საფლავებში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები – ბოლო რამდენიმე თვეა, სხვადასხვა სოფელში ადამიანები უშედეგოდ არკვევენ ვინ და რა მიზნით ჩამარხა საფლავში მათი სურათები. მორიგი ასეთი უჩვეულო შემთხვევა აჭარაში, სოფელ ნაკაიძეებში მოხდა.
ახალგაზრდა კაცის საფლავზე, სრულიად შემთხვევით მიწაში ჩამარხული 120 ფოტო აღმოაჩინეს. ყველა ცოცხალი ადამიანია, სურათები სავარაუდოდ სოციალური ქსელიდან არის აღებული.
ამ ამბავს, ზოგმა იუმორით შეხედა, ზოგიერთისთვის კი საფლავში საკუთარი ფოტოს ნახვა შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.
ქალს, რომელიც შვილიშვილის სასაფლაოზე ყოველდღე დადის, ერთ დღეს იქ მისულს უჩვეულო სურათი დახვდა. 23 წლის ბიჭის საფლავზე, 100-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის ფოტო დაინახა. იქვე იპოვა მიწით დასვრილი დანაც, რომელიც მაგიდაზე იყო დატოვებული.
სულიკო სურმანიძე გვიყვება, რომ ფოტოსურათები მათზე გამოსახული პირების ფეისბუქ ალბომებიდან იყო ამოღებული და შემდეგ დაბეჭდილი. თუმცა ჭირისუფალმა საფლავში ჩამარხულ ფოტოსურათებზე ოჯახის წევრები ვერ ამოიცნო, ამიტომაც მისთვის კიდევ უფრო გაუგებარი გახდა, რატომ შეარჩიეს მისი შვილიშვილის სასაფლაო.
უცნაური ამბავი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეებში მალევე გავრცელდა. სასაფლაოდან სოფლამდე ფოტოსურათები გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა ჩაიტანეს და მათზე აღბეჭდილი ადამიანების იდენტიფიცირება დაიწყეს. ადგილობრივებმა საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები, მიმდებარე სოფლის მცხოვრებლებიც კი აღმოაჩინეს. მომხდარი სამართალდამცველებს აცნობეს.
მასალის გამოყენების პირობები