2019 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო.
როგორც მაშინ საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია წერდა: „დიდ და უმცროს თამარს ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივეს ცხოვრება ლეგენდებად არის ქცეული, ისევე როგორც ორივეს გარდაცვალება. მათი საფლავებიც არ არის ცნობილი. კონიაში ამბობენ, გასაკვირი არ არის, რომ გურჯი ხათუნის საფლავი არ არის ცნობილი, ის ხომ ვარსკვლავია, ვარსკვლავს საფლავი რად უნდაო. მეორე ლეგენდის მიხედვით, გურჯი ხათუნი ზღვის ზედაპირზე გავიდა და იბერიისკენ მიმავალ ტალღებს გაჰყვაო; მესამე ვერსიით იგი დღემდე კაბადოკიის კლდეებში ცხოვრობს. თურმე ქართველები ფულს აგროვებდნენ, რომ გურჯი ხათუნი გამოესყიდათ, მაგრამ ისტორიული წყაროების მიხედვით, სელჯუკებმაც კარგად იცოდნენ, ვინ იყო თამარ მეფე და მისი შვილიშვილი. როგორც ქრისტიანები, მუსლიმებიც თამარის სულს ხედავდნენ გურჯ ხათუნში და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენო.
თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში ეს იყო ულამაზესი პერიოდი, რომელსაც გურჯი ხათუნის ეპოქა ერქვა“.
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა გურჯი ხათუნის განსასვენებლის დადგენასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში წერს, წერილობით, ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით გაძლიერდა იმედი, რომ ერზურუმის (არზრუმი) საძვალეში აღმოჩენილი ნეშტები გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით.
მისივე ინფორმაციით, დნმ ანალიზი უკვე ჩატარებულია.
„ძვირფასო მეგობრებო, მსურს, გაგიზიაროთ ქართული საზოგადოებისა და ისტორიოგრაფიისათვის აქამდე უცნობი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება გურჯი ხათუნის განსასვენებლის ადგილმდებარეობის დადგენის საკითხს:
მოგეხენებათ, ანატოლიის სელჩუკთა ისტორიის ამსახველი წყაროები მწირია. იბნ ბიბი (İbn Bîbî – el-Evâmirü’l-ʿAlâʾiyye), ქერიმუდდინ აქსარაი (Kerîmüddin Aksarâyî – Müsâmeretü’l-aḫbâr Tarih-i Âl-i Selçuk), აჰმედ ეფლაკი (Ahmed Eflâkî) და შუა საუკუნეების სხვა ავტორები თავიანთ ძირითად შრომებში მოგვითხრობენ ქართველთა სამეფოსა და მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთნოს კავშირებსა და ისტორიაზე, იმდროინდელი მმართველების ურთიერთობებზე, ასევე, რასაკვირველია, გურჯ ხათუნზე. თუმცა ცნობებში, მათ შორის, იბნ ბიბის Selçukname-ში არსად არ არის მოხსენიებული მისი საბოლოო განსასვენებელი.
გურჯ ხათუნის საფლავის შესახებ არაფერს წერენ არც ევროპელი ისტორიკოსები და მკვლევრები, მათ შორის, ენდრიუ სპენსერ პიკოკი (Andrew Spencer Peacock), ჯონ ფრილი (John Freely), დევიდ ტელბოტ რაისი (David Talbot Rice) და სხვები. როგორც მოგეხსენებათ, ქართული ისტორიოგრაფიისთვისაც ბოლო პერიოდამდე უცნობი იყო გურჯი ხათუნის საფლავის ადგილმდებარეობა.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სულ ახლახან მივაკვლიე ქართული საზოგადოებისთვის უცნობ, შუა საუკუნეების ავტორის, ნიღდელი ქადი აჰმედის (1286-1333) სპარსულენოვანი მანუსკრიპტის (el-Veledü’ş-şefîḳ) თურქულ თარგმანს, რომლის ორიგინალიც სულეიმანიეს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა საცავში ინახება. ამ სქელტანიან ნაშრომში არაერთხელაა ნახსენები საქართველო, ქართველები, თამარ მეფე და, რა თქმა უნდა, გურჯი ხათუნიც. ხელნაწერში, სამ სხვადასხვა ადგილას, ავტორი აღნიშნავს, რომ გურჯი ხათუნი, თავის ვაჟთან, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-სთან ერთად, ქ. ერზურუმში განისვენებს.
როგორც ადრეც გაუწყეთ, 2019 წელს მქონდა პატივი, პირველს მომენახულებინა გურჯი ხათუნის ახლად აღმოჩენილი სავარაუდო განსასვენებელი ქ. ერზურუმში.
ზემოხსენებულ მწირ წერილობით და, ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით, გაღვივდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი ეს სარკოფაგი სწორედ გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით. ამასთან, ისტორიული სიმართლის დასადგენად, ჩვენი მოთხოვნით, საძვალეში არსებულ ნეშტებს ჩაუტარდა დნმ ანალიზი. თურქულ მხარესთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და მაქვს დიდი იმედი, რომ მალე სასიხარულო სიახლეებს ვამცნობთ ფართო საზოგადოებას“, – წერს ელჩი.
მასალის გამოყენების პირობები