„2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით“, – ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.
როგორც სამინისტროს განმარტებიდან ჩანს, გაანალიზებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ბავშვების რაოდენობა, რომელთაც 2024 წლის 16 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 2025 წლის 16 სექტემბრიდან 1 იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი, საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით უკვე არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
„შესაბამისად, მიზანშეწონილია 2024-2025 სასწავლო წელს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით“, – ვკითხულობთ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა ჩამონათვალში.
როგორც ირკვევა, 2024-2025 სასწავლო წლისთვის სასკოლო ასაკის პირველ დეკემბრამდე გადაწევის შემთხვევაში მოსწავლეთა რაოდენობა მაქსიმუმ 5000 ერთეულით გაიზრდება. ანალოგიურად, მაქსიმუმ 5000 ერთეულით გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა 2025-2026 სასწავლო წლიდან სასკოლო ასაკის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაწევის შემთხვევაში.
რაც შეეხება დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის აუცილებლობას, როგორც კანონპროექტშია განმარტებული, 2024-2025 სასწავლო წლიდან საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება.
„2024 წლისთვის 6,799 მლნ ლარი, რომელიც მოიცავს: ვაუჩერული დაფინანსებას – 1,260 მლნ ლარი. სკოლების აღჭურვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: 5000 ბუკი მოსწავლეებისთვის და 200 კომპიუტერი პირველი კლასის დამრიგებლისთვის – ერთეულის ღირებულება 895 ლარი – ბიუჯეტი 4,654 მლნ ლარი. სახელმძღვანელოების კომპლექტი – 200 ათასი ლარი და მერხი და სკამი – 685 ათასი ლარი. ანალოგიურად, დამატებით 2025 წლისთვის და შემდგომ წლებში საჭიროა იგივე ოდენობის ბიუჯეტი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
ამ მომენტისთვის, კანონში 2023 წლის 14 მაისს შეტანილი ცვლილების შედეგად, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1 ნოემბრამდე უსრულდება და იგი უფლებამოსილია მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.
დაპირება, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ეტაპობრივად გადაწევის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან იქნა გაცემული.
მასალის გამოყენების პირობები