შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიმამაკაცის პორტრეტი თუ ავტოპორტრეტი, იტანჯებოდა თუ არა „მონა ლიზა“ ალოპეციით, სისხლში ქოლესტერინის...

მამაკაცის პორტრეტი თუ ავტოპორტრეტი, იტანჯებოდა თუ არა „მონა ლიზა“ ალოპეციით, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონით, პარკინსონით, ასთმით, სიელმითა და კატარაქტით

მართალია, ლეონარდო და ვინჩის შედევრს ზოგი ღვთაებრივი სილამაზის ეტალონად, ზოგი დადგენილი ნორმების დარღვევად და საზოგადოების გამოწვევად მიიჩნევს, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ დიდგვაროვანი ფლორენციელი ქალბატონის მთავარი სიმდიდრე მისი ამოუცნობი ღიმილია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხიბლავს მნახველებს და ხელოვნების მოყვარულებთან ერთად, მეცნიერებსაც საგონებელში აგდებს.

ალვის ხის ფიცარზე შესრულებული, საღებავის და ლაქის ბზარებით დაფარული შედევრი დღეს ლუვრის მუზეუმში, სქელი ტყვიაგაუმტარი შუშით დაცული იწონებს თავს და სოლიდური ასაკის მიუხედავად, ჩვეულ იდუმალებასთან ერთად ახალგაზრდობასაც ბრწყინვალედ ინარჩუნებს. სხვათა შორის, ლეონარდო და ვინჩი, რომელსაც ძალიან გაუჭირდა მონა ლიზასთან განშორება, აღორძინების ეპოქის ერთადერთი მხატვარია, ვინც ნამუშევრის გადაცემაზეც უთხრა უარი დამკვეთს და მიღებული გასამრჯელოს დაბრუნებაზეც, საკუთარი შედევრი კი, საფრანგეთის მონარქს – ხელოვანთა მფარველს და გულშემატკივარს ფრანსუა პირველს უსახსოვრა.

უჩვეულო გარეგნობით და იდუმალი ღიმილით ჯოკონდამ ჯერ ნაპოლეონ ბონაპარტე აღაფრთოვანა, მერე იტალიელი ვინჩენცო პერუჯა მოხიბლა, რომელმაც ლუვრიდან გაიტაცა ქალბატონი და მთელი ორი წელი „იცხოვრა“ მასთან ერთად იტალიაში. ფლორენციელი „მონა ლიზა“ ყველა ეპოქაში იზიდავდა და თითქოს აჯადოებდა მამაკაცებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვერსიების სიმრავლის მიუხედავად, დღემდე უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული მკვლევარი ცდილობს მისი საიდუმლოს ამოხსნას.

„მონა ლიზას“ ორაზროვანი ღიმილი

„მონა ლიზა“ პირველმა ჯორჯო ვაზარიმ მოიხსენია 1540-იანი წლებით დათარიღებულ ნაშრომში „ცნობილი მხატვრების, მოქანდაკეებისა და ხუროთმოძღვრების ცხოვრება და მოღვაწეობა“. იტალიელმა ფერმწერმა და მწერალმა აღფრთოვანებით აღწერა პორტრეტი, რომელიც „თავისი ორაზროვანი, თითქოს ბუნდოვანი და ამოუცნობი ღიმილით, ღვთაებრივ ქმნილებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს”, რადგან ეპოქისთვის ჩვეული პორტრეტებისგან განსხვავებით, მოკრძალებულითუმცა მეტად თამამი ღიმილით „მონა ლიზამ“ ცხოვრების დუალიზმი განასახიერა და არა მხოლოდ ხელოვნებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები დაამსხვრია, არამედ საზოგადოებაში დადგენილი ნორმებიც გააპროტესტა.

ჩინელი დედა

მართალია, ბევრს საერთოდ არ სჯერა ლიზა დელ ჯოკონდოს არსებობის, მაგრამ ქალბატონი, რომელიც დაოჯახებამდე გერარდინის გვარს ატარებდა, მართლაც ცხოვრობდა მე-15 საუკუნის ფლორენციაში, თუმცა, რამდენად  დელ ჯოკონდოა გამოსახული პორტრეტზე – არავინ იცის. მკვლევართა ნაწილის მტკიცებით, პორტრეტი და ვინჩიმ რამდენიმე მოდელის კომბინირებით დახატა, რადგან დამკვეთისთვის ნამუშევრის გადაცემაზე უარის თქმის შემდეგ სხვა ქალბატონებს მიმართა პოზირების თხოვნით და სწორედ მათი წყალობით, ახალი დეტალების დამატებით შექმნა აღორძინების ეპოქის იდეალური ქალის კრებითი სახე.

ბევრად თამამი მოსაზრება გამოთქვა იტალიელმა მეცნიერმა ანჯელო პარატიკომ. მისი  აზრით, „მონა ლიზას“ პორტრეტით და ვინჩიმ საკუთარი დედა გააცოცხლა, ვისზე ინფორმაციის მოძიება ძალიან რთული აღმოჩნდა. ოფიციალური ვერსიით, მხატვრის დედა ღატაკი გლეხის ქალი – ვინმე კატარინა იყო, რომელსაც შეძლებული ნოტარიუსისგან, დიდგვაროვანი დონ პიეტრო და ვინჩისგან შეეძინა შვილი და მასვე მიანდო მისი აღზრდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ადრეულ ასაკში დედასთან დაშორებული ლეონარდო სწორედ მისი სახისა და ღიმილის აღდგენას ცდილობდა საკუთარ ნამუშევრებში.

პარატიკომ არსებული ვერსია გაიმეორა, თუმცა დაიჟინა, რომ ლეონარდოს დედა სინამდვილეში ნოტარიუს და ვინჩის მდიდარი კლიენტის ჩინეთიდან ჩამოყვანილი მონა ქალი იყო, რომელსაც მხოლოდ შეყვარებული პიეტრო ეძახდა კატარინას. მსგავსი დასკვნა მკვლევარმა ჩინეთში გატარებული რამდენიმე წლისა და ადგილობრივი ტრადიციების იტალიური აღორძინების ეპოქასთან კავშირის მოძიების შემდეგ გააკეთა, „ჯოკონდას“ აღმოსავლური ნაკვთების აღმოჩენით კი საკუთარი ვერსია გაამყარა და „ლეონარდოს ცნობილი ხელწერაც“ – მარჯვნიდან მარცხნივ წერის უნარიც აღმოსავლურ გენს მიაწერა.

„მონა ლიზა“ – მამაკაცის პორტრეტი

უსაზღვრო მოკრძალებისა და გრაციოზულობის მიუხედავად, მეცნიერები ხშირად აღნიშნავენ „მონა ლიზას“ მამაკაცურ ნაკვთებს და შეფარულ უხეშობას, რადგან სახე წარბებისა და წამწამების გარეშე ძალიან მიუგავს ახალგაზრდა მამაკაცს. მეტიც, ცნობილი მეცნიერის სილვანო ვინჩეტის მტკიცებით, ლეონარდოსთვის არა ქალბატონი, არამედ მისივე შეგირდი – ქალის სამოსში გამოწყობილი სალაი (ჯან ჯაკომო კაპროტი და ორენო) პოზირებდა. ერთი შეხედვით უცნაური დასკვნა, ვინჩეტიმ მოდელის გარეგნული მსგავსებისა და იდენტური ღიმილის წყალობით გააკეთა.

ამავე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს მოდელისა და მხატვრის ის განსაკუთრებული ურთიერთობაც, რაზეც ვაზარიც მიანიშნებდა, მით უფრო, რომ მამხილებელი დოკუმენტიც არსებობს, რომელიც მხატვარს საკუთარ შეგირდთან სოდომიაში ადანაშაულებს. აქტიურად განიხილავდა ლეონარდოს ჰომოსექსუალობას ზიგმუნდ ფროიდიც, რომელმაც საკუთარი მოსაზრება მხატვრის ბიოგრაფიის და დღიურების ფსიქიატრიული ანალიზით გაამყარა. მეტიც, არსებობს ვერსია, თითქოს „ჯოკონდას“ პორტრეტი ლეონარდომ სწორედ სალაის უსახსოვრა, მან კი, მასწავლებლის ძღვენი ფრანსუა პირველს მიჰყიდა იმ პერიოდში ასტრონომიულ თანხად – 4 ათას ეკიუდ.

„ჯოკონდა“ – და ვინჩის ავტოპორტრეტი

კიდევ ერთი, ზიგმუნდ ფროიდის საკმაოდ გავრცელებული ვერსია – თითქოს „მონა ლიზა“ მხატვრის ავტოპორტრეტია, ნიუ-იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლის მხატვარმა და გრაფიკოსმა ლილიან შვარცმა დაადასტურა, როცა ხანდაზმული და ვინჩის „ტურინული ავტოპორტრეტი“ მონა ლიზას შეადარა და პრაქტიკულად იდენტური სახის პროპორცია, თავის ფორმა, შუბლი და თვალებს შორის დაშორება აღმოაჩინა.

შედევრი დაუნის სინდრომით

საკუთარი, აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა ბრიტანული ფოტოგრაფიის ფუძემდებელმა უილიამ ჰენრი ფოქს ტალბოტმა, რომელმაც „პროფილში შებრუნებულ“ „მონა ლიზას“ დაუნის სინდრომი დაუდგინა. უცნაურია, მაგრამ ფოტოგრაფის მოსაზრება დაადასტურა დანიელმა ექიმმა ფინ ბეკერ-ქრისტიანსონმაც, რომელიც წინამორბედს არ ჩამორჩა და საბრალო „ჯოკონდას“ სახის თანდაყოლილი დამბლის დიაგნოზი დაუსვა, მისი ასიმეტრიული ღიმილი კი, ფსიქიკურ გადახრას, სავარაუდოდ ოლიგოფრენიას მიაწერა.

ფრანგმა სკულპტორმა ლუი როშემ კი, „მონა ლიზას“ მარმარილოში გამოჭრა მოინდომა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, რადგან მოდელი არასწორად აღმოჩნდა „აწყობილი“. შეწუხებულმა მოქანდაკემ ფიზიოლოგს, პროფესორ ანრი გრეპოს მიმართა, რომელმაც მიკროქირურგიის სპეციალისტთან ჟან-ჟაკ კონტესთან ერთად დაასკვნა, რომ ფლორენციელ ქალბატონს არა მხოლოდ ცალი ხელი ჰქონდა მეორეზე მოკლე, არამედ სრულად იყო მარჯვენა მხარეს პარალიზებული, მისი იდუმალი ღიმილი კი, მხოლოდ ხანგრძლივი კრუნჩხვის შედეგი აღმოჩნდა.

„მონა ლიზასთვის“ მოიცალა არგენტინელმა გინეკოლოგმა ხულიო კრუს-ერმიდამაც, რომელმაც იმდენად შემზარავი „სამედიცინო ბარათი“ შექმნა საკუთარ წიგნში „ექიმის თვალით დანახული ჯოკონდა“, რომ თვითონაც შეშფოთდა, რადგან ანამნეზის თანახმად, „მონა ლიზა“ არა მხოლოდ ალოპეციით (თმის ცვენით), სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონით და ალკოჰოლიზმით, არამედ პარკინსონით, ასთმით და მარჯვენა ხელზე ლიპომით (კეთილთვისებიანი ცხიმოვანი სიმსივნით), სიელმით, კატარაქტით და თვალის გარსის ჰეტეროქრომიით (სხვადასხვა ფერის თვალებით) იტანჯებოდა.

იკონოგრაფია

მოსაზრება, თითქოს მონა ლიზას პორტრეტი სინამდვილეში ღვთისმშობლის ხატია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ვერსიაა, რომელმაც და ვინჩი „გენიალურ რევოლუციონერად“, მისი შედევრი კი, ფერწერაში ახალი ერის სიმბოლოდ აქცია. აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების მხატვრები მხოლოდ ეკლესიას, ხელისუფლებას,  დიდგვაროვნებს ემსახურებოდნენ და მათივე კანონებით ქმნიდნენ საკუთარ ნამუშევრებს, ლეონარდომ კი, პირველმა გაბედა წესების დარღვევა და ხმამაღლა განაცხადა, რომ მთავარი და ყველაზე ფასეული მხატვრის ჩანაფიქრი, მისი ხედვა და აღქმა იყო, რაც მიწიერისა და ღვთაებრივის გაერთიანებით გადმოსცა „მონა ლიზას“ პორტრეტით.

საიდუმლო სიმბოლოები

„მონა ლიზასა“ და ლეონარდოს საიდუმლო სიმბოლოებით კონსპიროლოგებთან ერთად მკვლევარებიც ხშირად ინტერესდებიან, რადგან მათი აზრით, ბრწყინვალე ინჟინერმა, გამომგონებელმა და მეცნიერმა, რომლის ფანტასტიკური იდეები მხოლოდ საუკუნეების შემდეგ განხორციელდა, სამყაროს მთავარი საიდუმლოც საკუთარ ნამუშევრებში დაშიფრა. მსგავსი ვერსია ჯერ დენ ბრაუნმა გამოთქვა საკუთარ რომანში, მერე რონ ჰოვარდმა ფილმში „და ვინჩის კოდი“, მეცნიერებმა კი, მათი მოსაზრებები გაითვალისწინეს და გასული საუკუნეების კვლევები ახალ ასწლეულში გააგრძელეს.

ლეონარდო – 3D-ს შემქმნელი

როგორც ჩანს, დღეს უკვე პოპულარული 3D-გამოსახულება, ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში არსებობდა და რა თქმა უნდა და ვინჩის ეკუთვნოდა, რომელმაც ორიგინალური ეფექტი განსაკუთრებული ფერწერული ტექნიკის – სფუმატოს გამოყენებით ანუ ტილოზე საღებავის რამდენიმე ფენის დადებით და მკაფიო კონტურების შერბილება-გაბუნდოვნებით მიიღო, ჰაეროვანი პერსპექტივის და მონა ლიზას ტუჩის, თვალების გარშემო ჩრდილების დატანით კი, როცა სხვადასხვა რაკურსიდან შუქი განსხვავებულად აირეკლება და იფანტება, მუდმივად ცვალებადი სახის გამომეტყველება შექმნა. როგორც ჩანს, მოუხელთებელი ღიმილი, სინამდვილეში მხოლოდ ფერებისა და ტონების შერწყმით მიღებული ოპტიკური ილუზიაა, რომელსაც ადამიანის პერიფერიული მხედველობა აღიქვამს, ამიტომ „ჯოკონდას“ ტუჩის ზევით ყურებისას ღიმილი ჩნდება, მზერის ტუჩზე გადატანით კი, მაშინვე ქრება.

მართალია, ფლორენციელი ქალბატონის საიდუმლოს, მეცნიერებმა ბევრჯერ მოუძებნეს ამოხსნა, მაგრამ შეთქმულების თეორიების მოყვარულები დღესაც აგრძელებენ კვლევას და ვარაუდების გამოთქმას, თავად „ჯოკონდა“ კი, მოთმინებით ისმენს „ჭორებს“ საკუთარ თავზე და ჩვეული, თითქოს შემპარავი, ცოტა ირონიული ღიმილით უღიმის ყველას.

წყარო: იმედნიუსი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი