ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, როცა მოსწავლე დაწყებითიდან საბაზო, საბაზოდან კი საშუალო საფეხურზე გადადის, დამრიგებელიც ეცვლება. ასეთი ცვლილებები კი მხოლოდ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს არ აფორიაქებთ. ზოგიერთ მასწავლებელს საერთოდ არ სურს, რომ სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ მასწავლებელს ამ პასუხისმგებლობას “შეაპარებენ” ხოლმე.
რა ხდება მაშინ, როცა სადამრიგებლო კლასს „შემოგაპარებენ“ რა სტრატეგიით უნდა დაალაგოთ თქვენი გრაფიკი, რისთვის იყოთ მზად და როგორ გაუმკლავდეთ დაკისრებულ მოვალეობებს, ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს მათიკო კოჩაძე, ქალაქ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი და დამრიგებელი ესაუბრა. მას კლასის ხელმძღვანელობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს და ახალბედა კოლეგებისთვის მაგალითია.
– ქალბატონო მათიკო, როგორ ემზადება დამრიგებელი ახალი სასწავლო წლისთვის? თქვენი მაგალითი რომ გაგვიზიაროთ
– ყველას ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. როგორც ვიცით, ახალი სასწავლო წელი ახალი გამოწვევაა და თითოეული წელი აუცილებლად უნდა იყოს წინა წლისგან განსხვავებული. ამიტომ, ამ დღისთვის მზადებაზე ფიქრს ზაფხულზე ვიწყებ და მომზადებულიც შევხვდი. ვიცოდი, ჩემს სადამრიგებლო კლასში ახალი მოსწავლე დამხვდებოდა და აქტივობების შერჩევისას ესეც გავითვალისწინე. პირველი აქტივობა გაცნობით დავიწყე, გასაცნობად გამოვიყენე კითხვარი „ცოტა რამ ჩემ შესახებ“, რომელიც დავურიგე მოსწავლეებს, შეავსეს და პრეზენტაციისას ერთმანეთზე კიდევ ბევრი რამ შეიტყვეს. ასე ახალი მეგობრის გაცნობაც გაგვიადვილდა და მის შინაგან სამყაროსაც ჩავწვდით. ბავშვებმა აღმოაჩინეს მსგავსი ინტერესები. ასეთი ტიპის აქტივობით გაცნობამ მოსწავლეებს შორის კიდევ ერთხელ გადო მეგობრობის ხიდი.
– გამოცდილი მასწავლებლისგანაც კი ხშირად მოგვისმენია ასეთი ფრაზა – “წელს სადამრიგებლო კლასიც შემომაპარეს”… არის ეს მასწავლებლის ერთგვარი იძულებითი მდგომარეობა, როცა მას ნაკლებად აქვს სურვილი სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს, მაგრამ მისი რიგიც დგება?
– არის შემთხვევები, როცა მასწავლებელს სურვილი არ აქვს სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს, მაგრამ მაინც სთავაზობენ ნაირ-ნაირ კლასებს, ამას პედაგოგები ვეძახით კლასის “შემოპარებას”. ჩემი აზრით, სავალდებულოა, ყველა კლასს ჰყავდეს დამრიგებელი და სკოლის აუცილებლობიდან გამომდინარე თუ დგება ასეთი საჭიროება, სურვილის არმქონე პედაგოგიც ვალდებულია, დაეთანხმოს და გაითავისოს ის უფლება მოვალეობები, რაც დამრიგებელს გააჩნია. თუმცა კიდევ არის ასეთი მოცემულობა, როდესაც პედაგოგს უკვე ჰყავს ერთი სადამრიგებლო კლასი და მეორეს სთავაზობენ, დიდად არ მოსწონთ ეს იდეა. თუ არგუმენტირებული პასუხი აქვთ, რატომ არ სურთ, დირექციამაც უნდა გაითვალისწინოს პოზიცია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
– შესაძლებელია უარის თქმა? და თუკი მაინც მოუწიათ დათანხმება, რით დაიმშვიდონ თავი ან როგორ მოემზადონ ამ საპასუხისმგებლო მისიის შესასრულებლად?
– მასწავლებელი კლასის ხელმძღვანელობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ იტყვის უარს, თუ ეს სკოლის საჭიროებაა. ჩვენ დასაქმების დროს ვდებთ ხელშეკრულებას და ვალდებული ვართ, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე შევასრულოთ ჩვენი უფლება-მოვალეობები. მე ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, თუ კლასი არ ჰყავთ, „შემოპარებული“ კლასი მიიღონ. დამრიგებლობა რთულია, არც დამრიგებლის ანაზღაურებაა მაღალი – პირიქით, მაგრამ მერწმუნეთ, ის სითბო და სიყვარული, რომელსაც თქვენი მოსწავლეებისგან მიიღებთ, შეუფასებელი იქნება.
ჩემი რჩევა შემდეგია:
აუცილებლად უნდა გაეცნონ დამრიგებლის უფლება- მოვალეობებს. (ეროვნული სასწავლო გეგმა, კარი პირველი, მუხლი 6. დამრიგებელი);
მოიძიოს ინფორმაცია ახალი სადამრიგებლო კლასის შესახებ, გაიცნოს მოსწავლეები და დაფიქრდეს იქნებ გადაიფიქროს;
ყოველი შემთხვევისთვის შეადგინოს სამუშაო გეგმა (დაფიქრდეს, როგორც დამრიგებელი, რას გააკეთებდა ამ ბავშვებისთვის);
მიმართონ კოლეგებს, მიიღოს რჩევები.
– რა იქნება თქვენი გზავნილი ახალბედა დამრიგებლებისა და მომავალი კოლეგებისთვის?
– კოლეგებო, მასწავლებელი მუდამ დგას უამრავი პროფესიული გამოწვევის წინაშე. როგორც ძველბერძენი ფილოსოფოსი პლუტარქე ამბობს და „მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“. ჩვენ, დამრიგებლებმა, სხვადასხვა აქტივობებით უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. შესაბამისად, ყველა ჩემს ახალგაზრდა კოლეგას ვურჩევდი, ჯერ პროფესიულად განვითარდნენ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობები და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება – ნამდვილად სურთ მასწავლებლობა, თუ არა. თუ სურთ მასწავლებლობა, მათთვის დამრიგებლობაც მისაღები იქნება.
მასალის გამოყენების პირობები