მმართველობის ფორმა – ის პოლიტიკური ცნებაა, რომელიც ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების სისტემას, მათი ფორმირების წესსა და სტრუქტურას, მოქმედების ვადასა და კომპეტენციას, ასევე ამ ორგანოების ერთმანეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთქმედების წესსა და მათ შექმნაში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს გულისხმობს. არასწორია მმართველობის ფორმის გაიგივება სახელმწიფო წყობასა და მის პოლიტიკურ რეჟიმთან, რადგან სინამდვილეში, სწორედ ამგვარი მახასიათებლების ერთობლიობა განსაზღვრავს სახელმწიფოს სტატუსს.
იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით ქვეყნები ფედერაციულ და უნიტარულ სახელმწიფოებად იყოფიან, პოლიტიკური წყობით კი – დემოკრატიულ, ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს წარმოადგენენ, მაშინ მმართველობის ფორმით მხოლოდ რესპუბლიკებად და მონარქიებად იყოფიან.
პირველი რესპუბლიკა
მართალია, მონარქია მმართველობის უძველესი ფორმაა, მაგრამ არც რესპუბლიკის ცნებაა ახალი. ლათინური სიტყვა, რომელიც “საერთო საქმეს” ნიშნავს, პირველად უძველესმა რომაელებმა გამოიყენეს, როცა უკანასკნელი რექსის ტარკვინიუს ამაყის დამხობის შემდეგ თავად გადაწყვიტეს ხელისუფლების არჩევა და დაადგინეს, რომ მათ მმართველები კოლექტიური ორგანოები – სენატი და სახალხო კრება (თანამედროვე პარლამენტის პროტოტიპები), სახელმწიფოს მეთაური კი, არა მონარქი, არამედ ორი კონსული იქნებოდა, რომელთაც ყოველ წელს აირჩევდნენ. სწორედ ერთპიროვნული მმართველობის გაუქმებით, ხელისუფალთა და მაგისტრატთა მონაცვლეობის პრინციპის დამკვიდრებით შეიქმნა რომის პირველი რესპუბლიკა.
XVIII საუკუნის ბოლოს მმართველობის მსგავსი სისტემა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, სადაც მონარქის ძალაუფლება კანონით ან სპეციალურად არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შეიზღუდა, ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის მონარქისტული ესპანეთის მმართველობისგან გათავისუფლებულ ნიდერლანდებსა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამარჯვებულ შეერთებულ შტატებს კი, იძულებით მოუწიათ მმართველობის რესპუბლიკურ ფორმაზე გადასვლა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა რესპუბლიკის თანამედროვე კონცეფცია, რომელიც ხალხის წარმომადგენლობითობის, ძალაუფლების დამოუკიდებელ სფეროებად დაყოფის, ხელისუფალთა არჩევითობისა და მონაცვლეობის პრინციპს დაეფუძნა.
საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკა
მოგვიანებით, რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებში, რომლებიც არა მხოლოდ მონარქიებისგან, არამედ ერთმანეთისგანაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ, მმართველობის სხვადასხვა – საპრეზიდენტო, საპარლამენტო და შერეული რესპუბლიკის ფორმა განისაზღვრა. საპრეზიდენტო რესპუბლიკის კლასიკურ მაგალითს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს, სადაც პირველად გამოიყენეს პრეზიდენტის ცნება, როცა ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა ქვეყანას სათავეში და სწორედ ის გახდა პირველი პრეზიდენტი. მართალია, თავიდან პრეზიდენტის უფლებამოსილება უვადო იყო, მაგრამ მოგვიანებით ყოველ ოთხ წელიწადში და მხოლოდ ორი ვადით არჩევის პრინციპი დამკვიდრდა. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს ხელმძღვანელობს და თვითონ აყალიბებს მთავრობას, ხელისუფლების სხვა შტოებს კი, დამოუკიდებელი ორგანოები – ორპალატიანი პარლამენტი (ანუ კონგრესი) და სასამართლოები წარმოადგენენ, რომელთა ფუნქციები მკაცრადაა გაწერილი.
აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნეში იმ ლათინოამერიკულმა ქვეყნებმა, რომელთაც სწორედ შეერთებული შტატების კონსტიტუცია მიიჩნიეს ეტალონად, თვითონაც სცადეს საპრეზიდენტო მმართველობის დამკვიდრება, თუმცა მცდელობამ არ გაამართლა, რადგან სუსტი დემოკრატიის ფონზე ხელისუფლების გამიჯვნის პრინციპი დაირღვა. ლათინოამერიკელმა პრეზიდენტებმა მმართველობის ყველა სფერო დაიმორჩილეს და არა უბრალოდ საპრეზიდენტო, არამედ სუპერ-საპრეზიდენტო რესპუბლიკები შექმნეს, სადაც მათი ძალაუფლება სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროზე გავრცელდა.
განსხვავებული რესპუბლიკური ტრადიცია განვითარდა ევროპაში. მართალია, თავიდან ზოგიერთმა ქვეყანამ ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნა მოინდომა, მაგრამ არც მათ გაუმართლათ, რადგან პრაქტიკულად ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო ავტორიტარიზმისგან თავის დაღწევა და ძალაუფლებაზე უარის თქმა. მაგალითად, 1848 წლის გადატრიალების შემდეგ საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა შეიქმნა პრეზიდენტის თანამდებობით, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილმა – შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტმა დაიკავა. მართალია, ხალხის მიერ არჩეულმა ნაპოლეონ III-მ საჯაროდ დადო პირობა, რომ ოთხი წლის შემდეგ მემკვიდრეს გადასცემდა ძალაუფლებას, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო, ბიძის გამოცდილება გაიზიარა და ჯერ რესპუბლიკა გააუქმა, მერე საკუთარი თავი გამოაცხადა იმპერატორად.
აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო მეზობელ ბრიტანეთში, სადაც სამეფო ძალაუფლება წარმომადგენლობით ფუნქციამდე შეიზღუდა, სახელმწიფოს მართვა კი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ შექმნილმა მთავრობამ ჩაიბარა. მდიდარი და განვითარებული ბრიტანეთის გამოცდილება სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად იქცა, სადაც მსგავსი მოდელი რესპუბლიკურ მმართველობას დაეფუძნა, მონარქის ნაცვლად კი, პრეზიდენტის პოსტი დამკვიდრდა მაქსიმალურად შეზღუდული უფლებამოსილებებით.
სწორედ ამგვარ მოდელს ეწოდა საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელშიც პრეზიდენტი უბრალოდ სახელმწიფოს მეთაურია და არა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მთავრობას კი, საპარლამენტო უმრავლესობა აყალიბებს, ამიტომ პასუხისმგებელიც მხოლოდ მის წინაშეა. პარლამენტი ან დეპუტატთა და რეგიონული თვითმმართველობის წარმომადგენელთა კოლეგია ირჩევს პრეზიდენტსაც, რომლის უფლებამოსილება მხოლოდ წარმომადგენლობითი და ცერემონიალურია.
პრეზიდენტები შეზღუდული უფლებამოსილებებით
საპარლამენტო რესპუბლიკის კლასიკური მოდელი მოქმედებს იტალიაში, გერმანიასა და ავსტრიაში, რომელთა გამოცდილება ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა.
სერჯო მატარელა – იტალიის პრეზიდენტი
მართალია, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს – 2015 წელს არჩეულ სერჯო მატარელას 7 წლის შემდეგ ამოეწურა მმართველობის ვადა, მაგრამ 2022 წელს, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩიხში შესვლისა და უშედეგოდ გამართული შვიდი ტურის შემდეგ, 759 ხმით ამომრჩეველთა კოლეგიამ ისევ 80 წლის მატარელა აირჩია, რომელმაც მეორედ ჩაიბარა პრეზიდენტის პოსტი.
აღსანიშნავია, რომ 1947 წლიდან იტალიის პრეზიდენტს ამომრჩეველთა სპეციალური კოლეგია ირჩევს იტალიის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა და ქვეყნის 20 რეგიონის წარმომადგენელთა შემადგენლობით, პრეზიდენტობა კი, 50 წელს მიღწეულ ნებისმიერ იტალიელს შეუძლია, ვინც სრულად ფლობს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.
იტალიის პრეზიდენტი, რომელიც ეროვნულ ერთობას განასახიერებს, სახელმწიფოს მეთაური და იტალიის კონსტიტუციის გარანტია, შეიარაღებულ ძალებს მთავარსარდლობს და თავდაცვის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს, მხოლოდ სახელმწიფო ღალატის ან კონსტიტუციაზე თავდასხმის შემთხვევაში აგებს პასუხს კანონის წინაშე, როცა პალატების ერთობლივ სხდომაზე აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით გადაეცემა სასამართლოს.
იცხაკ ჰერცოგი – ისრაელის პრეზიდენტი
მეტწილად წარმომადგენლობით და ცერემონიალურ ფუნქციას ასრულებს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი, რადგან ქვეყნის მართვა მთავრობის მეთაურის უფლებამოსილებაა. ჰერცოგი, რომელმაც 2021 წელს, მხოლოდ ერთი ვადით ჩაიბარა პრეზიდენტის პოსტი, ქნესეთის მიერ იქნა არჩეული 7 წლით.
ისრაელის პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნუსხაშია ქნესეთის მიერ მიღებული კანონების დადასტურება, საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოწერა და უცხო ქვეყნის ელჩებისგან რწმუნებათა სიგელების მიღება, მოსამართლეების, ისრაელის ელჩების, კონსულებისა და სხვა თანამდებობის პირების დანიშვნა, თუმცა ამგვარი ფუნქციაც ცერემონიალური ხასიათისაა, რადგან პრეზიდენტი მხოლოდ მთავრობის მეთაურის ან მინისტრის მიერ ვიზირებულ დოკუმენტს აწერს ხელს (მთავრობის ფორმირებასა და ქნესეთის დათხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოკლებით). ამასთანავე, პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს მსჯავრდებული ან შეამციროს სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის ვადა. სხვათა შორის, ისრაელის ნებისმიერ მსჯავრდებულს (განურჩევლად დანაშაულის სიმძიმისა) შეუძლია ცხოვრებაში ერთხელ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
კატერინა საკელაროპულუ – საბერძნეთის პრეზიდენტი
წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუც, რომელიც 2020 წლის მარტში, სპეციალურად მოწყობილ სესიაზე აირჩია ქვეყნის პარლამენტმა 5 წლით.
მართალია, საბერძნეთის პრეზიდენტი, რომლის ვადის გაგრძელება მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ან ახალი პრეზიდენტის დროულად ვერ არჩევის შემთხვევაშია შესაძლებელი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ფუნქციასაც ასრულებს, მაგრამ მეტწილად მაინც ქვეყანას წარადგენს საერთაშორისო დონეზე, აწყობს შეხვედრებს ელჩებთან და აწერს ხელს შეთანხმებებს, თუმცა არ აქვს ვეტოს გამოყენების და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – გერმანიის პრეზიდენტი
ბუნდესპრეზიდენტს ფედერალურ ასამბლეაში გაერთიანებული ბუნდესტაგისა და ლანდტაგების დელეგატები ირჩევენ 5 წლითა და საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების მხოლოდ ერთი შესაძლებლობით. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს არც ბუნდესტაგის, არც ლანდტაგის (მხარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს) წევრობის უფლება არ აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მისი პოსტიდან გათავისუფლება თუ ის შეგნებულად დაარღვევს ფედერალურ კანონს ან კონსტიტუციას.
2017 წელს პრეზიდენტის თანამდებობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩაიბარა, რომელმაც ფედერალური მოსამართლეების, სამხედრო მოსამსახურეების – ოფიცრების და უნტერ-ოფიცრების დანიშვნასა და განთავისუფლების უფლებასთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო არენაზე წარდგენის, უცხოელი ელჩების მიღების, საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმებისა და მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებაც მიიღო. მართალია, შტაინმაიერი თავისუფალია პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, მაგრამ არც დამოუკიდებლად მოქმედების უფლება აქვს, რადგან მისი ნებისმიერი განკარგულება ფედერალური კანცლერის ან კომპეტენტური ფედერალური მინისტრის ხელმოწერით უნდა იქნას გამყარებული.
