“ასეთი სახლის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ახლობელს 23 ათასი ლარი მოსთხოვეს, სადაც არანაირი მასალების ხარჯი არ შედიოდა” – ამბობს ინგლისური ენის სპეციალისტი, დიზაინერი რუსო სულაქველიძე.
იგი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, ჰყავს ოჯახი, ორი შვილი… ერთ დღეს წინაპრების აშენებული მოჰყვა… ამ ყველაფრის შესახებ რუსო სულაქველიძეს თავად ვესაუბრეთ…
– არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ჩემი ხელით არასოდეს გამიკეთებია რამე. ვხედავდი ჩემს მეუღლეს როგორ არემონტებდა და თეორიული ცოდნა ამ გზით მივიღე. ძალიან რომ მოვინდომე, გამომივიდა, თან ჩემი მეუღლის იმედი ყოველთვის მქონდა რომ ყველაფერს მირჩევდა, დამაკვალიანებდა…
– სახლი სად მდებარეობს?
– წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში. დედაჩემის წინაპრების აშენებული სახლია. ბავშვობაში დასასვენებლად ხშირად ჩავდიოდით, სახლი ნორმალურ მდგომარეობაში იყო. შემდეგ უმძიმეს მდგომარეობამდე მდგმურებმა მიიყვანეს.
– გაქირავებული გქონდათ?
– დიახ, რადგან ქუთაისთან ძალიან ახლოს, ათი წუთის სავალზეა, მიყოლებით რამდენიმე მდგმური გვყავდა, ისე გამოვიდა, თავის ნებაზე იყვნენ და სახლი ასეთ დღეში ჩააგდეს. შეშას სახლში ჩეხავდნენ, იატაკს უმძიმესი კვალი ეტყობოდა. ღუმელის მილები სადაც უნდოდათ იქ გაჰყავდათ, ფანჯრები, მინები საშინლად იყო დაზიანებული. შეიძლება ითქვას, რომ სახლს ბოლო მოუღეს.
– როდის გადაწყვიტეთ ამდენად ტიტანურ სამუშაოებს შერკინებოდით?
– დედას ძალიან უნდოდა, იქაურობა იმდენად მოგვეწესრიგებინა, ზაფხულობით, წლის სხვა დროს შაბათ -კვირას ბავშვებთან ერთად ჩავსულიყავით. სახლს დიდი ეზო აქვს, სადაც ბავშვები კარგად ერთობიან. დედას, მამას, მამიდას ხელიდან ყველაფერი გამოსდით, შრომა არ ეზარებათ და ამიტომაც ჩვენი ძალებით შევუტიეთ ამ საქმეს. გულწრფელად გითხრათ, ძალიან ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით. თავიდან იდეების გაცვლით დავიწყეთ, დედა ამბობდა, რომ ისევ შპალერი გაგვეკრა. მე კიდე უფრო იაფ ვარიანტებს განვიხილავდი, რაც შეიძლებოდა მინიმალური დანახარჯი რომ გვქონოდა. როცა დავფიქრდი, კედლებზე თუ რა იქნებოდა ბიუჯეტური, კარგ დასკვნამდე მივედი. გონებაში გამიელვა, შპალერის შიგნით ხომ ხე არის, ისეთი რა უნდა იყოს, რასაც ვერ დავამუშავებ-მეთქი… მართლაც გადავფხიკეთ და საუკეთესო მასალა აღმოჩნდა, სადაც მუხის ხეც კი იყო გამოყენებული. ასეთი კარგი მასალა საღებავებში, შპალერში იმალებოდა. იხილეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები