გულს იმ პაციენტს უნერგავენ, ვისაც გულის ისეთი მძიმე უკმარისობა აქვს, რაც წამლებითა და სხვა ქირურგიული მეთოდებით მკურნალობას არ ექვემდებარება. გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტთა 95%-ის მდგომარეობა, დატვირთვისა და ყოველდღიური აქტივობის თვალსაზრისით, საგრძნობლად უმჯობესდება… რთული და სარისკო ოპერაციაა, რასაც უამრავი პრობლემა ახლავს.
ახლა 21 წლის ქართველი გოგონას ქეთი ქარუმიძის ამბავი უნდა მოგიყვეთ, – მას გული 13 წლის ასაკში გადაუნერგეს. თავის ოჯახთან ერთად, გოგონას წლების განმავლობაში უმძიმესი დღეები აქვს გამოვლილი.
რატომ გახდა აუცილებელი მისთვის გულის გადანერგვა, როგორ დაძლია ურთულესი პრობლემა და დღეს როგორ გრძნობს თავს, ამაზე ქეთი გვიამბობს.
– ქეთი, ვიდრე შენს თავგადასავალს მოგვიყვები, გვითხარი, ამ ეტაპზე რას საქმიანობ?
– ჯანმრთელობის პრობლემის გამო, 9 კლასის შემდეგ, სასწავლებლად პროფესიულ კოლეჯში გადავედი, სადაც დაახლოებით 2 წელი ჯერ კონდიტერია და შემდეგ კულინარია შევისწავლე. ახლა სტაჟიორი ვარ და მუშაობის დაწყებას ვაპირებ. აქამდეც ვმუშაობდი, ჯერ სასტუმროში – საუზმეზე და ხალხის მომსახურება ბარშიც მიწევდა. ვიყავი ერთ-ერთ ჰიპერმარკეტშიც…
– ჯანმრთელობის პრობლემა როგორ და როდის დაგეწყო?
– მე 8 წლის ვიყავი, ჩემი და მარიამი – 11-ის, როცა მშობლებმა ქართულ ცეკვებზე შეგვიყვანეს. იქ სიარული ორივეს ძალიან მოგვწონდა.
დაახლოებით, 1 წელი ვიარეთ და ჩემს დას მოულოდნელად პრობლემები დაეწყო – ძალიან ადვილად იღლებოდა და ტუჩები ულურჯდებოდა.
მე ამას ვერ ვატყობდი, რადგან პატარა ვიყავი… მასწავლებელმა ჩემი მშობლები გააფრთხილა, იქნებ ექიმთან მიიყვანოთ და გაიგოთ, რა იწვევს ამასო… როცა შეამოწმეს, გულის დაავადება აღმოაჩნდა.
– რა დაავადება?
– რესტრიქციული კადრიომიოპათია. კარდიომიოპათია სამნაირია, მაგრამ რესტრიქციული შეუსწავლელია. ამას ჯერჯერობით ვერ იკვლევენ. იშვიათი დაავადებაა და მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანს თუ აქვს. მარიამს კარგა ხანს იკვლევდნენ, ბევრ ექიმთან ჰყავდათ. მერე ცეკვებიდან გამოიყვანეს და მხოლოდ მე დავდიოდი.
ერთხელაც ექიმმა ჩემს მშობლებს უთხრა, სხვა შვილები, ანუ თქვენი გოგონას და-ძმაც შეამოწმეთო. მაშინ ჩემი ძმა იოანე, რომელიც ახლა 12 წლისაა, ჯერ არ იყო დაბადებული, მარტო მე ვიყავი და მე შემამოწმეს. აღმოჩნდა, რომ გულები გაჭრილი ვაშლივით ერთნაირი გვქონდა… მეც იგივე პრობლემა მქონდა.
– მოკლედ, ოჯახში მოულოდნელი საფიქრალი გაჩნდა, ბავშვებს შეუსწავლელი დაავადება დაგიდგინდათ…
– კი. ჩვენი კვლევა, დაკვირვება ჯერ საქართველოში მიმდინარეობდა. პერიოდულად გარკვეულ მონაცემებს უცხოეთშიც აგზავნიდნენ… ბევრი რამ არ მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი, მაგრამ რაც მშობლებისგან ვიცი, ეს არის… მე არანაირი სიმპტომი არ მქონდა – არც მალე ვიღლებოდი და არც ტუჩები მილურჯდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ცეკვიდან მეც გამომიყვანეს. სკოლაში ჩვეულებრივად დავდიოდი. გააგრძელეთ კითხვა
მასალის გამოყენების პირობები