დრაფადი მურმუ – ინდოეთის პრეზიდენტი
ინდოეთის პრეზიდენტი ანუ რაშტრაპატი – ინდოეთის რესპუბლიკის მეთაური, ქვეყნის პირველი მოქალაქე და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. მართალია, კონსტიტუციით პრეზიდენტს სოლიდური ძალაუფლება აქვს, მაგრამ სინამდვილეში, იშვიათი გამონაკლისის გარდა უფლებამოსილებათა უმეტესობას მაინც ინდოეთის მთავრობა ახორციელებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
ინდოეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა დრაფადი მურმუმ, რომელიც 2022 წელს აირჩია ფედერალური პარლამენტის ორივე პალატის და ვიდჰან საბჰას (ქვეყნის ტერიტორიებისა და შტატების საკანონმდებლო ასამბლეის ქვედა პალატის) წევრთაგან შემდგარმა ამომრჩეველთა კოლეგიამ, წარმომადგენლობითი სტატუსი შეიძინა და მხოლოდ სამთავრობო დადგენილებების ფორმალურად დამტკიცების, შტატების საკანონმდებლო საბჭოს დათხოვნისა და მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება მიიღო, თუმცა ისიც მხოლოდ მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაში, რადგან სიკვდილმისჯილთა შეწყალების უფლება მხოლოდ უზენაეს სასამართლოს აქვს.
ტამაშ შუიოკი – უნგრეთის პრეზიდენტი
უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტიც მეტწილად ცერემონიალურ ფუნქციას ასრულებს, რადგან რეალურ ძალაუფლებას მთავრობა, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრი ფლობს. 2011 წლიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მეთაური ერის ერთობას განასახიერებს და სახელმწიფო ორგანოების მიერ დემოკრატიული ნორმების შესრულებას აკონტროლებს. მართალია, პრეზიდენტს გარკვეული უფლებები და მოვალეობები აქვს, მაგრამ უმეტესობას მხოლოდ მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 35 წლის ასაკს მიღწეულ უნგრეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ვინც ნაციონალური საბჭოს სულ მცირე ერთი მეხუთედის მხარდაჭერას მოიპოვებს.
2024 წლის მარტში უნგრეთს სათავეში ტამაშ შუიოკი ჩაუდგა, რომელიც ფარული კენჭისყრით აირჩია პარლამენტმა 5 წლით და მეორედ არჩევის მხოლოდ ერთი შესაძლებლობით. შუიოკის უფლებამოსილებათა შორისაა კანონპროექტებზე მუშაობა და სახელმწიფო დონეზე რეფერენდუმის ჩატარების შეთავაზება, მოსამართლეების, საბიუჯეტო საბჭოს ხელმძღვანელის და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის დანიშვნა, საპარლამენტო, რეგიონული არჩევნების და ევროპარლამენტში არჩევნების დანიშვნა, თუმცა, მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება მინისტრების, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელთა დასანიშნად.
მართალია, პრეზიდენტი პირადი ხელშეუხებლობით სარგებლობს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მის წინააღმდეგ კი, მხოლოდ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ შეიძლება, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევის ან მოვალეობის შესრულების დროს შეგნებულად დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ეროვნული საბჭოს ერთ მეხუთედს კოლეგების ერთი მესამედის მხარდაჭერით მაინც შეუძლია იმპიჩმენტის ინიციირება.
ტაიე აცკე-სელასიე – ეთიოპიის პრეზიდენტი
ეთიოპიაში პრეზიდენტის პოსტი 1987 წლის სამხედრო გადატრიალებისა და მონარქიის გაუქმების შემდეგ დამკვიდრდა, როცა პროკომუნისტურმა ძალებმა ახალი კონსტიტუცია მიიღეს და ეთიოპია ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადეს. მართალია, ეთიოპიის პირველმა პრეზიდენტმა მენგისთუ ჰაილე მარიამმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა ქვეყნის მართვა, მაგრამ 1991 წელს მისი ავტორიტარული რეჟიმი დაემხო, ოთხი წლის შემდეგ კი, ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, რომელმაც მმართველობის ახალი ფორმა განსაზღვრა.
