არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული ქალების ისტორიებს პატარა ფილმებად იღებს და ამით სხვა ქალებს აძლევს მოტივაციას, თავადაც წამოიწყონ საკუთარი საქმე. ორგანიზაციამ „ქალთა ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უკვე გადაიღო 6 ვიდეოისტორია და რადგან ვიდეობმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ახალი ამბების და ისტორიების მოძიება უკვე სხვა პროექტის ფარგლებში გაგრძელდა. ამჯერად ვიდეო ისტორიის გმირი მირანდა ვანიძეა.
„მე ვარ მირონისე ვანიძე, მირანდა ჩემი ფსევდონიმია. პროფესიით მხატვარი ვარ. ვმუშაობ სამხატვრო სკოლაში მასწავლებლად. როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ, გვქონდა საოჯახო მარიონეტების თეატრი. ვწერდით სცენარებს, ვკერავდით ნარჩენი ნივთებისგან პატარა მარიონეტებს და ასე ნელ-ნელა, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ეს ჩვენი პატარა საოჯახო მარიონეტების თეატრი და მიიღო რაღაც სერიოზული სახე, რომელიც შემდგომ პროფესიად გვექცა, რადგან თითოეულმა სპექტაკლმა რაღაც პატარ-პატარა წარმატებები მოგვიტანა“ – ჰყვება მირანდა საკუთარ ისტორიას.
მირანდას იმედი აქვს, რომ მისი წამოწყება გაფართოვდება და საოჯახო მარიონეტების თეატრით სკოლები დაინტერესდებიან.
„ჩემი პატარა საოჯახო ბიზნსესის გაფართოებისთვს მნიშვნელოვანია ასევე თავად მეც შევიძინო საჭირო უნარები, მნიშვნელოვანია ვიცოდე, როგორ დავწერო პროექტი და როგორ მოვიპოვო დაფინანსება, რომელიც საოჯახო მარიონეტების თეატრის განვითარებაში დამეხმარება. სწორედ ამიტომ ჩავერთე პროექტში „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“. იმედი მაქვს, აქ შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვენები და თეორიული ცოდნა დამეხმარება ჩემი საყვარელი საქმის პოპულარიზაციაში“ – ამბობს მირანდა ვანიძე.
ცოტა ხნის წინ მირანდამ თავის სახლოსნოში ქალებისთვის მასტერკლასი ჩაატარა და მათ თოჯინების დამზადების ტექნიკა გაუზიარა.
ვიდეოისტორიები პროექტის – „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად – აქტივიზმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით და „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები