იქნებ ვაზია სამშობლო?!
იქნებ სამშობლო მართლა ვაზია, მზისფერ მტევნებით,
ჯალალ ედ დინის ორლესული ხანჯლის სამიზნე.
იქნებ ფრესკაა დიდებული ბეთანიიდან,
სადაც თამარის შეუსადარი თვალები გიმზერს…
იქნებ სამშობლო დაშანთული მკერდია კუპრით
და ჯვარცმა არის დედოფალი ქეთევანისა,
თუ ზღაპარია საოცარი ვეფხის და მოყმის
ან „ლილეოა“ – საქებარი მზის და მთვარისა.
იქნებ სამშობლო დიდგორია ანდა ასპინძა,
სისხლით ნაღები ყაყაჩოების კრწანისის ველი
ან მარაბდაა, ცხრა ხმალი რომ მზესთან გაბრწყინდა,
ბასიანია, გასაოცარი და უძლეველი!
სამშობლო წმინდა სახარებაა – ზღაპრული განძი
ან საოცნებო გატაცებულ საწმისს ედრება,
სალოცავების სადიდებელი შესმული თასით
ან უფლისაკენ გაფრენილი ლოცვა-ვედრება!
სამშობლო იქნებ მოელვარე გაზაფხულია,
თბილი ქვეყნიდან მოფრენილი მაცნე მერცხალი,
ეზოს ჭიშკართან მოთამაშე ცელქი მურია
და ფანჯარასთან ტოტგაშლილი მწვანე კედარი.
იქნებ თეთნულდის, იალბუზის სიამაყეა
ან გაფრენილი ზეცისაკენ ტატოს მერანი,
გალაკტიონის უნაპირო სიყვარულია,
მერის ჯვრისწერის დასაწერად ტბები მელანის.
ჩვილის აკვანთან ნამღერები იავნანაა,
ჩაკრულოს ხმებით მოფენილი ნახტომი ირმის,
იქნებ სამშობლო მოქარგული ანა-ბანაა
ან უკვდავების საგალობელი – სამშობლოს ჰიმნი.
სამშობლო, ალბათ, წინაპრების საფლავებია,
ქართული ჯიში მებრძოლი და თანაც მცინარი,
სამშობლო მხოლოდ დედის რძესთან შესადარია
და ღვთისმშობელთან ერთადერთი დასაფიცარი!
ავტორი: ნანი გორდეზიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის პედაგოგი გახლავთ.
მისი პროფესიული საქმიანობა 40-ზე მეტ წელს ითვლის, საიდანაც 20 წელი ამავე სკოლის მართვას მიუძღვნა… როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის სწორად აღზრდაში… ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარული და განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა თან სდევს ქალბატონი ნანის პროფესიულ საქმიანობას…
ქალბატონი ნანი მათემატიკოსია, პროფესია ჯერ კიდევ კომაროვის სკოლაში სწავლის დროს აარჩია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის შესანიშნავ ლექსებს წერს…
sheniganatleba.ge მისი ლექსების კრებულიდან – “იქნებ, ვაზია სამშობლო?! ” არაერთ ლექსს გაგაცნობთ…