პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
spot_img
მთავარიინტერვიუროგორ ვმართოთ ბავშვის რთული ქცევა და ტანტრუმი – ფსიქოლოგ ნათია ზაბახიძის რჩევები...

როგორ ვმართოთ ბავშვის რთული ქცევა და ტანტრუმი – ფსიქოლოგ ნათია ზაბახიძის რჩევები მშობლებს

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ქცევის ანალიტიკოსი, განვითარების ფსიქოლოგი, ნათია ზაბახიძე სტუმრობდა, რომელმაც ქცევასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, მეტყველების და კომუნიკაციის პრობლემებზე, ტანტრუმებზე, დასჯაზე და თერაპიაზე ისაუბრა და მსმენელს ძალიან საინტერესო და საჭირო რეკომენდაციები გაუზიარა.

ნათია, რა ასაკიდან შეიძლება დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა ბავშვთან ქცევასთან დაკავშირებული სირთულე გვქონდეს?

მოდით, სანამ ამ საკითხზე გადავალთ, განვსაზღვროთ, თუ რა არის რთული ქცევა. შემდეგ უკვე ასაკთან მიმართებაში ვიმსჯელოთ, არის თუ არა რთული კონკრეტული ქცევა.

რთულ ქცევად შეგვიძლია განვიხილოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც არის ხელის შემშლელი, დამაზიანებელი და არის ბარიერი მისთვის, რომ განვითარდეს, ადაპტირდეს, იყოს სოციალიზებული და ა.შ. ანუ თუ ქცევა ხელს უშლის ბავშვს ძალიან მნიშვნელოვანი უნარების ათვისებაში, არის მისთვის ან გარშემო მყოფებისთვის დამაზიანებელი ან ხელის შემშლელი, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რთული ქცევაა. მაგალითად, როცა გარკვეული ქცევის შედეგად ბავშვის ან მისი ახლობლების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უარესდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი აქვს რთულ ქცევას, ასევე თუ კონკრეტული ქცევების გამო გვიწევს რაღაცებზე უარის თქმა, გვიწევს რაღაცებისთვის ძალიან დიდი ხნით ადრე მომზადება, ბევრი ისეთი რაღაცის გათვალისწინება, რომელსაც სხვა შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქცევა არ იქნებოდა, არ გავითვალისწინებდით… ეს ყველაფერი ძალიან დიდ ენერგიას, რესურსს მოითხოვს და შესაბამისად, უარესდება ცხოვრების ხარისხი.

როგორ განვასხვაოთ უხასიათო ბავშვი ქცევითი პრობლემის მქონე ბავშვისგან?

ამ შემთხვევაში, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, განვითარების ფსიქოლოგიის ჭრილში განვიხილოთ, ასაკისთვის რა არის შესაბამისი, ასაკისთვის რა არის ნორმა და ასაკისთვის რა შეიძლება იყოს ისეთი ქცევითი გამოვლინებები, რამაც შეიძლება, რომ მას ხელი შეუშალოს. მაგალითად, 2-3 წლის ასაკში წინააღმდეგობა, პროტესტი, ოპოზიციური ქცევები ასაკისთვის დამახასიათებელია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასაკობრივი კრიზისია, თუმცა ეს იმას, არ ნიშნავს, რომ ამაზე სწორი რეაგირება არ უნდა გვქონდეს და ბავშვს არ დავეხმაროთ, რომ გაუმკლავდეს იმ კრიზისებს, რაც მას ასაკობრივად აქვს. განვითარების ფსიქოლოგიას თუ მოვიშველიებთ, 2-3 წლის ასაკში ასაკობრივ ნორმად რაც შეიძლება მივიჩნიოთ, 6 წლის ასაკში ის ასაკობრივი ნორმა არ არის. შესაბამისად, ისეთი კრიზისები, რაც 2-3 წლისთვის არის დამახასიათებელი, თუ გვხვდება 6 წლის ასაკში, ეს ყველაფერი სპეციალისტმა უნდა შეაფასოს და განსაზღვროს. მშობელს, რომელიც ამ სფეროში კარგად ჩახედული არ არის, შეიძლება, ამის იდენტიფიცირება გაუჭირდეს. მშობელმა რაც შეიძლება იგრძნოს, არის ის, რომ მას უჭირს ბავშვის მართვა, მასთან კომუნიკაცია, შეთანხმებების მიღწევა და ა.შ. როცა ეს პროცესი იმდენად რთული ხდება, რომ ვხვდებით, რაღაცები ჩვენს ძალებს აღემატება, ამ შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა. შესაძლებელია, სპეციალისტმა ისეთი რჩევები გასცეს, რომ მშობელმა აბსოლუტურად თავისი ძალებით, სწორი სტრატეგიებით შეძლოს შვილთან თანამშრომლობა, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ სპეციალისტმა გარკვეული დროით, მაგალითად, თერაპიაში ჩართოს ბავშვი.

როგორც წესი, მშობლები მარტივ გამოსავალს და მარტივ, მათთვის სასურველ პასუხებს ეძებენ ხოლმე, მაგალითად, კრიზისია და გაივლის, ცელქია და გადალახავს და ა.შ. , მაგრამ აქ ერთვება კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო მომენტი, მშობლების პედაგოგიური ხელმიშვებულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხანდახან თავად მშობლები, აღმზრდელები, აკეთებენ რაღაცას არასწორად, ბავშვი კი „აკოპირებს“ ამას, რაც იმ კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელია, შესაბამისად, ბავშვის ქცევა თანატოლების ქცევისგან ძალიან განსხვავებულია. აქ რა ტიპის შუალედი უნდა დავიჭიროთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ერთის მხრივ მშობელს, ხოლო მეორეს მხრივ ბავშვს, რომ კიდევ უფრო რთული არ გახდეს საკითხი სამომავლოდ?

თუ მშობელი მივიდა სპეციალისტთან, ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტმა იკითხოს, თუ რა არის მშობლის მოლოდინი, რა უნდა, რომ შეიცვალოს, რა არის მისთვის პრიორიტეტი იმ ეტაპზე, როცა მას ბავშვთან ურთიერთობაში გარკვეული სირთულეები აქვს. სპეციალისტმა ზუსტად იქიდან უნდა დაიწყოს მუშაობა და იმის მიხედვით უნდა დააკვალიანოს მშობელი, რა საჭიროებებიც მისგან მოდის. მნიშვნელოვანია, რა მოცემულობით მოდის მშობელი და რა სირთულეები გვაქვს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს – დაუმორჩილებლობა, ბავშვის მუდმივი უკმაყოფილება, დამაზიანებელი, აგრესიული ქცევა და ა.შ. სხვადასხვა სირთულეზე სხვადასხვა, განსხვავებული რეკომენდაცია და ჩარევის სტრატეგიაა საჭირო, როგორც მშობლისგან, ისე სპეციალისტისგან და როგორც უკვე გითხარით, მნიშვნელოვანია, თუ მე, როგორც მშობელს, რა მაწუხებს. შეიძლება იყოს რამდენიმე სირთულე, შეიძლება იყოს ერთი, მაგრამ დიდი, ინტენსიური. თუ რამდენიმე სირთულეა, მშობელს აუცილებლად ვეკითხებით, მისთვის პირველ რიგში, პირველ ეტაპზე რა არის მნიშვნელოვანი, რა შეუმსუბუქებდა მდგომარეობას, რა გაუმარტივებდა ბავშვთან ურთიერთობას და რა გააუმჯობესებდა მათი ცხოვრების ხარისხს. ასეთ დროს, ბავშვის მდგომარეობაც არ არის ხოლმე მარტივი, შეიძლება, თვითონ არ გვითხრას, მაგრამ ყველაზე მეტად მას უჭირს ხოლმე ასეთ სიტუაციაში.

ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ თუ ბავშვმა მეტყველება დააგვიანა, თუ მას აქვს ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები, თუ ის იქცევა განსხვავებულად, აზიანებს სხვა ბავშვებს და ა.შ. ბავშვი უნდა შევიყვანოთ საბავშვო ბაღში, რადგან ბაღი არის ქცევის კონკრეტული მოდელი, სადაც ყველა ბავშვი თითქმის ერთნაირად იქცევა და ის აუცილებლად დაემორჩილება უცხო ადამიანს, ამ შემთხვევაში, მასწავლებელს. სწორია თუ არა ეს მიდგომა?

ნაწილობრივ კი და ნაწილობრივ – არა. საბავშვო ბაღი ნამდვილად არის ძალიან სასურველი და საჭირო სოციალური გარემო გარკვეული ასაკიდან, მოდით ვთქვათ, სამი წლიდან. საბავშვო ბაღში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო სოციალური უნარების, სოციალური ნორმების სწავლება და თანატოლებთან ურთიერთობა, ანუ პირველი სოციუმი სახლის გარეთ ბავშვისთვის არის საბავშვო ბაღი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და შემზადებაა მოზრდილი ცხოვრებისთვის, სკოლისთვის და ა.შ.

რატომ ამბობენ სპეციალისტები და რატომ აქვთ მშობლებს იმედი, რომ საბავშვო ბაღში მისვლის შემდეგ ბავშვის მეტყველება და სხვა სოციალური უნარები განვითარება?! იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეც ხდება და გამოცდილებიდანაც გვაქვს ნასწავლი, რომ საბავშვო ბაღში მისვლის შემდეგ ბავშვის მეტყველება, ლექსიკა, ფრაზები მდიდრდება. ეს ნამდვილად ასე ხდება, რადგან დღესდღეობით, ბავშვებს სახლში თითქოს დიდად არ აქვთ მეტყველების მასტიმულირებელი გარემო, ძირითადად არის ეკრანი, რადგან მშობლები ძირითადად ძალიან დაკავებულები ვართ, არ გვაქვს იმდენი დრო და ენერგია, რომ ბავშვებს ბევრი ვესაუბროთ, ვუკითხოთ, ვეთამაშოთ, არადა ეს არის ის, რაც მათი მეტყველებას და სოციალური უნარების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. რეალურად, ბაღი არის გარემო, სადაც ბავშვს უწევს ისაუბროს, მოუსმინოს თანატოლს, მიხვდეს კონკრეტული ფრაზების მნიშვნელობას და ა.შ. ნამდვილად ბევრი უნარის განვითარება ხდება ბაღში, მაგრამ თუ გვაქვს განვითარებასთან დაკავშირებული რაღაც სირთულეები, კონკრეტული მდგომარეობის გამოხატული სიმპტომატიკა და ა.შ. შეიძლება, მხოლოდ ბაღი ვერ იყოს დამხმარე და ვერ იყოს საკმარისი. ასეთ სიტუაციაში, ბაღში არსებული ფაქტორები შესაძლოა, რომ უფრო მეტად გამაღიზიანებელი იყოს, რადგან შეიძლება, ბავშვის მიმართ იყოს ძალიან ბევრი ისეთი მოთხოვნა, რომლის უნარიც არ აქვს და როცა ბავშვის მიმართ ბევრი ისეთი მოთხოვნაა, რომლის შესრულების შესაძლებლობა და უნარიც არ აქვს, რა თქმა უნდა, ეს იწვევს პროტესტს, დისკომფორტს და რადგან მას დისკომფორტში ყოფნა არ უნდა, სხვადასხვა, რთული, პრობლემური ქცევებით ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს ეს დისკომფორტი. ასეთ დროს, იმის მოლოდინი, რომ დავტოვოთ ბავშვი ბაღში, რომ ის ამას გადალახავს და თავისით დაალაგებს ყველაფერს, შეიძლება, მთლად სწორი არ იყოს. ასეთ დროს, ვერც ბაღს მივანიჭებთ 100%-ით იმ პასუხისმგებლობას, რომ მათ მოაგვარონ ყველაფერი. შეიძლება, ასეთ დროს, ბავშვს ბაღში ინდივიდუალურად დასჭირდეს ადამიანი, რომელიც მასთან ერთად იქნება და დააკვალიანებს, რა როგორ უნდა გააკეთოს, რადგან შეიძლება, მართლა იმის გაგების სირთულე იყოს, თუ რას სთხოვენ ბაღში. შეიძლება, ბავშვი ვერ ხვდებოდეს, რა დროს რას სთხოვენ. შეიძლება, ასეთ დროს, ინდივიდუალური ადამიანი საკმარისი იყოს, მაგრამ შეიძლება, იყოს შემთხვევა, რომ ეს არ იყოს საკმარისი და ბავშვს ინდივიდუალურად, თერაპიულ გარემოში სჭირდებოდეს სწავლება იმის, რაც მერე მას ბაღში გამოადგება.

როდის არის მეტყველების დაგვიანება ქცევასთან მიბმული პრობლემა, როდის ცალკე აღებული და ძალიან მნიშვნელოვნად მისახედი?

მეტყველების განვითარებაში შეფერხება შეიძლება, რომ ცალკე მდგომარეობა, ცალკე დიაგნოზი იყოს, მაგრამ მეტყველების განვითარების შეფერხება დიდი ალბათობით, ყველა ვარიანტში გამოიწვევს ქცევით სირთულეებს, რადგან მეტყველება არის საშუალება, რომ დავამყაროთ კომუნიკაცია და პირველ რიგში, ჩვენი საჭიროებები, სურვილები, მოთხოვნილებები გავაჟღეროთ. მეტყველების პირველი დანიშნულება არის ის, რომ შევძლოთ კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც გვჭირდება.

კომუნიკაცია სიტყვების და ლაპარაკის გარეშე, ჟესტებით, არავერბალური ნიშნებითაც შეიძლება, ანუ შემიძლია,  მივანიშნო ჩემს საჭიროებაზე, მაგრამ ეს არის საბაზისო დონეზე. როცა უფრო მეტი მჭირდება, არავერბალური ჟესტები საკმარისი აღარ არის და იწყება გაღიზიანება.

მეტყველების განვითარებაში 2 ნაწილია, 1 – რამდენად კარგად მესმის,  რას მესაუბრებიან სხვები და 2 – მე რამდენად შემიძლია სათქმელის გაჟღერება. მეტყველების განვითარება მსმენელის უნარების განვითარებით იწყება. თავიდან, სანამ ბავშვი მეტყველებას დაიწყებს, ჯერ ესმის. შეიძლება,  ბავშვი სიტყვებს ვერ ამბობდეს, მაგრამ ჩვენ, რომ ვეუბნებით, ბურთი, ბოთლი, სათამაშო, მან იცის, თუ რაზე ველაპარაკებით. გარკვეულ შემთხვევებში, როცა მეტყველების განვითარებაში შეფერხებაა, პრობლემაა მოსმენილის გაგებაც და ამ დროს სრულიად დეზორიენტირებულია ბავშვი, ვერც იმას იგებს კარგად, თუ რას ეუბნებიან და თვითონაც ვერ აჟღერებს თავის საჭიროებებს. ასეთ დროს, აუცილებლად უნდა ჩაერიოს სპეციალისტი, იქნება ეს ქცევის თერაპევტი, განვითარების სპეციალისტი თუ მეტყველების თერაპევტი და აუცილებლად უნდა მოხდეს იმის სწავლება, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა სიტყვა და რა სიტყვებით უნდა გამოვხატოთ საჭიროებები. აღნიშნულის სწავლების სხვადასხვა ტექნიკები და მეთოდები არსებობს.

ზოგ შემთხვევაში, შეიძლება იყოს მდგომარეობა, რომ ვერბალურად კომუნიკაციის რესურსი არ იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს კომუნიკაცია არ შეუძლია და რომ არ შეიძლება, ალტერნატიული კომუნიკაციის ხერხები ვასწავლოთ. აღნიშნული ბავშვს საშუალებას მისცემს დაკმაყოფილებული იყოს მისი მოთხოვნები და მან მოახდინოს სოციალიზაცია, ურთიერთობა.

მეტყველება, ანუ ენა კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე სასურველი და მისი მეშვეობით ყველაზე დეტალურად შეგვიძლია კომუნიკაციის დამყარება.

ტანტრუმების დროს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ეს ყველაფერი დავაიგნოროთ, რამდენად სწორია ასეთი მიდგომა და როგორი იქნება თქვენი რჩევა, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

ძალიან მიხარია, რომ ამ კითხვაზე კომენტარის გაკეთების საშუალება მომეცა, რადგან მეც მომისმენია, როცა ამბობენ, რომ  თუ ბავშვი მაღაზიაში რაღაცას სოციალურად მიუღებელი ფორმებით ითხოვს, არის ძალიან გაღიზიანებული, უბრალოდ დავაიგნოროთ. ამ რეკომენდაციის შესრულება შეუძლებელია. დაიგნორება იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუ ბავშვის ქცევა იმით არის გამოწვეული, რომ ყურადღება მიიღოს. გასათვალისწინებელია, რამდენად შესაძლებელია დაიგნორება ისე, რომ ბავშვის უსაფრთხოება გათვალისწინებული იყოს. ჩვენ  პირველ რიგში უნდა დავაყენოთ ბავშვის როგორც ემოციური, ისე ფიზიკური უსაფრთხოება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ემოციურად იყოს უსაფრთხოდ. კი, გავიგეთ, რომ შოკოლადი უნდა და რადგან ჩვენ არ ვყიდულობთ, ამის გამო გაღიზიანდა და გაწვა ძირს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ქცევის თერაპევტებისთვისაც კი რთულია, ასეთი რთული ქცევის დაიგნორება, თერაპიულ გარემოშიც კი, სადაც ყველაფერი საჭიროებისამებრ არის მოწყობილი. ასეთი პროცედურების განხორციელება ძალიან კარგ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. მშობელმა რაც უნდა გააკეთოს ასეთ დროს, არის ის, რომ პირველ რიგში, ბავშვის უსაფრთხოება უზრუნველყოს, რამენაირად უსაფრთხოდ გამოარიდოს იმ სიტუაციას, თუ თვლის, რომ ბავშვი ემოციურად ძალიან ცუდად არის და ძალიან გაღიზიანებულია, ჩაეხუტოს და მოეფეროს ბავშვს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ასეთი შემთხვევები ხშირი და მუდმივია, მაშინ მშობელმა სპეციალისტთან უნდა გაიაროს რეკომენდაცია.

რაც შეეხება იგნორს, იგნორის ფუნქცია არის ის, რომ ბავშვმა  ვერ მიიღოს ის, რასაც ითხოვს, მათ შორის, ყურადღება და მაღაზიაში შეუძლებელია, რომ ვინმემ არ მიაქციოს ბავშვს ყურადღება, იქ ხომ მარტო მშობელი არ არის. ამ დროს მშობელი ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, რადგან ერთის მხრივ, ბავშვი არის ასეთ დღეში და მეორეს მხრივ, არის ხალხი, რომელთაც ვერ გაუგიათ, რა ხდება. მოკლედ, მაღაზიაში არ დავაიგნოროთ ბავშვი, გამოვიყვანოთ, ვუთხრათ, რომ გვესმის მისი, უბრალოდ ამ წუთას ვერ ვახერხებთ იმ ნივთის შეძენას, რაც მას სურს და წავიყვანოთ სახლში და შემდეგ მოვიძიოთ პროფესიონალური დახმარება. ასე უნდა მოვიქცეთ ქუჩაშიც.

ძალიან დიდი პატივისცემა ყველა კოლეგას, ვისაც აქვს სურვილი, რომ მშობლებს ძალიან ეფექტური რეკომენდაციები მისცეს, მაგრამ ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ პრაქტიკული გამოცდილება არ აქვთ და როგორც თერაპევტებს რთულ ქცევაზე არ უმუშავიათ.

როცა ასეთ სირთულეზე გვაქვს სამუშაო, აუცილებლად თერაპევტთან ერთად  უნდა იყოს დაგეგმილი მთელი პროცესი, ანუ როგორ მივდივართ მაღაზიაში, რას ვაკეთებთ იქ, რას ვყიდულობთ, რას არ ვყიდულობთ, რა შეთანხმება გვაქვს ბავშვთან, შეუძლია თუ არა ბავშვს შეთანხმებების გაგება და ა.შ. ეს ნამდვილად ყურადღება მისაქცევი მდგომარეობაა და აუცილებლად სამუშაოა.

ის, რომ ასეთი ქცევა დავაიგნოროთ და ის ჩაქრება, სწორი რეკომენდაცია არაა.

რამდენად მისაღებია დასჯის მსუბუქი ფორმები? რა საკვირველია, აქ არ იგულისხმება ფიზიკური დასჯა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

დასჯა არის ქცევაზე მუშაობის ერთ-ერთი სტრატეგია, თუმცა ქცევის ანალიზში და ქცევის თერაპიაში, რა მიმართულებითაც მე ვმუშაობ, ეთიკის კოდექსი გვავალდებულებს, რომ ჯერ პოზიტიური მართვის სტრატეგიები გამოვიყენოთ, რომ ვცადოთ ყველაფერი, რაც პოზიტიურ ცვლილებასთან არის დაკავშირებული და თუ დავინახავთ, რომ ჩვენი ეს პოზიტიური ჩარევა არ ამართლებს, ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ რაც შეიძლება მინიმალური დასჯა. დასჯა შეიძლება იყოს მითითებაც. თუ ჩვენ აღარ გვინდა, რომ ბავშვმა კონკრეტული ქცევა კიდევ განახორციელოს და თუ ჩვენ ვეტყვით, რომ მაგალითად, კედელს ნუ ურტყამს ჯოხს, ესეც შეიძლება დასჯად მოვიაზროთ, რადგან ეს არის მითითება, რომლის მეშვეობითაც იმ კონკრეტული ქცევის ჩაქრობა გვსურს.

პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება და შედარებით უფრო მისაღები ფორმაა ის, რომ ბავშვთან ერთად შეთანხმდეთ გარკვეულ საკითხებზე და რომ ბავშვმა წინასწარ იცოდეს, თუ რა შეიძლება იყოს ამ შეთანხმების არ შესრულების შედეგი. მაგალითად, თუ ვართ შეთანხმებულები, რომ სასკოლო ასაკის ბავშვმა 20:00 საათამდე უნდა შეასრულოს გაკვეთილები და რომ მას მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია დაჯდეს და კომპიუტერით ითამაშოს, თუ ეს არ შესრულდება, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერ ითამაშებს, ანუ ის ვერ მიიღებს სასურველს, თუ შეთანხმებას არ შეასრულებს.

თუ ძალიან არასასურველი ქცევა განხორციელდა ბავშვის მხრიდან, თუ ის აგრესიულად მოექცა თანატოლს და ა.შ. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ვუთხრათ ბავშვს ჩვენი პოზიცია, რომ არ მოგვეწონა ის, რაც მან გააკეთა. თუ ეს პროცესი იმდენად დამაზიანებელია, რომ იმ წუთასვე არის ჩარევა საჭირო, შეგვიძლია ფიზიკურადაც გავაკავოთ ბავშვი და ასე შევუშალოთ ხელი დამაზიანებელი ქცევის განხორციელებაში და მკაცრი გამომეტყველებით ვუთხრათ, რომ არ მოგვწონს მისი ასეთი ქცევა.

სხვანაირი დასჯის ფორმები მიუღებელია როგორც ეთიკურად, ისე ადამიანურად. ასევე აღსანიშნავია, რომ შეიძლება, დასჯამ რაღაც მომენტში, მყისიერად გაამართლოს, მაგრამ ამას გრძელვადიანი ხასიათი არ ექნება. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვმა გაიაზროს, თუ რატომ არ მოგვწონს რაღაც. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, რომ მოახერხოს სხვანაირად გამოხატოს ის, რის გამოც იმ სოციალურად მიუღებელ ქცევას ახორციელებდა. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი