური პრობლემებისა და რთული ამოცანების გადაწყვეტაში დაგეხმარება“.
აკადემიური და პირადი ავტონომიის მოპოვების მთავარი გასაღები დამოუკიდებლად, მასწავლებლის მითითებების გარეშე მუშაობაა. ამგვარად, როცა თქვენი შვილი აღელვებულია, ჯერ დაეხმარეთ გაიგოს, რატომ გრძნობს თავს ასე, შემდეგ კი ისეთი სტრატეგიები დასახეთ, რომლებიც დამოუკიდებლობის და თვითრწმენის განვითარებას შეაძლებინებს.
მასალის გამოყენების პირობები