შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლება„ჩემი ემოციით მთელი სოფელი ავიკელი“ – ქვეყნის საუკეთესო პედაგოგები გურჯაანიდან, თბილისიდან, ყვარლიდან...

„ჩემი ემოციით მთელი სოფელი ავიკელი“ – ქვეყნის საუკეთესო პედაგოგები გურჯაანიდან, თბილისიდან, ყვარლიდან და ბაღდათიდან

მათ ყველა სხვა შემოთავაზებას, საკუთარი ცხოვრების განვითარების თითოეულ სხვა სცენარს მასწავლებლობა არჩიეს. უარი თქვეს გაცილებით პერსპექტიულად მიჩნეულ, გაცილებით მაღალანაზღაურებად პროფესიებსა და სამსახურებზე და ბავშვობის ოცნება აიხდინეს – მასწავლებლები გახდნენ. დარჩნენ საკუთარ ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში და დაამტკიცეს, რომ წარმატების მიღწევა, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა და საუკეთესოთა რიგებში ყოფნა ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია.

EDU.ARIS.GE-მ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულის ხუთი წევრი უკვე გაგაცნოთ. დღეს კი მეორე ხუთეულს წარმოგიდგენთ. სტატიიდან გაიგებთ როგორ შევიდნენ ქვეყანაში საუკეთესო მასწავლებლების სიაში ნუკრი კარკაძე, ნინო შუხოშვილი, ნანა მარღანია, ნათია ნაფეტვარიძე და დიმიტრი პოპოვი. რატომ გადაწყვიტეს პედაგოგობა, რა გამოწვევების დაძლევა მოუხდათ კარიერის მანძილზე, რა მიღწევები აქვთ და როგორ ხედავენ ისინი თანამედროვე მასწავლებლის ფუნქციას.

ნუკრი კარკაძე: „კონკურსი, ყოველწლიურად, უფრო საინტერესო ხდება“

„გამარჯვებულის სტატუსი იქნება პასუხი შეკითხვაზე: რატომ არ წავედი სოფლიდან. ეს კიდევ უფრო დაარწმუნებს ჩემს მოსწავლეებს, რომ აქედანაც, სადაც დავიბადეთ, შეიძლება დიდი წარმატების მიღწევა“, – ეს ბაღდათის N1 საჯარო სკოლისა და როკითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის, ნუკრი კარკაძის სიტყვებია. პედაგოგიური მოღვაწეობა 2008 წელს, სოფელ წითელხევის ხელოვნების სკოლაში დაიწყო. აქამდე ბავშვების სიყვარულმა მიიყვანა და პირველივე გაკვეთილზე დარწმუნდა, რომ მთელი ცხოვრება ეს საქმე უნდა ეკეთებინა.

კონკურსზე კოლეგებმა, მოსწავლეებმა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა ემიგრანტებმა წარადგინეს. მომერიდა და აპლიკაცია შევავსეო, გვეუბნება.

„ჩემი ემოციით მთელი სოფელი ავიკელი, სხვადასხვა ოჯახიდან მოისმოდა მისალოცი შეძახილები და მინდა, ეს ექო სულ მესმოდეს“, – პირველ რეაქციას იხსენებს პედაგოგი.
განსაკუთრებულად ეამაყება, რომ ჯილდოს ათეულში მუსიკის მასწავლებელი პირველადაა. ამბობს, რომ ეს ფაქტი საგნისა და მასწავლებლების მეტ დაფასებას შეუწყობს ხელს. მისი მისწრაფება მუსიკის საგნის სხვა საგნებთან ინტეგრირებაა. ამავდროულად, სათემო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემებისა და გამოწვევების აქტუალური ურთიერთკავშირი საგაკვეთილო სწავლებასთან, რასაც თავადვე ურთულეს გამოწვევას უწოდებს. ბავშვებს მუდმივად არწმუნებს იმაში, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს. მთავარია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩეს. მისი მოსწავლეები, საერთაშორისო კონკურს – ფესტივალების გამარჯვებულები არიან, ზოგიერთი კი უკვე უმაღლეს მუსიკალურ საფეხურზე სწავლობს.

„არაფორმალური განათლების კუთხით გამოვყოფდი პროექტებს: ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალი ,,N – ოვაცია 2021,’’ რომელშიც ჩემმა მოსწავლეებმა, ჩემივე დაწერილი პიესით წლის საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლის ნომინაციაში გაიმარჯვეს. სულ განხორციელებული მაქვს 180 საერთაშორისო და რეგიონული პროექტი, უმეტესი მათგანი ჩემი დაგეგმილი და ორგანიზებულია. ყურადღებას გავამახვილებ სულ ახლახან ჩატარებულ ჩემს საავტორო მასშტაბურ საღამოზე – ,,შვიდი AVE MARIA ’’, რომელშიც 70 მოსწავლე, ქალთა სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სოლისტები და წარმატებული მუსიკოსები მონაწილეობდნენ. აღნიშნული საღამო ბაღდათში 7 თებერვალს დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა“, – გვიყვება ნუკრი კარკაძე.

თანამედროვე მასწავლებლის მთავარ მიზნად და ფუნქციად ღირსეული მოქალაქეების აღზრდას მიიჩნევს. ამბობს, რომ პედაგოგმა მოსწავლეს საკუთარი თავისა და სხვისი უფლებების დაცვა და პატივისცემა, ემოციური მდგომარეობის გაზიარება და თანაგრძნობა უნდა ასწავლოს, მოუსმინოს თავის შინაგან სამყაროს, ამოიცნოს საკუთარი თავი და ღირსეულად შექმნას ხვალინდელი ჰარმონიული გარემო.

ნინო შუხოშვილი: „მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს“

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გეოგრაფიის, მოქალაქეობისა და ჩვენი საქართველოს მასწავლებელი ნინო შუხოშვილი პედაგოგობის უკვე მე-16 წელს ითვლის. კონკურსში მონაწილეობის ეს მისი მეორე მცდელობაა და ამჯერად წარმატებული.

არის არაერთი საერთაშორისო პროექტის მონაწილე და გამოცდილება საგაკვეთილო პროცესში გადმოაქვს. საკუთარი პრაქტიკის ძლიერ მხარეებად მიაჩნია არაფორმალური განათლება, პროექტული სწავლება, სასწავლო თამაშები, გაკვეთილები ბუნებაში, მუზეუმში, სწავლა კეთებით. ამბობს, რომ განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა რეგიონში ნაკლებია, ამიტომ ილიასმცოდნეობის კლუბი დააარსა, რომელიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს და რომლის მიზანიც ილიას მიდგომებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა.

„მინდა ყველას, მიუხედავად ასაკისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, შეექმნას საშუალება მიიღოს საჭირო ცოდნა და უნარები, გაიზიაროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები, იყოს რეალიზებული. აღმოაჩინოს საკუთარი და თემში არსებული შესაძლებლობები. გამოიყენოს როგორც პირადი, ასევე რეგიონისა და ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“, – აღნიშნავს ქალბატონი ნინო.

მისი საგნების სასწავლო თემები უკავშირდება როგორ სასკოლო, ისე სათემო საკითხებს და არაფორმალური განათლების ფარგლებში შესაბამისი პროექტებით ერთვება. რამდენიმე ჩვენც გაგვიზიარა: ის და მისი მოსწავლეები, უკვე რამდენიმე წელია, წარმატებულად მონაწილეობენ საერთაშორისო გარემოსდაცვით პროექტებში და კონკურსებში; არიან მდგრადი განვითარების ოლიმპიადის გამარჯვებულები, რეგიონის მასშტაბით; საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოახერხეს სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; პროექტის „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ჩემს ქალაქში“ ფარგლებში ქალაქში არსებულ ნაკლებად ცნობილი ან მივიწყებული ძეგლები გამოიკვლიეს, აპირებენ შექმნან განახლებული ტურისტული რუკა და გაავრცელონ ბუკლეტები; სკოლაში განათავსეს ,,მწვანე ყუთები”, სადაც ყოველ წელს გროვდება მაკულატურა და წიგნებში იცვლება.

ფიქრობს, რომ თანამედროვეობა ადამიანს ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს. შესაბამისად, მოსწავლისთვის მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიცემა საკმარისი აღარ არის. მისი აზრით, მასწავლებელმა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომელიც სწავლებას საინტერესოს გახდის, მორგებული იქნება მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, აღუძრავს ცნობისმოყვარეობას და ხელს შეუწყობს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას.

„ამისთვის კი მასწავლებელი თვითონაც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მზად იყოს სიახლეებისთვის, ფეხს უწყობდეს თანამედროვე გამოწვევებს, აქტიურად იყენებდეს ტექნოლოგიებს, აძლევდეს მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენას – რომ შრომა ყოველთვის ფასდება და მონდომებით, ცოდნით, შრომით, მოთმინებით და დისციპლინით ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია“, – დასძენს ნინო შუხოშვილი.

ნანა მარღანია: „მასწავლებელმა მოსწავლეთა მრავალფეროვნება უნდა გაითვალისწინოს“

ჩვენი მომდევნო რესპონდენტი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. პროფესიით იურისტი უკვე 15 წელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლაში მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს და სამოქალაქო განათლების მენტორ მასწავლებლად მუშაობს.

კონკურსში ბედი წელს მესამედ სცადა. ჩვენს კითხვაზე, რა დაეხმარება, მისი აზრით, გამარჯვებაში ყველაზე მეტად, გვპასუხობს, რომ პედაგოგიური საქმიანობით თემსა და სკოლაში პოზიტიური ცვლილებების შეეტანა მოახერხა.

„მუდმივად ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე. ვმონაწილეობ საერთაშორისო პროექტებში, სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი ესტონეთში, გერმანიასა და ჩეხეთში. საინტერესო გამოცდილება მივიღე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სკოლაში დანერგვის მეთოდოლოგიასა და განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, რასაც მოსწავლეებს, კოლეგებს, რეგიონის სკოლებს ვუზიარებ,“ – გვიყვება ქალბატონი ნანა.

მისი ერთ-ერთი ინოვაციური მიდგომა პრაქტიკაში თეატრით სწავლების მეთოდის დანერგვაა, რაც ავითარებს შემოქმედებით და კრეატიულ აზროვნებას, პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების ძიების უნარს. საგრანტო პროექტის ფარგლებში სკოლაში შექმნა ღია სივრცე „თანასწორობის ბაღი“, სადაც მინი სპექტაკლებს მართავენ.

„სხვა ინოვაციურ პედაგოგიური სწავლების მეთოდებთან ერთად, სწავლა-სწავლების პროცესში ვიყენებ პროექტებით სწავლებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. 2017 წლიდან სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბს, მედია კლუბს, მოხალისეთა კლუბს ვხელმძღვანელობ და ფასილიტაციას ვუწევ მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობას. არაერთი საგრანტო პროექტი განვახორციელეთ, სკოლას მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსები შევძინეთ. სულ ახლახან სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის ვარციხის საჯარო სკოლამ იმერეთის რეგიონში ლიდერი სკოლის ტიტული მოიპოვა “,- გვეუბნება პედაგოგი და დასძენს, რომ ათეულის წევრობა, მით უფრო კონკურსში გამარჯვება მის შესაძლებლობებს რამდენადმე გაზრდის. გეგმები კი მართლაც ბევრი აქვს.

მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნის მასწავლებლის კომპეტენცია თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა შეესაბამებოდეს. მასწავლებელი, მისი აზრით, არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ მოდერატორი, მენტორი და ინოვატორი.

„მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა კულტურული და სოციალური მრავალფეროვნება, მათი ემოციები, ხედვები, ინტერესები და შესაძლებლობები. უნდა იყოს ემპათიური, იცოდეს, როგორ მართოს თავისი და მოსწავლეების ემოციები, რათა შექმნას პოზიტიური და სტაბილური სასწავლო გარემო. მოერგოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, შესაძლებლობებს და ამ მიზნით სწავლების უნივერსალური დიზაინი გამოიყენოს. 21 – ე საუკუნის მასწავლებელმა, აკადემიურ განათლებასთან ერთად, მოსწავლეებს სწორი დამოკიდებულებები და ღირებულებები უნდა გამოუმუშაოს, როგორიცაა თანასწორობა, თავისუფლება, განსხვავებულის მიმღებლობა. მოამზადოს მომავალი ცხოვრებისათვის, ასწავლოს გამოწვევებთან გამკლავების და მიზნის მიღწევის გზები“, – დასძენს ნანა მარღანია. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი