მომღერალ მიშა უშიკიშვილს ერთ-ერთი საავტორო სიმღერისთვის ტექსტი პოეტმა ნანა ცინცაძემ დაუწერა
და სახელიც თავადვე დაარქვა – „დაიწყება დღეს“. პრემიერა რადიო „დარდიმანდში“ და „საქართველოს ხმაში“ შედგა. როგორც თავად აღნიშნა, შოუბიზნესში არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, ამ საავტორო სიმღერით თავიდან დაიწყება მისი კარიერაც და მსმენელს მალე საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს.
– მიშა, თავდაპირველად გაეცანით ჩვენს მკითხველს.
– რამდენიმე მუსიკალური პროექტი დამწყები მომღერლებისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა, თქვენ არასდროს გიცდიათ მონაწილეობა?
– დიახ, როგორ არა. სწორედ ამ სიმღერის, „შემიყვარდა მე პატარა გოგო“ ჩანაწერი და ფოტომასალა გავგზავნე პროექტ „ნუცას სკოლაში“. დამირეკეს და მითხრეს, რომ მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად უნდა მივსულიყავი, მაგრამ იმ პერიოდში ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს და პროექტიც აღარ გაგრძელდა. ვცადე „ვარსკვლავების აკადემიაშიც“, თუმცა ამ პროექტთან სასიამოვნო მოგონებები არ მაკავშირებს. შემდეგ დავიწყე მომზადება არაჩვეულებრივ ვოკალის პედაგოგთან, ქალბატონ ლალიკო ბერაძესთან ჯაზის განხრით, მერე კი კლასიკურ ვოკალზე გადავედი და ბოლო დროს უკვე საკუთარი სიმღერების წერაც დავიწყე. ზურა მახნიაშვილთან რომ მივიტანე პირველად, მელოდია ძალიან მოეწონა და შემომთავაზა, რომ ტექსტი დაგვეწერა. ასე ჩაიწერა სიმღერა „გჯეროდეს“. მიხარია, რომ ის მსმენელმა შეიყვარა.
– ახალი წლის შემდეგ გქონდათ პრემიერა სიმღერისა, რომელიც პოეტ ნანა ცინცაძის ტექსტზე შეიქმნა, ამის შესახებაც გვითხარით.
– ჩემი ოცნება იყო, ქალბატონ ნანას ტექსტზე მემღერა. ცოტა არ იყოს, შიშით მივედი მასთან. მე ხომ არ ვიყავი პროფესიონალი კომპოზიტორი, მივდიოდი ჩემი სიმღერით და ბუნებრივია, ძალიან ვღელავდი; არ ვიცოდი, რას მეტყოდა, მოეწონებოდა თუ არა. ქალბატონმა ნანამ მითხრა, რომ მელოდია მართლაც ლამაზი იყო და დამპირდა, კარგ ტექსტს დავწერო, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ. არანჟირება კვლავ ზურა მახნიაშვილს ეკუთვნის. სიმღერას ჰქვია „დაიწყება დღეს“, ეს არის რიგით მეორე საავტორო სიმღერა, რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა. ტექსტი ხომ ქალბატონმა ნანამ დამიწერა და სიმღერას სახელიც თვითონვე მოუფიქრა. ახლა ორ რადიოში ტრიალებს – რადიო „დარდიმანდში“ და „საქართველოს ხმაში“. პრემიერაც სწორედ ამ რადიოებში შედგა. ვფიქრობ, ამ საავტორო სიმღერით ჩემი კარიერაც თავიდან დაიწყება და აღარ გავჩერდები. დაწერილი მაქვს რამდენიმე ახალი სიმღერა. მინდა ამ ტექსტების ავტორიც ნანა ცინცაძე იყოს, მას ემოციებისა და სიტყვების ულევი მარაგი აქვს, თუმცა ჩვენს სფეროში სხვა ბევრი პრობლემა და დაბრკოლებაა. დღესდღეობით შოუბიზნესში ნაკლებად იქმნება ახალი. განვლილ წლებს თუ გადავხედავთ, უფრო აქტიურად იქმნებოდა და იწერებოდა ახალი სიმღერები. იღებდნენ კლიპებს, ეს ერთგვარი შეჯიბრებასავით იყო – აბა, ვინ უფრო კარგ სიმღერას და კლიპს შესთავაზებდა მსმენელს; სატელევიზიო ეთერი ეთმობოდა მუსიკალურ გადაცემებს, პრესაც შესაბამის ყურადღებას აქცევდა ხელოვნებას. მომღერლებს გარკვეულწილად რთული გზის გავლა გვიწევს, თუნდაც ცნობადობის მიღწევა და შემდგომ შენარჩუნება ძალიან რთულია. არის ბევრი წინააღმდეგობა. აი, მაგალითად, ტელევიზიაში გადაცემის პროდიუსერისთვის მიმიწოდებია ახალი სიმღერა და მას უთქვამს, რომ მოსწონს, ლამაზი სიმღერაა და დამიკავშირდება გადაცემაში გადაღებისთვის, მაგრამ… აღარ დამკავშირებია და მიზეზი რომ მიკითხავს, პასუხი ასეთია: სიმღერა „ჩვენი გადაცემის ფორმატის“ არ არისო. საწყენია, როდესაც ასეთ პასუხს იღებ მას შემდეგ, რაც დაპირება მოგცა, რომ გადაცემაში მიიღებდი მონაწილეობას. მქონია ისეთი შემთხვევაც, რომ მიმიცია ინტერვიუ, ფოტოები, მაგრამ არ დაუბეჭდავთ იმ მიზეზით, რომ სკანდალურ თემებზე არ გავაკეთე კომენტარი, რედაქტორს უარი უთქვამს გამოქვეყნებაზე. ყველაფრის მიუხედავად, როგორც უკვე გითხარით, ახლო მომავალში ბევრი გეგმა მაქვს. კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე ვიწყებ მუშაობას, ამჯერად მე არ ვიქნები სიმღერის ავტორი და თუ ვინ იქნება, ამას მოგვიანებით გავამხელ, როდესაც შევიძენ. წაიკითხეთ ვრცლად ჟურნალი “გზაში”