„გაკვეთილების შემდეგ, დღესაც წავალ განათლების სამინისტროსთან. ერთადერთი, რაც პედაგოგს არ ეპატიება, მოსწავლეებისათვის გაკვეთილების გაცდენაა… ჩემი მოსწავლეებისგან ასეთი ფრაზებიც მომისმენია, მასწავლებელო, მე არ მინდა, რომ დირექტორი გახდეთ, მე მინდა, თქვენ ჩემი მასწავლებელი იყოთ“, – ეს სიტყვები EDU.ARIS.GE-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ბოლო, გასაუბრების ეტაპზე „დაწუნებულმა“ კანდიდატმა, მაია ეკალაძემ უთხრა, რომელიც ბოლო ერთი კვირაა, სკოლაში გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, განათლების სამინისტროსთან აპროტესტებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას და გვეუბნება, რომ გიორგი ამილახვარის უწყებასთან შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.
მაია ეკალაძე ნახევარი წელია, დირექტორობის სხვა კანდიდატებთან ერთად (გიორგი ჭაუჭიძე, დავით ფერაძე…), მინისტრთან შეხვედრას სხვადასხვა ადგილას და ფორმით ითხოვს. ის ამბობს, რომ 2014 წლიდან დირექტორის სერტიფიკატი ჰქონდა და მისი უნარები არც ახლა შესუსტებულა, პირიქით, გაიზარდა და სწორედ ამიტომ არ ესმის, თუ გასაუბრების ეტაპი სამართლიანი იყო, რატომ ვერ უნდა მიეღო მას სერტიფიკატი.
– როგორ ხართ, ქალბატონო მაია? რამდენი დღეა, რაც განათლების სამინისტროსთან მიდიხართ და ელით, რომ ყურადღება მოგაქციონ, ამის პარალელურად კი გაკვეთილებს ატარებთ?
– მადლობა. დღეს მერვე კლასთან ვითხოვე, რომ გადაღლის გამო, დავჯდებოდი და გაკვეთილს ასე ჩავატარებდი. ისე დასრულდა გაკვეთილი, ერთი შენიშვნის მიცემა არ მომიწია არცერთი მოსწავლისთვის, მათი უსიტყვო მხარდაჭერა მაძლიერებს.
ორშაბათიდან (27 ნოემბერი) ვართ სამინისტროსთან. ძირითადად სამი ადამიანი, თუმცა გვიერთდებიან სხვა კანდიდატებიც. ადამიანებს გაკვეთილები აქვთ. მეც გაკვეთილების დასრულების შემდეგ მივდივარ. განათლების მინისტრის გამოსვლის დღეს პარლამენტთან ვიყავით, სხვა დღეებში სამინისტროსთან ვართ.
– რა არის თქვენი მოთხოვნა?
– ჩვენ მინისტრის დანახვა და ხელის ჩამორთმევა კი არ გვინდა, მიზანი ეს არ არის. 16 კითხვა მაქვს შეგზავნილი და არცერთ კითხვაზე პასუხი არ არის. პასუხები გვჭირდება და რა ფორმითაც სურს, ისე გამოგვიგზავნოს. რატომ ამბობს მინისტრი, რომ ორჯერ შეხვდა, ჩვენ რომ მინისტრის მოადგილეს შევხვდით, წავედით კომუნიკაციაზე, გადავეცით კონკრეტული კითხვები და პასუხი გვჭირდება. მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა გვითხრა, რომ „ჩვენი დახმარება უნდა“. საქველმოქმედო ორგანიზაციაში ხომ არ მივსულვართ?, დახმარება არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება შეცდომების აღიარება და გამოსწორება. ერთადერთი, ამ ეტაპზე, რითიც ეს შესაძლებელია, არის დისკრეციის გამოყენება იმ არასწორად დაწუნებული სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან დაკავშირებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხუთასივე სხვა ნიშნით არის დაწუნებული, მათ ხომ ეს ძალიან კარგად იციან… ყოფილი კომისიის წევრები ამბობენ, რომ სიები მოგვეწოდებოდა ვისთვის გვეთქვა „ჰო“ და ვისთვის – „არა“. გასაუბრების პირველ და მეორე ეტაპზე ერთნაირი ნიშნით დაგვიწუნეს ეს ადამიანები და შეუძლებელია, რომ ეს იყოს კონკურსი. ამ დროს, 1200 სკოლა, ამაზე ოდნავ მეტი, ან ნაკლები დირექტორის გარეშეა დარჩენილი. ეს ადამიანები 6, 12, 8 წლით და განსხვავებული დროით დირექტორები არიან და წარმოიდგინეთ, სერტიფიცირებისას ტესტირების ეტაპი ვერ გადალახეს, წაკითხულს ვერ იაზრებენ. ხისტად ვიტყვი და აღარ მოვერიდები, ყოველგვარ უხამსობას აქვს ადგილი ამ გასაუბრებებზე, ენა ვერ აღწერს და ვერ იტყვის, რაც ჰქვია ამ გასაუბრებებს.
– რა უნდა გააკეთოს დღეს კონკრეტულად სამინისტრომ, რომ თქვენ დაგაკმაყოფილოთ?
– პირველ რიგში, შეცდომა უნდა გამოასწოროს. მან ხომ იცის, ვინ დაბლოკა არასწორად. თუ ეს მინისტრის ბრალი არ არის და მინისტრი არაფერ შუაშია, არაინფორმირებულია, რაც ასევე ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ გვჭირდება მინისტრი, რომელიც ინფორმირებულიც უნდა იყოს და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად და სწორად იღებდეს, ასეთ შემთხვევაში, გამოასწოროს ეს შეცდომა და დანიშნოს დისკრეციით ყველა ეს ადამიანი (დირექტორობის “დაბლოკილი” კანდიდატები). წაიკითხეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები