პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიები„ისტორიის ანტიფრანგული გადაწერა“ - რატომ აკრიტიკებენ ისტორიკოსები რიდლი სკოტის „ნაპოლეონს“?

„ისტორიის ანტიფრანგული გადაწერა“ – რატომ აკრიტიკებენ ისტორიკოსები რიდლი სკოტის „ნაპოლეონს“?

ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, რიდლი სკოტის ახალმა ფილმმა “ნაპოლეონმა” ცხარე კამათი ჯერ კიდევ დიდ ეკრანებზე გამოსვლამდე  გამოიწვია. განსაკუთრებული ვნებათაღელვა ისტორიულ უზუსტობებს მოჰყვა. გარდა ამისა, ერთ-ერთ ინტერვიუში რიდლი სკოტმა ნაპოლეონი ალექსანდრე მაკედონელს, სტალინსა და ჰიტლერს შეადარა. ვინ რას და რატომ უწუნებს „ნაპოლეონს“, BBC-მ გაარკვია.

რა მოხდა?

დავიწყოთ იმით, რომ ბევრი ფრანგის თვალში ინგლისელი რიდლი სკოტი დამნაშავე არის არა იმდენად იმის გამო, თუ როგორ წარმოაჩინა მან საფრანგეთის იმპერატორი, არამედ იმიტომ, რომ მან გაბედა და მათი ეროვნული გმირის თემას საერთოდ ხელი მოჰკიდა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კაცების ჟურნალ GQ-ში გამოქვეყნებული ორი პუბლიკაციის შედარება. ერთი მათგანი გამოცემის ინგლისურ ვერსიაში გამოქვეყნდა, მეორე კი – ფრანგულში.

„ნაპოლეონის ნამდვილი ისტორია“, – წერს ინგლისურენოვანი სტატიის ავტორი ჯეკ კინგი. მისი თქმით, „ეს უბრალოდ ეპიკური ტილოა, რომელზედაც ასახულია ყველაზე სანახაობრივი ფოიერვერკი, რაც კი ოდესმე გინახავთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ფილმი გვაძლევს შანსს, ვიხილოთ მრავალი დიდი და სანახაობრივი ბრძოლა… საქმე იმაში კი არ არის, რომ ფილმი ისტორიულ რეალობას განზრახ უარყოფს. აქ ჩვენ წარმოგვიდგება უმაღლესი დონის გასართობი სანახაობა და არა – დამტვერილი ბიოგრაფია“.

სავსებით საწინააღმდეგოს წერს ფრანგული სტატიის ავტორი ადამ სანჩესი: ”თავად სკოტს ნაპოლეონის ნამდვილად არ ესმის. ის ძალიან დაკავებულია მოვლენების ქრონოლოგიით“. მისი თქმით, რიდლი სკოტმა უკვე პირობა დადო, რომ ფილმის სრული ვერსია, რომელიც ოთხ საათ-ნახევარზე მეტს გაგრძელდება, მალე ხელმისაწვდომი იქნება (Apple TV-ის სტრიმინგ პლატფორმაზე, რადგან გადაღებები სწორედ ამ უკანასკნელმა დააფინანსა). თუმცა, ადამ სანჩესის აზრით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტის ჩავარდნებს ეს ვეღარაფერს უშველის. მართალია, ფილმი კინემატოგრაფიულ მოვლენად აღიქმება, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ეპიზოდი იმისა, თუ როგორ იშლება ნელ-ნელა “სამართებელზე მორბენალის” შემქმნელის შემოქმედებითი კარიერა.

თუმცა სანჩესი ამაზე არ ჩერდება. ის ასევე საყვედურობს რიდლი სკოტს იმის გამო, რომ ფილმში ფრანგი ჯარისკაცები ტულონის ალყის დროს (1793 წელი) “Vive La France!” (გაუმარჯოს საფრანგეთს!) ამერიკული აქცენტით ყვირიან. გარდა ამისა, სანჩესის თქმით, რეჟისორი „იქამდეც მივიდა, რომ ტაჰარ რაჰიმი (ფრანკო-ალჟირელი მსახიობი, რომელიც პოლ დე ბარასის როლს ასრულებს) შექსპირის ენაზე აამეტყველა“. თავის მხრივ, BBC-ის ჟურნალისტმა გაიხსენა ის ფაქტი, რომ ხოაკინ ფენიქსი (ნაპოლეონის როლის შემსრულებელი) ზუსტად ისე ლაპარაკობდა ინგლისურად, როდესაც რომის იმპერატორ კომოდუსის როლი შეასრულა სკოტის ფილმში „გლადიატორი“. თუმცა ამ ამბავს მაშინ არც ფრანგები შეუწუხებია და არც სხვა კრიტიკოსები.

ფრანგმა ისტორიკოსმა პატრის განიფიმ, რომელიც მონუმენტური ისტორიული ნაშრომის – „ბონაპარტი“ ავტორია, ასევე დაგმო “ინგლისურად მოლაპარაკე იმპერატორი” და მისი “ზედმეტად ყველგან მყოფი” პირველი ცოლი ჟოზეფინა. ჟურნალ Le Point-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ფილმი „ისტორიის ძალიან ანტიფრანგული და ძალიან პრობრიტანული გადაწერაა“.

“ეს ფილმი რომ ბრიტანელის გადაღებულია მტკიცდება იმით, რომ მასში ყველაზე წარმატებული სცენებია ვატერლოოს ბრძოლა და ველინგტონის შურისძიება”, – თქვა განიფიმ. ვატერლოოს ბრძოლაში (1815 წლის 18 ივნისი) შვიდი ქვეყნის კოალიციის ჯარებმა ნაპოლეონის არმია საბოლოოდ დაამარცხეს. მოკავშირეებს ძირითადად წარმოადგენდნენ გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების, ჰანოვერის სამეფოს, ბრაუნშვაიგისა და ნასაუს საჰერცოგოების გაერთიანებული ძალები, რომელსაც ჰერცოგი ველინგტონი მეთაურობდა. შესაბამისად, მათ ველინგტონის არმიას ეძახდნენ.

ეტიენ სორინმა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფილმი “უბრალოდ ბნელი და იმპერიული მელოდრამაა”.  მან ასევე დასძინა, რომ სკოტმა აშკარად ვერ გაბედა თავისი ქმნილებისთვის “ნაპოლეონი და ჟოზეფინა” დაერქმია (საფრანგეთის იმპერატორის პირველ მეუღლეს ვანესა კირბი განასახიერებს). თუმცა სულ ტყუილუბრალოდ, რადგან მთელი სიუჟეტი სწორედ მათ რთულ ურთიერთობაზეა აგებული, რომელიც აქა-იქ საბრძოლო სცენებით იჭრება.

საინტერესოა, როგორ უპასუხა რიდლი სკოტმა ასეთ კრიტიკას. “ფრანგებს საკუთარი თავიც კი არ მოსწონთ”, – განუცხადა რეჟისორმა BBC-ს. „ეს ფილმი უკვე ვაჩვენე პარიზში (მსოფლიო პრემიერა შედგა საფრანგეთის დედაქალაქში 14 ნოემბერს) და იქ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ“, –  განაგრძო სკოტმა. ზოგადად, ეს კრიტიკა შეიძლება შეჯამდეს ინგლისელი ჟურნალისტის, ჯონათან მილერის ერთი ფრაზით: „თითქოს ფრანგებს პრინციპულად შეუძლიათ დადებითად შეაფასონ ის, თუ როგორ ასახეს ანგლო-საქსებმა მათი ეროვნული გმირი“.

ისტორიული უზუსტობები: „ვიზუალურად განსაცვიფრებელი, ისტორიულად – არასაიმედო“

არსებობს ორი საპირისპირო მოსაზრება იმის თაობაზე, უნდა მიჰყვნენ თუ არა ისტორიული ფილმების რეჟისორები და სცენარისტები სიმართლეს. ნაწილი ფიქრობს, რომ ადამიანების უმრავლესობა ცოდნას იღებს არა ისტორიული ნაშრომებიდან, არამედ – მხატვრული ფილმებიდან. ამიტომაც ეკრანიზაცია ცრუ ინფორმაციით არ უნდა იყოს გაჟღენთილი. მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მასა სულელი არ არის და ესმის, როცა სცენარისტი და რეჟისორი, მხატვრული ეფექტის მისაღწევად, სიმართლეს გადაუხვევენ. მაშასადამე, გადაიღე რაც გინდა და ხალხი თავად მიხვდება.

თავად რიდლი სკოტმა ბრიტანულ გაზეთ The Sunday Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ ვინც ნაპოლეონის შესახებ მის ფილმში ისტორიული უზუსტობებით არის შეშფოთებული, კარგი იქნება, რომ „რამე სასარგებლოთი დაკავდეს“. ”როდესაც ისტორიკოსები მიპროტესტებენ, მე მათ ვეკითხები: „მისმინეთ, ბიჭებო, თქვენ იქ იყავით? არ იყავით, ხომ? მაშინ, მოკეტეთ!”, – განაცხადა სკოტმა. თუმცა BBC-ის ჟურნალისტის თქმით, ცნობილმა კინორეჟისორმა სხვა სიტყვა იხმარა, მაგრამ მის ნაცვლად მრავალწერტილის დასმა გახდა საჭირო.

არა მხოლოდ ფრანგი, არამედ ინგლისელი ექსპერტებიც სიხარულით აღნიშნავენ ისტორიულ უზუსტობებს:

•    დედოფალ მარია-ანტუანეტას სიკვდილით დასჯას ნაპოლეონი არ ესწრებოდა. ამასთანავე, ქალი ეშაფოტზე ფუშფუშა ვარცხნილობით არ ასულა, რადგან მას, ისევე, როგორც გილიოტინის სხვა მსხვერპლებს, იქამდე თმა მოკლედ შეჭრეს.
•    ნაპოლეონს თავისი ჯარისკაცებისთვის არ უბრძანებია, ეგვიპტის პირამიდებისთვის ესროლათ, ცნობილმა სფინქსმა კი სახის ძირითადი ნაკვთები მე-19 საუკუნემდე დაკარგა.
•    ნაპოლეონის ომებში დაღუპული ადამიანების სია, რომელსაც მაყურებელს ტიტრების დაწყებამდე წარუდგენენ, უმეტესწილად გადაჭარბებულია.

ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი, ჰიტლერი და სტალინი 

რთული სათქმელია, მართლა მიიჩნევს თუ არა რიდლი სკოტი ნაპოლეონს მონსტრად, თუ ის უბრალოდ დამატებით რეკლამას უკეთებს ფილმს იმით, რომ განზრახ აპროვოცირებს საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთებას და მეორის – აღტაცებას. მსგავსი რამ მან ადრეც გააკეთა და ტყუილადაც არ თვლის ზოგიერთი ჟურნალისტი ბრიტანელ რეჟისორს ინტერვიუერისთვის საჩუქრად, რადგან მას შეუძლია უბრალოდ შეკითხვა დაუსვას, შემდეგ კი სკამის საზურგეზე გადაწვეს, მოდუნდეს და ისიამოვნოს. Guardian-ის მიმომხილველმა სტიუარტ ჰერიტეჯმა ერთხელ თქვა, რომ მას „მუშაობის დროს არასდროს მიუღია ისეთი სიამოვნება, როგორც ეს სკოტთან ინტერვიუს შემთხვევაში მოხდა.“

რიდლი სკოტმა ჟურნალ Empire-თან ინტერვიუში საკმაოდ კატეგორიული განცხადება გააკეთა: ”მე ვადარებ ნაპოლეონს ალექსანდრე მაკედონელს, ადოლფ ჰიტლერს, სტალინს. მისმინეთ, მის ანგარიშზე ნამდვილად ბევრი სისულელეა“, – ამბობს რეჟისორი ფრანგების ეროვნულ გმირსა და მათ სიამაყეზე.

თავის მხრივ, BBC-ის ჟურნალისტი პირველ კითხვას სვამს: რამდენად ლეგიტიმურია ალექსანდრე მაკედონელის გაიგივება ჰიტლერსა და სტალინთან? სტატიის ავტორის აზრით, ეს სისულელეა. რამდენადაც ისტორიკოსებისთვის არის ცნობილი, ალექსანდრე მაკედონელს არც საკუთარი და არც სხვა ხალხისთვის გენოციდი არ მოუწყვია. მართალია, მან სპარსეთის დედაქალაქი გადაწვა, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს შემთხვევით მოხდა.

ნაპოლეონის სიკვდილის შემდგომ რეპუტაციას სერიოზული ჩრდილი მიადგა 1940 წლის 23 ივნისს, როდესაც ადოლფ ჰიტლერი მის მიერ დაპყრობილ პარიზში ჩავიდა. ის დიდხანს იდგა იმპერატორის საფლავთან და მის წითელ სარკოფაგს უყურებდა. ასეა თუ ისე, ფიურერის ვიზიტის შემდეგ საზოგადოების ცნობიერებაში გაჩნდა კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც XIX საუკუნის საფრანგეთის იმპერატორის ბედს მე-20 საუკუნის გერმანელ დიქტატორთან აერთიანებს. ორივე მათგანი დაიბადა იმ ქვეყნების ფარგლებს გარეთ, რომლებსაც მართავდნენ, ორივე ცდილობდა დაეპყრო მთელი ევროპა, ბრძოლის ველზე თავდაპირველი წარმატებების შემდეგ, ორივე დამარცხდა მოსკოვის მისადგომებთან, ორივეს განზრახული ჰქონდა ბრიტანეთის კუნძულების დაპყრობა, მაგრამ ვერცერთმა შეძლო და საბოლოოდ, ორივე მათ წინააღმდეგ გაერთიანებულმა მოკავშირე ჯარებმა დაამარცხეს.

თუმცა, იმავე წარმატებით ნაპოლეონი შეიძლება უინსტონ ჩერჩილის გვერდითაც დადგეს. ორივემ კარიერა ჯარში დაიწყო, ორივემ მოიპოვა შთამბეჭდავი გამარჯვებები პოლიტიკური და სამხედრო კარიერის დასაწყისში: ნაპოლეონმა – ტულონთან 1793 წელს, ჩერჩილმა – ომდურმანთან 1898 წელს. ნაპოლეონმა საფრანგეთის შიდა არმიის სარდლობა 26 წლის ასაკში ჩაიბარა,  30 წლის იყო, რომ გახდა პირველი კონსული, რომელმაც გადატრიალება მოახდინა და იმპერატორად გამოცხადდა 1804 წელს, სულ რაღაც, 35 წლის ასაკში. თავის მხრივ, ჩერჩილი მინისტრთა კაბინეტის მეთაური 34 წლის ასაკში გახდა, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, 40 წლის იყო, როდესაც ადმირალტის პირველი ლორდის ტიტული მიიღო და იმ დროისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტი ჩაიბარა. თუმცა, მსგავსებები აქ მთავრდება, რადგან ჩერჩილის კარიერა გარკვეული დროით შეწყდა, რის შემდეგაც მან მაინც მოახერხა პოლიტიკაში დაბრუნება და გახდა პრემიერ-მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობითაც ბრიტანეთი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო. ნაპოლეონი კი გამარჯვებიდან გამარჯვებამდე მიდიოდა, სანამ არ განიცადა საბოლოო მარცხი ვატერლოოზე.

მონსტრი არა, თუმცა, შესაძლოა, ტირანი

აღსანიშნავია, რომ ნაპოლეონის ჰიტლერთან შედარება ლა მანშის (სრუტე საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის) ორივე მხარის ისტორიკოსებისა და კრიტიკოსების უმრავლესობას არ მოეწონა. ნაპოლეონის სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, პიერ ბრანდამ Telegraph-ს განუცხადა, რომ ნაპოლეონის სისხლიან დიქტატორად წარმოჩენით, სკოტმა მისი მნიშვნელოვანი მიღწევები სრულად უგულებელყო. „ჰიტლერსა და სტალინს არაფერი აუშენებიათ, მხოლოდ გაანადგურეს (მთლიანად არ შეესაბამება სინამდვილეს იმ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინებით, რომლებიც ჰიტლერმა და სტალინმა თავიანთ ქვეყნებში განახორციელეს – რედ.:). ნაპოლეონის სისხლიან დიქტატორად წარმოჩენით, სკოტი მის მიღწევებზე სრულად დუმს“, – ამბობს ის.

ფრანგი ჟურნალისტი ენ-ელისაბედ მუტე ესაუბრა BBC-ს კულტურის კომენტატორს, ნილ არმსტროგს. ისიც ფიქრობს, რომ ნაპოლეონის შედარება ჰიტლერსა და სტალინთან, არასწორია. „მას არ ჰქონია საკონცენტრაციო ბანაკები, მას არ მიუსჯია სიკვდილით დასჯა მთელი ერისთვის. დიახ, მის დაქვემდებარებაში იყო პოლიტიკური პოლიცია, მაგრამ უბრალო ხალხს შეეძლო ეცხოვრა, როგორც სურდა და ეთქვა ის, რაც სურდა“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

თუმცა, ლივერპულის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი და ნაპოლეონის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი ჩარლზ ესდაილი საფრანგეთის იმპერატორს ოდნავ განსხვავებული პერსპექტივით უყურებს. მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ამ ადამიანს პირადი ამბიციები ამოძრავებდა და ის აბსოლუტურად დაუნდობელი იყო. მას ბევრი ნაკლი ჰქონდა და ამაზრზენი ადამიანი იყო, მაგრამ მას უბრალოდ არ გააჩნდა რასობრივი იდეოლოგია, რომელსაც ნაცისტური რეჟიმი ემყარებოდა. მისი შედარება ჰიტლერსა და სტალინთან, უბრალოდ, ისტორიული სისულელეა“. კრიტიკოსებს, მაყურებელს და, რა თქმა უნდა, ისტორიკოსებს, ალბათ, ჯერ არ უთქვამთ ბოლო სიტყვა რიდლი სკოტის ფილმზე. თუმცა, როგორც ჩანს, კონსენსუსის მიღწევა აქ ძალიან რთული იქნება.

ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის, ხოაკინ ფენიქსის თქმით, „თუ გსურთ ნაპოლეონის რეალურად გააზრება, ალბათ თავად მოგიწევთ ამ საკითხის გამოკვლევა“. „ეს ფილმი რიდლის თვალით დანახული ისტორიაა და ეს რთული ამბავია. ჩვენ ვეცადეთ, ამ ადამიანის გრძნობები გადმოგვეცა“, – განაცხადა მსახიობმა ჟურნალ Empire-თან ინტერვიუში.

თუმცა, ისტორიული დამახინჯების მოწინააღმდეგეებსაც თავიანთი სიმართლე აქვთ. „თუ ჩვენ ისტორიულ სიმართლეს არ დავიცავთ, მოგვიწევს ვიცხოვროთ იმ სიტუაციის შედეგებით, რომელთა მიხედვითაც ხალხი რეალურად ფიქრობს, რომ მეორე მსოფლიო ომი ამერიკელებმა მარტო მოიგეს“, – ამბობს ბრიტანელი ავტორი და ჟურნალისტი ალეკ მარში. „ისინი რეალურად დაიჯერებენ, რომ ნაპოლეონის ჯარებმა პირამიდები ნამდვილად დაბომბეს ან რომ რიჩარდ III ფსიქოპათი მკვლელი იყო“, – განაგრძობს მარში. „ასე რომ, ისტორიულ დრამაში ფაქტობრივი სიზუსტის დაჟინება არ არის პედანტობა, ის აბსოლუტურად ფუნდამენტური საკითხია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი რეალური ისტორია თვალთახედვიდან გაქრება და ჩვენც მასთან ერთად დავიკარგებით“, – ასკვნის ის.

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი