მიყვარხარ ძირფესვიანად…
ბაღებს შეებნენ ბალღები,
ვარდები კრიფეს ხვიარა,
მიყვარხარ შენი ბაღებით,
მიყვარხარ ძირფესვიანად…
მოწინწკლა, წვიმის წვეთები
მზის სხივებს წაეთამაშნენ,
ზეცის სამკლაურს ვედები,
ზედ ცისარტყელა გავაშრე…
გავიარ – გამოვიარე,
ვტკეპნე ნაპირთან ქვიშანი,
მიშრობს, მიამებს იარებს
ციდან მოსული ნიშანი;
უნდა დავბრუნდე, ცხადია,
ცრემლი ვაპკურო საფლავებს,
სადაც ირმები დარბიან,
ფსოუს ვიპოვი სათავეს…
არასდროს გამიჭირდება
გზა გამოვიცნო სახლამდე,
ღმერთი ვიპოვო, მჭირდება,
სრულყოფილ გარდასახვამდე…
ბაღებს შეებნენ ბალღები,
ვარდები კრიფეს ხვიარა,
მიყვარხარ შენი ბაღებით,
მიყვარხარ ძირფესვიანად…
ავტორი: გოჩა ოჩიგავა – სამართლის დოქტორი, პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის“ ნამდვილი წევრი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.
გოჩა ოჩიგავა ორი უცხოენოვანი მონოგრაფიისა და 30 – ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. წერს ლექსებს, მოთხრობებს, ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს, ხატავს. სხავადასხვა დროს, მისი შემოქმედებითი საღამოები გაიმართა თავისუფალ თეატრში, მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.
2024 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული – „მატარებელი თბილის გაგრა“ – I ტომი. მისი ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალსა და გაზეთში.
დაიბადა აფხაზეთში, გაგრაში, 1980 წლის 21 მარტს.