2023 წელს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ცვლილებას პოზიტიურ ფაქტად მიიჩნევს ლევან იოსელიანი, რომელიც თითქმის ერთი წელია, საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას და პარლამენტში საქმიანობის პერიოდში აქტიურად ეხმაურებოდა განათლების სისტემის პრობლემურ საკითხებს.
ომბუდსმენი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დღეს განათლებაში არსებული გამოწვევების დაძლევა ერთი რგოლის ჩართულობით შეუძლებელი იქნება და იმისთვის, რომ საერთაშორისო კვლევებში ქართველი მოსწავლეები უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ, ყველა მხარის მონაწილეობა არსებითია, განსაკუთრებით კი ოჯახის. განათლებაში 2023 წლის მთავარ თემებზე საუბრისას, ლევან იოსელიანი გამოყოფს ეთნიკურ უმცირესობებს, სკოლის დირექტორთა არჩევნებს, სამინისტროსგან გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს, რომელთა აღსრულებასაც, მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება. მარტში კი საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველის ახალ ანგარიშს წარუდგენს, სადაც განათლების მიმართულება ახალი აქცენტითა და კონკრეტული კვლევის შედეგებით იქნება წარმოდგენილი.
– ბატონო ლევან, ვისი უფლებებია დღეს ქართული განათლების სისტემაში დასაცავი, რას ხედავს სახალხო დამცველი გასული, 2023 წლის ჭრილში და ზოგადად?
– მიმაჩნია, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ეთნიკური უმცირესობების როგორც ინტეგრაციის, ისე მათთვის ქართული ენის შესწავლის საკითხი. განათლების კომპონენტს თუ შევხედავთ, მათი სახელმწიფო ენის ცოდნა, რეალურად ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამ კონტექსტში მინდა, ვახსენო 4+1 პროგრამა, რომელიც ძალიან კარგი პროგრამაა, ყოველთვის მივესალმებოდით, მაგრამ ეს პროგრამა არ არის გამოსავალი და ვერ მოაგვარებს საკითხს, რომელიც დაწყებითი კლასებიდან უნდა გადაწყდეს. საბოლოო ჯამში, 4+1 პროგრამა არის შესაძლებლობა, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდეს ადამიანი, მაგრამ საბაზისოდ [მოსწავლისთვის] ქართული ენის სწავლა და შემდეგ უკვე საზოგადოებაში ინტეგრაცია მთლიანად ამ პროგრამაზე ვერ იქნება დამოკიდებული. ამიტომ, შეიძლება, 4+1 პროგრამა ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არა სრულფასოვანი იმ ჯაჭვში, რასაც განათლების სისტემა და ამ სისტემაში ჩვენი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია გულისხმობს.
მეორე საკითხი ეს არის ბილინგვური სახელმძღვანელოები, წიგნები, რომელთა ხარისხი ხშირ შემთხვევაში არ არის შესაბამისი და ამ წიგნებით სწავლა ვერ აკმაყოფილებს განათლების ხარისხის სტანდარტს. აღნიშნულ თემაზე ჩვენ არაერთი კვლევა გვაქვს გაკეთებული და მათ შორის ადგილობრივად გავეცანით პრობლემას. სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ვიტყვი, რაც აუცილებელი წინაპირობაა, სასწავლო პროცესში გამოყენებული იყოს საქართველოში წარმოებული, შესაბამისი სამსახურების მიერ გრიფირებული წიგნები. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად აზერბაიჯანიდან შემოტანილი წიგნებით ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, რაც ბუნებრივია, არ შეესაბამება საქართველოს განათლების სისტემის სტანდარტს. ეს საკითხი არის მოსაწესრიგებელი.
– ქართული ენის არცოდნის პრობლემა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში პრემიერ-მინისტრმაც ახსენა წლის შეჯამების წარდგენისას და თქვა, რომ ბილინგვური სწავლება უფრო ფართო სახეს მიიღებს, კერძოდ კი გაიზრდება იმ მოქალაქეების წრე, რომლებიც ამ მეთოდით ისწავლიან. თქვენ რა სახის მაგალითები გაქვთ და როგორ შეიძლება ამ ვითარების გამოსწორება?
– ახლა სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს ჩვენგან მონიტორინგი და სახალხო დამცველის ანალიტიკური დეპარტამენტი თითქმის ორი თვეა, რაც სწავლობს თემას. ჩვენი წარმომადგენლები დადიან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ამ თემებს იკვლევენ. ახალი წლის შემდეგ, ჩვენ უკვე გვეცოდინება რა სურათია. სახალხო დამცველის რეკომენდაციებიც ამ მიმართულებით უფრო დეტალიზებული იქნება ომბუდსმენის ანგარიშში, რომელსაც პარლამენტში მარტში წარვადგენ.
რაც ახლა შემიძლია ვთქვა, ბილინგვური სწავლების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს და მოხდეს მისი გავრცობა როგორც ბაღებიდან, ისე სკოლებში. არეალი მაქსიმალურად უნდა გაფართოვდეს.
ამ მეთოდით სწავლებაზე როცა ვსაუბრობთ, აქ შემოდის მასწავლებლების პრობლემა.
ბილინგვური სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას სჭირდება მასწავლებლები, რომელთა ძალიან დიდი ნაკლებობაა ამ მიმართულებით და ამაზეც არაერთგზის მიუთითებს სახალხო დამცველი თავის ანგარიშში. ცალკე პრობლემაა მასწავლებლების გადამზადების საკითხი, რომელიც ქვეყანაში ბევრად უფრო ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს, რაცა უზრუნველვყოთ ამ ამოცანების დაძლევა, რაც ბილინგვურ სწავლებასთან არის დაკავშირებული. ასევე დავამატებ, რომ ჩვენ ვსწავლობთ ბილინგვური სწავლების საუკეთესო პრაქტიკას სხვა ქვეყნებში და მიმდინარე კვლევის ფარგლებში ამ პრაქტიკის განზოგადებასაც მოვახდენთ.
– 2023 წლის ჭრილში რომ გვითხრათ, კიდევ ვისი უფლება ვერ დაიცვა სახელმწიფომ ისე, როგორც უნდა დაეცვა ამ წლის განმავლობაში?
– ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები ბავშვების, სტუდენტების, აბიტურიენტების განათლების შესაძლებლობას, მის ხარისხს. მათთვის მეტი შესაძლებლობების მინიჭებას, ვინაიდან ეს ადამიანები ისედაც ძალიან დიდი გამოწვევების ქვეშ ცხოვრობენ უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც ბუნებრივია, გარემოს ძალიან მოწყვლადს ხდის და იქ განათლების კომპონენტზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სასკოლო განათლებაზე, ვგულისხმობ არაფორმალურ განათლებას, სპეციალური პროგრამებს, რომელიც მათ სპორტში ჩართულობას უზრუნველყოფს, რათა ეს ბავშვები ადგილზე იყვნენ დამაგრებული და ყველას არ უწევდეს სხვა ქალაქებში მიგრაცია; იმიტომ, რომ ეს დამატებით ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თბილისში რომ ჩამოვიდეს პერევში მცხოვრები ახალგაზრდა, მან უნდა იქირაოს ბინა, ნახოს შესაბამისი სივრცე და ეს მათთვის ძალიან რთულია. მით უმეტეს, იქ მცხოვრებლებს განათლებასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეღავათები აქვთ და უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ეს სერვისი მაქსიმალურად ხარისხიანად მიეწოდებოდეთ. ეს ეხება, როგორც სკოლამდელს, ისე სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებას.
– 2023 წელს ჩვენ ვნახეთ სკოლის დირექტორობის კანდიდატთა უწყვეტი აქცია და მოშიმშილე პედაგოგი…
– მე ვფიქრობ, რომ სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მაქსიმალურად სამართლიანი მიდგომა უნდა იყოს გამოყენებული. არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვინმეს ინტერესში შედის…
მე მქონდა მათთან შეხვედრა, ველაპარაკე ამ ადამიანებს და ხშირ შემთხვევაში, მათთვის აბსოლუტურად გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიმართ არის მიღებული და არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ რაღაც ნიშნით, ეს იქნება პოლიტიკური ლოიალობა თუ არ ვიცი, სხვა ნიშნით, იღებს განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას. აი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დირექტორების ხელახლა დანიშვნის პროცესი იყოს გამჭვირვალე, მაქსიმალურად დემოკრატიული და ამ ადამიანების ინტერესები, მათი წუხილები გაზიარებულ იქნას.
