“ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ადამიანში მხოლოდ ცუდს ეძებს, რომ უკეთესად დასცინოს და დაამციროს!”, – გულისტკივილით ამბობს მომღერალი მზია გეწაძე. ის თავის ცხოვრებასა და უიღბლო ქორწინებაზე დაუფარავად საუბრობს, რის გამოც, სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდა:
– ჩემი ერთადერთი “დანაშაული” ის არის, რომ ხმამაღლა ვამბობ, რასაც ვფიქრობ. შემიძლია, პირდაპირ ვთქვა შიშველი სიმართლე და არ დავმალო ის, რასაც სხვები გულში იმარხავენ. სწორედ ამიტომ სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გავხდი. რატომ? – ტელეკამერების წინაშე, ხმამაღლა ვთქვი ის, რაც გამოვიარე და საქართველოში უამრავ ქალს გამოუვლია: ცოლად ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გავყევი, რაც 20-30 წლის წინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ძნელია კარგი ოჯახი შექმნა ადამიანთან, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, კარგი ურთიერთობა გვქონოდა. უბრალოდ, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერს წერტილი დავუსვი და გავშორდი. ეს ნაბიჯი ჩემმა ოჯახმა ძალიან მძიმედ მიიღო: წარმოიდგინეთ, რა ძნელია, როცა ტრადიციულ ქალაქში ცხოვრობ და ქმარს გაშორებული შვილი უკან გიბრუნდება, თანაც – ბავშვთან ერთად… ამ დროს შეიძლება, დაუმსახურებელი ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ და ხელიც გიბიძგონ, რომ უფსკრულში გადაიჩეხო.
– თუმცა ოჯახის დანგრევა დღეს აღარავის უკვირს.
– თუმცა, საკმაოდ მტკიცე და კარგი ოჯახებიც იქმნებოდა…
– როგორც გითხარით, ზოგს უმართლებდა – ქმარს ეჩვეოდა და ეგუებოდა, ზოგი კი – ბოლომდე ითმენდა ადამიანს, რომელიც არ უყვარდა. მეც სულ ვფიქრობდი, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, მაგრამ პათოლოგ და მოღალატე ქმარს თავის დროზე უნდა მოშორდეს. მგონი, ასეთ დროს ჯობია, წერტილი დროულად დასვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მაინც ქალი რჩება: გულში ყველა საყვედურობს, რომ შვილებს მამა დაუკარგა, ვიღაც ეჭვის თვალით უყურებს, ვიღაც ჭორაობს… სამწუხაროდ, მეც არ გამიმართლა და ამ საშინელი წნეხის გავლა მომიხდა; მეც ბევრჯერ გავხდი იმ ადამიანების სამიზნე, რომლებიც ყოველთვის ყველაფერში ქალს ამტყუნებენ და არ უფიქრდებიან, ყოველთვის ქალი როგორ არის დამნაშავე?!
ორიოდე მაგალითს მოვიშველიებ: მე მყავს ნაცნობი, რომლის ქმარს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ცოლს სცემდა. როგორც იქნა, გამოექცა, მაგრამ ახლაც დასდევს, აკითხავს და სიცოცხლეს უმწარებს, სამწუხაროდ, არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კარგი ცოლი ასეთ კაცსაც მოარჯულებსო (!)
ისეთი შემთხვევაც მახსოვს, როცა ახალგაზრდა გოგო სამჯერ გამოექცა მოძალადე ქმარს და მშობლებმა სამივეჯერ უკან დააბრუნეს, იმ მოტივით, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ბევრი რამ უნდა მოითმინოს. ამასობაში, სამი შვილი გაუჩნდათ და სანამ ქმარმა შუბლზე იარაღი არ დაადო, მანამ არ გამოაშორეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად, მშობლებიც სცოდავენ! დისჰარმონიულ ოჯახში ქალიც წვალობს, შვილებიც, ერთ შეცდომას მეორე ემატება, მეორეს – მესამე და ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ბავშვები ითრგუნებიან. იხილეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები