3-8 კლასების მოსწავლეთა მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, თუ რით არიან დაკავებული მათი შვილები თავისუფალ დროს – ამაზეა დამოკიდებული ტვინის უჯრედების დაყოფის სიჩქარე და, საბოლოო ჯამში, ინტელექტი – ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც მონაწილეობენ სპორტულ აქტივობებში, ტვინი უფრო სწრაფად უვითარდებათ.
მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-დან, ჰოლანდიიდან და ესპანეთიდან დაადგინა, რომ ფიზიკური აქტივობა 10-დან 14 წლამდე ტვინის მოცულობის ზრდას შემეცნებასთან, ემოციებთან და სწავლასთან დაკავშირებულ სფეროებში უწყობს ხელს. ამის შესახებ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
როგორ ჩატარდა კვლევა
კვლევა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 1088 ბავშვი იყო ჩართული. აღმოჩნდა, რომ აქტიურ ბავშვებში, რომლებსაც ეზოს თამაშები მოსწონდათ და ზოგიერთ სპორტულ სექციაში ვარჯიშობდნენ, ამიგდალა (ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც დიდ როლს თამაშობს არა მხოლოდ ემოციების ფორმირებაში)უფრო მეტად გაეზარდათ, ვიდრე უფრო მშვიდი ცხოვრების წესის მქონე ბავშვებს.
იგივე მოხდა ჰიპოკამპის შემთხვევაშიც – თავის ტვინის ეს ნაწილი მთავარ როლს ასრულებს, როცა ბავშვი რაღაც ახალს სწავლობს და ინფორმაციას იმახსოვრებს.
მონაცემები მშობლების დახმარებით შეგროვდა – მათ ეკითხებოდნენ, რამდენ დროს ატარებენ ბავშვები გარეთ და რით იყვნენ დაკავებულნი. დასკვნები MRI-ზე დაყრდნობით გაკეთდა.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გარდამავალ ასაკში, ანუ როცა ბავშვი მოზარდი ხდება, მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში სპორტის არსებობა. ეს არა მხოლოდ აძლიერებს შემეცნებით შესაძლებლობებს, არამედ დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე – ქერქქვეშა უბნები „ძლიერდება“. ეს სფეროები პირდაპირ კავშირშია ემოციებთან და მომავალში ფსიქიკური აშლილობის რისკებთან.
თუმცა, არა მარტო მოზარდობის, ხანდაზმულ ასაკშიც ფიზიკური აქტივობაც დადებითად მოქმედებს ჩვენს ტვინზე და მისი დაბერების პროცესს ანელებს. წყარო
მასალის გამოყენების პირობები