– პარლამენტში მუშაობის პერიოდში ხშირად ეხმაურებოდით საგანმანათლებლო საკითხებს და ამ მიმართულებით აქტიური იყავით. რას იტყვით დღეს, რა პოზიტიური გზავნილები ან ნაბიჯები დაინახეთ სისტემაში ბოლო ერთი წლის მანძილზე და რამდენად გაქვთ მათი აღსრულების მოლოდინი?
– მინისტრის ცვლილებასთან ერთად, ერთი პოზიტიური რაც დავინახე, ეს არის მინისტრის განცხადება, რომ სურთ, მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭონ სკოლებს, სამეურვეო საბჭოებს და ადგილზე მიანდონ გადაწყვეტილების მიღება. მივესალმები, ოღონდ ბუნებრივია, ამას ჩვენ დავაკვირდებით, როგორ აღსრულდება ეს დანაპირები. პოზიტიურად მიმაჩნია მასწავლებლებისათვის ხელფასების ზრდა, იმიტომ, რომ ის ხელფასიც, რაც გაზრდილი იქნება, ჩემი აზრით, ისიც არ არის საკმარისი იმ ინფლაციისა და საჭიროების ფონზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მასწავლებლის საბაზისო ხელფასი ღირსეული უნდა იყოს იმისთვის, რომ უკვე სხვა რაღაცაზე ვესაუბროთ.
კიდევ გამოსაყოფია დამოუკიდებლობის კომპონენტი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში სკოლებს მიენიჭებათ და, რა თქმა უნდა, სკოლის სამეურვეო საბჭოებში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის უკეთესი ხარისხი. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ჩართულობა ძალიან ფორმალურია ხოლმე და ესეც სისტემური პრობლემაა, ვინაიდან როცა ხედავენ [მშობლები], რომ მათ ჩართულობას არანაირი შედეგი არ მოაქვს, მონაწილეობაც იკლებს და თუკი დამოუკიდებლობის კომპონენტი გაუმჯობესდება, ბუნებრივია, ყველაზე მეტად მშობელს აინტერესებს თავისი შვილის განათლების ხარისხი და მათი ჩართულობაც უზრუნველყოფილი იქნება, რაც დაძრავს პროცესს, რომელიც თუ ჯაჭვურად გადაედება სკოლებს, მართლა პრინციპულად შეცვლის განათლების სისტემისადმი მშობელთა დამოკიდებულებასაც და მის ხარისხსაც გააუმჯობესებს. მე მართლა მჯერა, რომ მშობლების მონაწილეობის გარეშე, ცალკე აღებული სამინისტრო, ცალკე აღებული მთავრობა, ვინც არ უნდა იყოს და რამდენი ხელფასიც არ უნდა მისცენ მასწავლებელს, ვერ უზრუნველყოფს [შედეგს], ვინაიდან საბოლოო ჯამში, მშობლის ინტერესამდე მიდის – შვილმა ხარისხიანი განათლება მიიღოს.
– სწორედ მოსწავლეთა მშობლები ითხოვენ ძალიან აქტიურად სკოლებში უფასო კვების დანერგვას, თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ თემაზე?
– ვიზიარებ, რომ სასკოლო კვება უნდა არსებობდეს, მაგრამ ასე, ცალსახად მე ვერ ვიტყოდი, რომ ყველგან უნდა იყოს უფასო კვება იმიტომ, რომ თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების პრაქტიკასაც, ეს ასე არ არის მოწესრიგებული, რომ ყველგან უფასო კვებაა.
მე მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ძირითადად უფრო რეგიონებში, სადაც ყველა მუნიციპალიტეტმა იცის, რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს, თუ ვინმეს სჭირდება კვების კომპონენტის შევსება, მუნიციპალიტეტმა ეს უნდა გააკეთოს. ამას არ სჭირდება სახელმწიფოს დონეზე გადაწყვეტა. ხშირ შემთხვევაში, მაგალითად თბილისში, შეიძლება, ეს არ იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მაგრამ სადღაც ეს აუცილებელია.
არ მინდა, რომ უფასო კვების საკითხი რაღაც პოპულისტური განცხადებების დონეზე დარჩეს. ამას სჭირდება კვლევა… თუ მაგალითად აჭარაში, გურიაში, სვანეთში არის ადგილი, სადაც ბავშვებს აქვთ კვების პრობლემა და ამის გამო სხვა პრობლემებია განათლების მიმართულებით, იქ მუნიციპალიტეტმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე. ცენტრალიზებული შეიძლება იყოს ტრანსფერების მინიჭება, ნება, მაგრამ ის, რომ საქართველოში ყველა სკოლაში დავნერგოთ უფასო კვება, არ ვიცი, ეს საბჭოთა პერიოდშიც არ იყო ასე და მაშინაც, მე მახსოვს, რომ ფულს ვიხდიდით 15 კაპიკი ღირდა…
ეს [უფასო კვების ყველა სკოლაში დანერგვა] გამოსავალი არ არის, ჩვენ გვჭირდება ვნახოთ პრობლემა და იმ პრობლემას ვებრძოლოთ ადგილზე. განვსაზღვროთ, როგორ გადავჭრათ ეფექტურად. თან, კვებას გააჩნია, ყველას ერთნაირი კვება არ სჭირდება, კონკრეტული ბავშვებისა და კონკრეტული სკოლის საჭიროებებიდან უნდა ამოხვიდე, რაც რეგიონების მიხედვითაც განსხვავებულია, რაციონსაც მნიშვნელობა აქვს და ბევრ სხვა დეტალს.
უფასო კვება უნდა არსებობდეს საჭიროების მიხედვით, თუ კონკრეტულ სოფელში ბავშვებისთვის ეს საჭიროება არსებობს, იქ აუცილებელია უფასო კვება. მე ვცხოვრობ პირველი ექსპერიმენტული სკოლის წინ, სადაც რამდენი ბავშვიც მოდის, იმდენი ჯიპი მოდის, აჩერებს მანქანას, ჩამოსვამს ბავშვს და უშვებს სკოლაში. მე არ მგონია, რომ მათ შვილებს კვების პრობლემა ჰქონდეთ, ამიტომაც ვთვლი, რომ ზოგადი მიდგომა არ იქნება სწორი.
– და ბოლოს, თქვენ მიერ დასახელებული საკითხების გათვალისწინებით, როგორია სახალხო დამცველის საახალწლო სურვილები საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის?
– ვიცი, რომ ეს ერთ წელიწადში ვერ გაკეთდება, მაგრამ ჩემი სურვილი იქნება, შემდგომი PISA-ს კვლევის შედეგებით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილას იყოს. მართლა გული მწყდება, რომ ჩვენისთანა ნიჭიერი ერი, ხალხი და ბავშვები ვერ აღწევენ იმ შედეგებს და ქვეყანა ბოლო ადგილზეა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ეს შეიცვლება, მაგრამ ამაში ყველას მონაწილეობაა საჭირო. ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვს ოჯახის გასაკეთებელ საქმეს ვერავინ გაუკეთებს.
ოჯახის შემდეგ, ეს არის განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელმაც სულ მცირე სკრინინგი უნდა ჩაატაროს, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობები სწორად იყოს განსაზღვრული. ეს მთელ მსოფლიოში ასეა, ტარდება სპეციალური პროგრამები, სადაც იკვლევენ ბავშვების როგორც მხედველობას, ისე სხვა ტიპის კვლევებს ატარებენ, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მათი შემეცნების ხარისხზე აისახება. ასევე, მონაწილეობის კუთხით, რა თქმა უნდა, აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის. მე ვგულისხმობ ძალადობის კომპონენტს და ნაადრევი ქორწინებების საკითხს, რაც პრობლემაა კონკრეტულ თემში და ადეკვატური, ეფექტური პასუხის გაცემა სჭირდება.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები