“იმედის დღის” ეთერში ქეთი ასათიანის რუბრიკაში „დიეტა+“ ენდოკრინოლოგმა, პროფესორმა ელენე გიორგაძემ ისაუბრა.
„სიმსუქნე თავად არის დიაგნოზი. არ მგონია, ვინმეს სიმსუქნე ჯანმრთელობა ეგონოს. უბრალოდ, უნდათ, რომ ასე იყოს. მით უმეტეს, გარკვეულ პერიოდამდე ადამიანი ვერ გრძნობს ვერანაირ დისკომფორტს. აქვს წონა, მაგრამ ამბობს, რომ არ აწუხებს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ.
როგორც ფარისებრი ჯირკვლკის პრობლემის მქონე ადამიანი იკონტროლებს ჰორმონებს მუდმივად, ასეა სიმსუქნეც. ერთხელ დაკლების შემდეგ ადამიანმა მუდმივად უნდა აკონტროლოს წონა,“ – ამბობს ელენე გიორგაძე, რომელმაც წონის პრობლემის გახშირების მიზეზებზეც ისაუბრა.
„როცა სკოლაში ვსწავლობდი, კლასში მხოლოდ ერთი გოგონა იყო ზედმეტი კილოგრამებით. არც სასწორი ჰქონდა ვინმეს სახლში და ამ პრობლემაზე საერთოდ არავინ ლაპარაკობდა. ცხოვრების წესი სხვანაირი იყო, არ არსებობდა გაჯეტები და კომპიუტერი, რომლის წინაც დღეს მთელი დღე გაუნძრევლად ვსხედვართ. მე, პირადად, ყოველდღე ფეხით დავდივარ სამსახურში და დღეში 15 კილომეტრს გავდივარ. დავდივარ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მეშინია, არ დავდგე სიმსუქნის პრობლემის წინაშე. გავიხსენოთ, რა პრპოდუქტს ვიღებდით 30 წლის წინ და რა გვაქვს დღეს. უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რაც არ უნდა გააკეთონ ენდოკრინოლოგებმა, პრობლემა ვერ გადაიჭრება, სანამ ბრძოლას არ გამოვუცხადებთ სუპერმარკეტს და იმ კომერციას, რაც კვების სფეროში ხდება. დღეს უმეტესად ვიღებთ გენმოდიფიცირებულ საკვებს. არც წარწერა “BIO” გვიცავს ამისგან, რადგან არც ისაა ჯანსაღი. ერთადერთი აღნიშვნა საკვებზე, გახლავთ „wild“ ანუ „ველური“ , მხოლოდ ის არის ჯანსაღი. რაც უფრო იაფია, უფრო ცუდი ხარისხისაა პროდუქტი. მათში შემავალი ემულგატორები და დანამატები ზრდის მადას. ზედმეტი კვება მხოლოდ ადამიანი ბრალი არ არის, თავად პროდუქტი ზრდის მადას“ – ამბობს ელენე გიორგაძე. მისი თქმით, დეპრესია და სიმსუქნე ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
მასალის გამოყენების პირობები