დღეს ეთიოპია, რომელსაც ახლად არჩეული (2024 წლის 7 ოქტომბერს) პრეზიდენტი ტაიე აცკე-სელასიე უდგას სათავეში, საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტს კი, რომელსაც 6 წლით ირჩევს პარლამენტი, იმდენად შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, რომ მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რეალურ მმართველობას კი, პრემიერ-მინისტრი ახორციელებს.
პეტერ პაველი – ჩეხეთის პრეზიდენტი
საპარლამენტო რესპუბლიკად ჩეხეთი 1993 წელს ამოქმედებული კონსტიტუციით განისაზღვრა, როცა ქვეყნის მეთაურის უფლებამოსილებებიც მნიშვნელოვნად შეიზღუდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტს ჩეხეთის ორპალატიანი პარლამენტი ირჩევდა, პრეზიდენტობის კანდიდატს კი, ორივე პალატის წარმომადგენელთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა წამყვანი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების მოთხოვნით, პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალა და 2013 წელს, ქვეყნის ძირითად კანონში შესწორების შეტანიდან ერთი წლის შემდეგ, ჩეხებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა საერთო სახალხო არჩევნებში და პრეზიდენტის პოსტზე მილოშ ზემანი აირჩიეს.
პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 5 წლით არჩეულმა ზემანმა მეორედაც შეძლო არჩევნებში გამარჯვება, 2023 წელს კი, პოსტი პეტერ პაველს გადაულოცა, რომელმაც ჩეხეთის საერთაშორისო არენაზე წარდგენის უფლებასთან ერთად, შეიარაღებული ჯარების მთავარსარდლობაც სიამოვნებით ჩაიბარა, მით უფრო, რომ 2012-2015 წლებში ჩეხეთის რეგულარული არმიის გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა, 2015-2018 წლებში კი, ნატოს სამხედრო კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
პეტერ პელეგრინი – სლოვაკეთის პრეზიდენტი
მართალია, სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი, რომელიც 2024 წლის ივნისში შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით აირჩეს სლოვაკებმა 5 წლის ვადით, მაგრამ მისი უფლებამოსილება მაინც მნიშვნელოვნადაა შეზღუდული და მეტწილად ცერემონიალურ ხასიათს ატარებს.
პელეგრინის მოვალეობად ითვლება პრემიერ-მინისტრის, სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირთა, მათ შორის გენერალთა და პროკურორთა, საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლისა და სასამართლო საბჭოს სამი წევრის დანიშვნა, მის კომპეტენციაშია ამნისტიის გამოცხადება, მსჯავრდებულთა შეწყალება და ვადამდე გათავისუფლება, თუმცა, მხოლოდ იუსტიციის მინისტრის რეკომენდაციით. მართალია, პრეზიდენტს ნებისმიერ კანონპროექტსა და ეროვნული საბჭოს წინადადებაზე ვეტოს გამოყენების უფლება აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოკლებით, მაგრამ ეროვნულ საბჭოს მისი ვეტოს დაძლევაც შეუძლია თუ კანონპროექტს დაუბრუნდება და საბჭოს წევრთა უმრავლესობით მოიწონებს.
ალექსანდრ ვან დერ ბელენი – ავსტრიის პრეზიდენტი
კოლეგა პრეზიდენტების მსგავსად შეზღუდული უფლებამოსილებებით სარგებლობს ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდრ ვან დერ ბელენიც, რომელმაც 2017 წელს ჩაიბარა ქვეყნის მეთაურობა და საკუთარ თავზე აიღო ავსტრიის როგორც საშინაო, ისე საგარეო წარმომადგენლობის, უცხოელი ელჩების მიღების, ავსტრიის ელჩების დანიშვნისა და პოსტიდან გათავისუფლების, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმების, სამხედრო და პროფესიული წოდებების მინიჭებისა და მსჯავრდებულთა შეწყალების მოვალეობა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიის პრეზიდენტს, რომელსაც თანამდებობა ათავისუფლებს პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, ქვეყნის მოსახლეობა 6 წლის ვადით ირჩევს 2-ტურიანი არჩევნებისა და ფარული მეორე ტურის წესით. მართალია, მეორე ვადით არჩევისას ავსტრიის არცერთი პრეზიდენტი არ დამარცხებულა, მაგრამ კურტ ვალდჰაიმმა, რომელიც 1986 წელს გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, 1992 წელს თავად თქვა უარი საკუთარი კანდიდატურის მეორედ წამოყენებაზე.
