ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ “კატეგორიულად ეთანხმება უფასო კვებას სკოლაში”, რადგან ბავშვობის ასაკში საჭირო საკვები ნივთიერებების მიღების პროცესის დარღვევა ცუდ შედეგებს მოგვიანებით მოგვიტანს – განვითარებას შეუშლის ხელს.
საკუთარი არგუმენტებით მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა და სკოლაში უფასო კვების დანერგვის საკითხზე არსებულ კონტრარგუმენტებსაც გამოეხმაურა.
“გასაგები და ძალიან მარტივია, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვებმა განათლება უნდა მიიღონ და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა. მაგრამ, ზოგადად ვერ ვხვდები, ვინ დაობს, რომ მასწავლებლებს მაღალი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ და სკოლაში ინფრასტრუქტურა განვითარებული უნდა იყოს? ეს ორი საკითხი ერთმანეთს საერთოდ არ უშლის ხელს და კვების საკითხი რომ აუცილებლად დასალაგებელია გადაუდებლად, ესეც ფაქტია. დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვების ჯანმრთელობა სრულად დამოკიდებულია კვების რაციონზე. მერე ჩვენ რაც არ უნდა განვავითაროთ მათი განათლების სისტემა, მოვაწესრიგოთ მერხების ხარისხი და ა.შ, თუ ბავშვი ბავშვობის ასაკში ანუტრიციის მსხვერპლია, ანუ ვერ იღებს ნორმალურ მიკროელემენტებს და საკვებ ნივთიერებებს, ის ვერ განვითარდება და შემდეგ ეს დაღი მას მთელი ცხოვრება ზრდა-განვითარებასა და ინტელექტის ჩამოყალიბებაში დააჩნდება, ეს ნამდვილად ასეა”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადაცემაში ჩართვისას.
მისივე თქმით, თუ საკითხს ინფექციონისტის ჭრილში განვიხილავთ და ბავშვების ინფექციური დაავადებების მიმართ მიდრეკილებას შევხედავთ, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ბავშვების ამგვარი დაავადებები სწორედ მათი არასწორი ან არასრულყოფილი კვების ბრალია.
“ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადაუდებლად მოსაწესრიგებელი საკითხი, ეს არის კეთილი ნება, რომ ბავშვებს სკოლაში აჭამო. რა თქმა უნდა, არსებობს და დიდი პრობლემაა ასევე სკოლაში სველი წერტილების, კანალიზაციის საკითხი, ხელების დაბანის პრობლემა და საერთოდ არ მგონია, რომ დიდ თანხებზე შეიძლება იყოს აქ საუბარი, მოგვარება შეიძლება”, – აღნიშნა სპეციალისტმა.
მაია ბუწაშვილი ასევე შეეხო საკითხს, რით უნდა იკვებებოდეს მოსწავლე და რა საგანმანათლებლო გამოწვევებია ამ კუთხით საზოგადოებაში:
“გარდა იმისა, რომ ოჯახების დიდი ნაწილი ხელმოკლეა და შვილებს სათანადო კვებით ვერ უზრუნველყოფს, ჩვენთან მეორე პრობლემაც არის – ოჯახებს ბავშვების კვებაზე არასწორი შეხედულება აქვთ. სანამ ჩვენ აღვზრდით თაობას, სადაც გვეგონა, რომ ჩაი, კარაქიანი პური, თაფლი და მსგავსი რაღაცები აუცილებელია ბავშვისთვის… ჩვენ ვერ შევცვლით ამ მენტალიტეტს და ამიტომ, თუნდაც დღეში ერთხელ ბავშვმა ნორმალური რაციონით, სტანდარტიზებული საკვები რომ მიიღოს, ეს აუცილებელია მისი განვითარებისთვის. თუნდაც, მაგალითად, დასაწყისისთვის დაწყებით კლასებში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია კვება – პირველიდან მეოთხე კლასამდე. უამრავი ქვეყანა ამას აკეთებს, ეს რაციონები დადგენილია და უამრავი კვლევით დადასტურებული, ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ გადმოვიღოთ და დავნერგოთ ეს სისტემა”.
მასალის გამოყენების პირობები