ინგლისში აღმოაჩინეს უძველესი კვერცხი, რომელიც 1700 წლის წინ დადო ფრინველმა. კვერცხი იმდენად კარგად არის შენახული, რომ შიგთავსი კვლავ თხევად მდგომარეობაშია.
არქეოლოგები, რომლებმაც ეს ნიმუში შეისწავლეს, გაოცებული არიან.
ეს საოცარი კვერცხი შეიძლება ამ სახის ერთადერთი აღმოჩენა იყოს მთელ მსოფლიოში. დანამდვილებით წარმოადგენს რომაული პერიოდის უძველეს მთლიან კვერცხს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ხელუხლებელი შიგთავსის მქონე კვერცხები მსოფლიოში სხვაგანაც არის აღმოჩენილი, მათ შორის მუმიფიცირებულები ეგვიპტეში, ისინი განზრახ იყო შენახული მომავლისთვის.
რომაული პერიოდის ეს კვერცხი საუკუნეებს მთლიანად ბუნებრივი იღბლის წყალობით გადაურჩა. მისი ნაჭუჭი ამჟამად იმდენად მყიფეა, რომ არ შეიძლება შეხება და ჰაერის მოხვედრაც კი. მეცნიერებს მასთან უკიდურესი სიფრთხილე მართებთ.
კვერცხის აღმოჩენის შესახებ პირველად 2019 წელს გახდა ცნობილი, მაგრამ მისი სკანირება კონსერვაციონისტებმა მხოლოდ ახლახან ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მისი შიგთავსი გამომშრალი სულაც არ არის.
„ეს კვერცხი კიდევ უფრო გასაოცარი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ შეიცავს თხევად შიგთავსს — გულს და ცილას“, — ამბობს არქეოლოგიური კონსერვაციონისტი დანა გუდბარნ-ბროუ.
სკანირებებში არ ჩანს მკაფიო საზღვარი გულსა და ცილას შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დროთა განმავლობაში, ისინი ერთმანეთშია შერეული. ნაჭუჭსა და სითხეს შორის არის ჰაერის პატარა ბუშტულაც.
გუდბარნ-ბრაუნის განცხადებით, ეს კვლევა ალბათ ყველაზე გამორჩეული იყო მის 40-წლიან კარიერაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისეთი აღმოჩენაა, ცხოვრებაში ერთხელ რომ შეესწრები.
ძალიან დაბალია შანსი, რომ ადამიანის ჩარევის გარეშე კვერცხი ამდენხანს გადარჩეს.
ამავე არქეოლოგიურ ძეგლზე სამი სხვა კვერცხიც აღმოაჩინეს, მაგრამ ანალიზებისას, მეცნიერებს ისინი შემთხვევით გაუტყდათ.
კვერცხები ქათმისაა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, დაჭაობებულ ორმოში აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეროზიისა და გამოშრობისგან კვერცხები წყალმა დაიცვა.
მეცნიერთა აზრით, რომაული პერიოდის ეს ძეგლი ერთ დროს შეიძლება ე. წ. სურვილების ჭას წარმოადგენდა. კვერცხები შეიძლება ერთგვარი სპირიტუალური ან რელიგიური ძღვენი იყო, რომლებიც იქ იღბლის, ნაყოფიერების ან სამგლოვიარო რიტუალისთვის ჩაყარეს.
ორმოში ასევე აღმოაჩინეს ტყავის ფეხსაცმელები, კერამიკა, მონეტები და კალათა.
მკვლევრებმა კვერცხი ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში მოათავსეს.
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
მასალის გამოყენების პირობები