იტალიაში მცხოვრები 11 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილი “ბარსელონას“ აკადემიამ მსოფლიო ჩემპიონატში (Barça Academy World Cup 2025) მონაწილეობისთვის შეარჩია.
ჩემპიონატი მომავალი წლის 14-17 აპრილს გაიმართება ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში. ალექსანდრე ფეიქრიშვილი იტალიის U12 ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს.
“ამ ზაფხულს, ივლისში “ბარსელონას“ აკადემიიდან იყვნენ ჩამოსულები დამკვირვებლები და გუშინ (18 ოქტომბერი) საღამოს მივიღეთ ესპანეთიდან წერილი, თქვენს შვილს “ბარსელონა“ მსოფლიო თასზე სათამაშოდ იწვევსო, – მეუბნება ალექსანდრეს დედა ია შარიაშვილი (ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს მას, როგორც ნიჭიერ და თვითმყოფად თვითნასწავლ მხატვარს). – არ გვჯეროდა, დავრეკეთ და გვითხრეს, რომ სიმართლე იყო.
მაშინ, აკადემიის ვარჯიშების დროს კი უთხრა თავისმა მწვრთნელმა, უდიდესი ტალანტი გაქვს და ასე გააგრძელეო. სასწაულებს აკეთებდა. წამოსვლისას “ბარსელონას“ აკადემიის დამკვირვებლებმა დაუძახეს და ალექსთან ფოტო გადაიღეს, ალბათ უკვე შერჩეული ჰყავდათ… აქაც ვინ აღარ გვილოცავს, გადარეულები არიან, ჯერ კიდევ ვერ მოვდივართ გონზე.
“ბარსელონას“ აკადემიას დიდი ფეხბურთელების “ინკუბატორს“ უწოდებენ. ეს გზა გაიარა ბევრმა ვარსკვლავმა, მათ შორის, მესიმ, გავიმ, იამალიმ და სხვებმა…“
11 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილმა საფეხბურთო ისტორიაში თავისი პირველი ფურცელი უკვე დაწერა – იგი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „ბარსელონას“ აკადემიის მსოფლიო თასზე ითამაშებს.
ალექსანდრე იტალიაში, ქალაქ სიენაში დაიბადა 2013 წლის 23 აგვისტოს. როგორც დედამისი, ია შარიაშვილი ამბობს, 2 წლიდან იჩენდა დიდ ინტერესს ფეხბურთის მიმართ და 2021 წლის ოქტომბერში, 8 წლის ასაკში მიიყვანეს ფეხბურთზე ქალაქ პოჯიბონსის გუნდ “Upp“-ში, რომელიც ფლორენციის “ფიორენტინას“ ეკუთვნის.
მწვრთნელებმა მისი გამორჩეული ნიჭიერება პირველივე ვარჯიშზე შეამჩნიეს და მაშინვე წაიყვანეს შეჯიბრზე (არავის სჯეროდა, რომ მანამდე ფეხბურთზე არასოდეს უვლია), რის შემდეგაც თავისი გუნდის მთავარი ფიგურა გახდა. ალექსანდრე 10 ნომრით თამაშობს, ფორვარდის პოზიციაზე.
უყვარს დრიბლინგები და ორივე ფეხით ერთნაირად თამაშობს. წლევანდელი სეზონის დასასრულს თავისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და “ოქროს ბურთი“ გადასცეს თანაგუნდელების და მწვრთნელების ხელმოწერებით.
ასევე, როგორც გუნდის კაპიტანს, მოგებული აქვს სხვადასხვა ტურნირი ტოსკანაში.
ალექსმა ამ ზაფხულში წარმატებით ჩაატარა “ბარსელონას“ აკადემიის შესარჩევი ვარჯიშები და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო ესპანელი დამკვირვებლებისგან. გუშინ კი გაირკვა, რომ იგი ესპანეთში მსოფლიო თასზე სათამაშოდ შეარჩიეს, რომელიც “ბარსელონას“ აკადემიის ორგანიზებით გაიმართება 2025 წლის 14-17 აპრილს.
ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად “ბარსელონას“ აკადემიამ ნორჩი ფეხბურთელები, გოგონები და ბიჭები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის (U8-დან – U16-მდე) მთელი მსოფლიოდან, 200-მდე გუნდიდან შეარჩია (სულ 2000-მდე ფეხბურთელი). U12 ასაკობრივ ჯგუფში (2013-2014 წლებში დაბადებულები) 600 ბიჭიდან იტალიის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე 15 ითამაშებს, მათ შორის, ალექსანდრეც.
მასალის გამოყენების პირობები