მაია სანდუ – მოლდოვის პრეზიდენტი
ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი – სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული დამოუკიდებლობის, ერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება 40 წელს მიღწეულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ვინც სულ მცირე 10 წელია ცხოვრობს ქვეყანაში და სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას.
პრეზიდენტს ქვეყნის მოსახლეობა ირჩევს საყოველთაო არჩევნების წესით, გამარჯვებულად კი, ის კანდიდატი ითვლება, ვინც ხმების ნახევარზე მეტს (50% + 1 ხმას) დააგროვებს. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ხმების საჭირო რაოდენობის მიღებას, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველ ტურში დაწინაურებული ორი კანდიდატის მონაწილეობით, საბოლოოდ კი, ის იმარჯვებს, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ნამდვილობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, გამარჯვებული კანდიდატი კი, პრეზიდენტის ფიცს დებს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არჩევნებში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 45 დღისა.
ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოლდოვაში 20 ოქტომბერს გაიმართა, მეორე ტური კი, 3 ნოემბერს ჩატარდა, რადგან პირველი მცდელობით ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტის დაგროვება, მეორე ტურში კი, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, რომელიც მოლდოვას დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი ქალი გახდა პრეზიდენტის პოსტზე.
საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, მართალია, მეორე ტური ეფექტურად და პროფესიონალურად იყო ორგანიზებული, რამაც ამომრჩეველს საკუთარი ნების გამოხატვისა და არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა, მაგრამ მაინც დაფიქსირდა უცხოური ჩარევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები. სანდუს ინაუგურაცია, რომელმაც ხმათა 55,33%-ით დაამარცხა მთავარი კონკურენტი, სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ალექსანდრე სტოიანოგლო, 24 დეკემბერს გაიმართა კიშინიოვში, რესპუბლიკის სასახლეში. პრეზიდენტმა ფიცი დადო და აღნიშნა, რომ ძალას და ცოდნას არ დაიშურებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, დაიცავს მის სუვერენიტეტს, ერთობას და ტერიტორიულ მთლიანობას, კონსტიტუციასა და კანონებს, დემოკრატიის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოს არჩეული პრეზიდენტი
300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის აბსოლუტური უმრავლესობის – 224 წევრის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება პარლამენტის სასახლის სხდომათა დარბაზში. ცერემონიას, რომელშიც საარჩევნო კოლეგიის წევრები, საკრებულოს და მთავრობის, კონსტიტუციური ორგანოებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპიაშვილი გაუძღვება.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ახალი წესით (არა მოქალაქეების, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ) არჩეული პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, მის კომპეტენციაშია საქართველოს წარდგენაც საგარეო ურთიერთობებში.
გარდა ამისა, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შორისაა: მთავრობის თანხმობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება, სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღება; მთავრობის წარდგინებით საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა; საქართველოს სახელმწიფოს სახელით კონსტიტუციური შეთანხმების დადება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან; პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში მონაწილეობა; მთავრობის წარდგინებით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა, ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების შეწყვეტა; მსჯავრდებულთა შეწყალება; სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების კანონით დადგენილი წესით მინიჭება.
პრეზიდენტი უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს ან შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა თუ მისი მოქმედებით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას; მისსავე კომპეტენციაშია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმის დანიშვნა კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში (იკრძალება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა ან შეწყალებისთვის, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისა ან დენონსირებისთვის, ასევე იმ საკითხზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებს).
ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უფლებამოსილია მიმართოს ხალხს, წელიწადში ერთხელ წარუდგენს პარლამენტს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.