საოპერო მომღერალი თამარ ივერი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს ფულთან და ფულისადმი საკუთარ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
თამარ ივერი:
ჩემი კარიერის დასაწყისში, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჩემი შრომით ოთხნიშნა რიცხვებიანი ჰონორარები მქონდა. ვშრომობდი, ვწვალობდი და მიხაროდა, რომ შემოსავალიც შესაბამისი იყო. დედა სულ მეუბნებოდა, რასაც შენ იშოვი, ის არის შენი, ის შეგერგება, რაც მამაკაცისგან, ანუ მდიდარი ქმრისგან გაქვს, ის შეიძლება, ერთ დღეს დაკარგო, შეიძლება შენგან წავიდეს და ყველაფერი ფეხქვეშ გამოგეცლებაო. ამიტომ მასწავლიდა, რომ ყველაფრისთვის ჩემით უნდა მიმეღწია.
მაშინ რომ დღევანდელი ჭკუა მქონოდა, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი (იცინის). მიწებს ვიყიდდი, ბიზნესში ჩავდებდი. მე დავდიოდი და რაც მსიამოვნებდა, იმას ვყიდულობდა: „შანელის“ ტუჩსაცხი, „შისეიდოს“ პუდრი, ლამაზი ტანსაცმელი, ჩანთა და ასე შემდეგ. ასეთ რამეებში იმდენი ფული გადამიყრია, ის თანხა, რომ ბიზნესში ჩამედო, დღეს ძალიან დიდი ფული მექნებოდა (იცინის). ორიათასიან წლებში ბინები და სახლები 15-20 ათასი დოლარი ღირდა და ამდენ თანხას ორ-სამ სპექტაკლში ვიღებდით.
დედა, როგორც უფრო გამოცდილი, არ გირჩევდათ?
დედას ერთადერთი რჩევა მოუცია: შვილო, დააგროვე და ბინა ვიყიდოთო. მე ნახალოვკაში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. ერთოთახიანი ბინა მქონდა დოლიძეზე, რომელიც დედამ თავის ძმისშვილს აჩუქა. თავის დროზე, როდესაც ჩემმა მშობლებმა ეს ბინა შეიძინეს, არ ჰქონდათ საშუალება და დედას ძმა უხდიდა გადასახადს. ფაქტობრივად, ბიძაჩემის ნაყიდი იყო ეს ბინა და მერე, როცა მე კარგი შემოსავალი მქონდა და ბიძაჩემის ოჯახს ცოტა უჭირდა, დედამ მითხრა, ხომ არ ჯობია, ეს ბინა მათ ვაჩუქოთო. მახსოვს, ნოტარიუსთან რომ მივედით და დედამ უთხრა, რომ ბინის ძმისთვის ჩუქებას აპირებდა, ნოტარიუსი გაოცებული იცინოდა, რაც ამ საქმეში ვარ, სულ ვიღაც ართმევს სხვას რაღაცას, თქვენ ხართ პირველი, ვინც ჩუქნითო (იცინის).
ბინა ჩვენთვის შევიძინე, ამის პრობლემა არ მქონია, მაგრამ მიწასა და ბიზნესზე არ გვიფიქრია. ახალგაზრდა გოგო ვიყავი, მამა გვერდით არ მყავდა და მაშინ ასეთ რამეებზე არ ვფიქრობდი. ახლა ოჯახი მაქვს, ქმარი მყავს და სხვა გონება მაქვს. თუმცა, მახსოვს მაშინ, ჩემი პირველი შემოსავლით ბინა რომ ვიყიდე, ძალიან გახარებულები ვიყავით. მანამდე ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და ხელმოკლედ ვცხოვრობდით. 19 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა, დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა და განა რა უნდა გვქონოდა. როცა ბათუმის თეატრში დავიწყე მუშაობა, პირველი კარგი ხელფასი მაშინ მქონდა – 250 დოლარი დაგვენიშნა, რაც 90-იან წლებში ძალიან დიდი თანხა იყო. პირველად მაშინ გავიმართე წელში. ამაყი ვარ იმით, რომ ბავშვობიდან თვითონ ვშოულობდი ყველაფერს.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები