სამშაბათი, მაისი 20, 2025
spot_img
მთავარიგანათლებამარეხის ამბავი - საოჯახო სასტუმრო გურიაში და ქალი დიდი გეგმებით

მარეხის ამბავი – საოჯახო სასტუმრო გურიაში და ქალი დიდი გეგმებით

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული ქალების ისტორიებს პატარა ფილმებად იღებს და ამით სხვა ქალებს აძლევს მოტივაციას, თავადაც წამოიწყონ საკუთარი საქმე.

ორგანიზაციამ „ქალთა ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უკვე გადაიღო 6 ვიდეოისტორია და რადგან ვიდეობმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ახალი ამბების და ისტორიების მოძიება უკვე სხვა პროექტის ფარგლებში გაგრძელდა. ამჯერად ვიდეო ისტორიის გმირი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრები მარეხ ბუწურაძეა. მარეხი საოჯახო სასტუმროს ბიზნესს უძღვება.

მარეხის სახლიდან ულამაზესი ხედები მოჩანს, რაც როგორც თავად ამბობს, მისი ბიზნესის ერთ-ერთი ინსპირაცია გახდა.

„ჩვენი სახლის მდებარეობა და გარემო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქაურობა ტურისტულად მიმზიდველ ადგილად ვაქციოთ. აქედან კარგად მოჩანს შემოქმედის ეპარქია, ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს შეგვიძლია შევთავაზოთ ნებისმიერი მარშრუტი, მაგალითად შეგვიძლია გომის მთაზე ავიყვანოთ, დავათვალიერებონოთ საკუთარი სახლის მეორე სართულზე გვაქვს საძინებლები, სადაც შეგვიძლია ერთბაშად 15 სტუმარი მივიღოთ“ – ამბობს მარეხი.

როგორც ის ჰყვება, სტუმრებს მის პატარა სასტუმროში გამორჩეულად საყვარელი ადგილიც აქვთ.

„ეს არის ჩვენი ბუხარი, სადაც სტუმრებს განსაკუთრებულად უყვართ ყოფნა ზამთარშიც და ზაფხულშიც, რადგან გურულ სამზარეულოს უხდება ბუხარში მომზადებული კერძები.“ – სიამაყით ამბობს სასტუმროს დიასახლისი.

მარეხს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.

„ჩვენი პატარა საოჯახო ბიზნესი პერსპექტიულია. გვინდა შევქმნათ ჩვენი ბრენდი და ყველაფერს, რასაც აქ ხედავთ – სასტუმრო სახლი თუ საუნა, დავარქვათ „ბუწუ“, რადგან ჩემი მეუღლის გვარი ბუწურაძეა.

ბუწუ დაერქმევა ჩვენს მარანს, რომელიც სამომავლოდ მინდა გავაკეთო. აქ მჭირდება სწორედ დახმარება და ესაა მიზეზი, რის გამოც ჩავერთე პროექტში „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“. მინდა, რომ მეტი ინფორმაცია მქონდეს იმ პროექტების შესახებ, რომელიც საოჯახო ბიზნესის გაფართოებასა და მარნის აშენებაში დამეხმარება“ – გვიზიარებს საკუთარ გეგმებს მარეხი.

ვიდეოისტორიები პროექტის – „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით და „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ ახორციელებს.

READ  16 წლის სოხუმელი, ნიკა კვირკველია „წიგნების თაროში“ რეკორდს ამყარებს: „1 წუთში გაცემული 26 სწორი პასუხი – საუკეთესო შედეგი ბლიცების ისტორიაში…“

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი