ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი და 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია. 25 წელია, მოსწავლეებს სკოლაში ცოდნას გადასცემს, თავისუფალ აზროვნებას და სამართლიანობის მნიშვნელობას ასწავლის.
– როგორ ფიქრობთ, ბოლო თვეების მანძილზე რა ხდება საქართველოში?
– ხელისუფლებას სიცოცხლის 5 ეტაპი აქვს. ახლა ის ბოლო ეტაპის წინა პერიოდშია, როდესაც ვიღაცისგან აღიარებას ცდილობს. თუ რომელიმე უცხო ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა, იტყვის, რომ თითქოს იმ ქვეყანამ ისინი აღიარა. შემდეგ დეპრესიის ეტაპი იწყება და ბოლოს უკვე შეგუებაა.
– დანარჩენი ეტაპები რა არის?
– პირველი განრისხებაა. განრისხდა და დაგვერია, – 14 დღე გვარბევდა. შემდეგი თითქოს დამშვიდება-მინელების ეტაპი იყო – მოემზადა და საკუთარი ამომრჩევლისთვის მსუყე საკენკი შეაგროვა იმისთვის, რომ ისინი იმაში დაეჯერებინა, თითქოს ყველაფერი კარგად არის…
– აქციებზე როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც ჩადიოდით… უწყვეტ პროტესტში ჩართული იყავით. საბოლოოდ კი, 5.000 ლარით დაგაჯარიმეს…
– პოლიტიკაში არასოდეს წავალ – ეს ზუსტად ვიცი და საკუთარი თავისთვის არასოდეს ვიბრძვი. 25 წელია, სკოლაში ვმუშაობ, ათიათასობით მოსწავლეა ჩემს ხელში გამოვლილი. თბილისში აქციაზე, 200-300 ყოფილი მოსწავლე ჩემ გვერდით სულ იყო. მერე მარტოებს ვერ ვტოვებდი და მათთან ერთად ღამეებს ვათენებდი. მეორე, ვინც ახლა სკოლაში სწავლობს და ლადო აფხაზავა სწორედ მათთვის იბრძვის. თორემ ხელისუფლების ცვლილებით, მე რომ რაიმე სარგებელი მივიღო, ამაზე არასდროს მიფიქრია.
– პროცესზე სიტყვა წარმოთქვით, მშობლები გაიხსენთ… თურმე დედ-მამა 17 წლის ასაკში დაგიკარგავთ. როგორც ჩანს, თავიდანვე ძლიერი იყავით, რომ ამ ტრაგედიებმა არ გაგტეხათ… ვინ იყვნენ თქვენი მშობლები და ცოტა მეტი რომ გვითხრათ მათზე?
– დედა ბაღში მრეცხავად მუშაობდა, მამა ხის ხელოსანი იყო. დედა 47 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 4 შვილი დაგვტოვა, ჩემი დები მაგ დროს უკვე გათხოვილები იყვნენ. დედას და მამას ერთმანეთის დიდი სიყვარული ჰქონდათ და როდესაც დედა წავიდა, მამამ მის გარეშე ყოფნას ვეღარ გაუძლო – თავი მოიკლა, (ჩამოიხრჩო). მამა, რომელიც ჩემს იმედად იყო, საკუთარი ხელით ჩამოვხსენი…
მამაჩემი ასეთ მდგომარეობაში დილით, 11 საათზე ვნახე, ლოგინზე დავაწვინე და მერე შუადღის 3 საათზე როცა თვალი გავახილე, აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი. თურმე წავქცეულვარ, გონები დამიკარგავს… გააგრძელეთ კითხვა


