ანა ბაჯის სახელი რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებში გვხვდება. ძველი თბილისის აშუღმა საიათნოვამ ასეთი სიტყვებით შეამკო ეს ქალბატონი: „მტერსა სრესავს ფეხქვეშ ჭიასავითა…” იეთიმ გურჯმა კი პოემა მიუძღვნა სახელწოდებით:
„გმირი ქალი ანა – ბაჟი“, რომელშიც მოთხრობილია ანას მამაცური თავგადასავალი.
ამბობენ, რომ ანა ქალისათვის უჩვეულო ღონის პატრონი ყოფილა. თავის წიგნში „ქართველი ქალები” დ. ქორიძემაც გვიამბო ანა ბაჯის შესახებ. თუ რა არის ცნობილი ანას შესახებ, ჩვენს სტატიაში გიამბობთ.
ანას სახელი ცნობილია, როგორც უჩვეულო ძალ-ღონის მქონე ქალბატონისა. ის გაზრდილა და დაბადებულა თბილისში, დაახლოებით მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში. ანა ღარიბი ქართველი ხელოსნის შვილი ყოფილა. 16 წლის ასაკში გათხოვილა. მისთხოვებია მუხათელ მამაკაცს და საცხოვრებლადაც მუხათში გადასულა. ახალგათხოვილ ქალს ქმრის ოჯახში 7 რძალი დახვედრია. ანა მათთან ერთად შესდგომია შრომას და ყველანი ერთად გადიოდნენ ფონს. არც ანას და არც მისი ქმრის გვარი ჩვენთვის ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია ამ ქალის გამჭრიახი გონებისა და უჩვეულო ძალის შესახებ. ანა, თურმე გაქცეულ კამეჩს რქებში ხელს ჰკიდებდა და ისე აჩერებდა, მას გულადობისთვის თათრებმა ძმობა აღუთქვეს და ამიტომ დაარქვეს ანა ბაჯი. „ბაჯი” დას ნიშნავს.
ამ ღონიერ ქალს, რომელსაც კარგად ეხერხებოდა ცხენით ჯირითი, ხმლის ქნევა, მტრის წინააღმდეგ ვაჟკაცური ბრძოლა, ჭიდაობა, რამდენიმე ცნობილი ფალავანიც ჰყოლია დამარცხებული.
ხანდაზმული მუხათელები მეოცე საუკუნეშიც იხსენებდნენ წინაპართა მონაყოლს, რომ თურმე, მეუღლისა და მამათილის თანხლებით წასულა ერთხელ კვირაცხოვლის დღეობაზე ანა ბაჯი. იქ მყოფებს ჭიდაობა გაუმართავთ, რომელშიც ახლომახლო სოფლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვება თელეთს რგებია. მუხათელების დამარცხებულად გამოცხადება ანას ძალიან დამამცირებლად მიუღია. ქმრისა და მამამთილის დაუკითხავად, თვალის დახამხამებაში შევარდნილა საჭიდაო მოედანზე და რამდენიმე მამაკაცი ზედიზედ წაუქცევია. ამის შემდეგ, თურმე, ყველა ანაზე ალაპარაკებულა. მისი ასეთი ძლევამოსილების ამბავი თბილისელ მოჭიდავე გეო ტერტერაშვილსაც გაუგია და ანასთვის შეუთვლია: გიორგობა დღეს, ბოლნისში გიწვევ საჭიდაოდო.
ანამ მიიღო ტერტერაშვილის გამოწვევა. თურმე დიდი, პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა გიორგობას, ყველა ბოლნისს გამგზავრებულა. ანაც მამამთილსა და მაზლთან ერთად წასულა. გზად მათ ყაჩაღები დახვედრიან. ბორჩალოელ ყაჩაღ ბაირამს, რვა ამხანაგთან ერთად, მგზავრების ძარცვა დაუწყია. მათ ანას მამამთილი მოუკლავთ, მაზლი კი მკლავში დაუჭრიათ. ყაჩაღს ანა მოსვლია თვალში, ხელიც მოუხვევია საკოცნელად, მაგრამ ქალს მოულოდნელად მისთვის ხანჯალი წაუძვრია, რომლითაც თვალის დახამხამებაში თავი მოუჭრია. ანა ბაჯის ბაირამისთვის მისი მეგობრებიც მიუყოლებია. შემდეგ კი, დაჭრილი მაზლისთვის მიუხედავს, ხელი მოუბანია, შეუხვევია, მიცვალებული მამათილი ცხენზე გაუკრავს და მუხათში გაუტანებია. ანა კი, ბაირამის ცხენზე შემჯდარა, მისივე იარაღი აუსხავს და ბოლნისისკენ გაქროლებულა.
ბოლნისის სიონის ეზოში შეკრებილი ხალხი თურმე, მოუთმენლად ელოდა ანას გამოჩენას. ანას ერთ-ერთი მაყურებლისთვის გადაუცია ცხენი და იარაღი, თვითონ კი მოედნის ცენტრში გასულა და გეო ტერტერაშვილი გამოუწვევია. რამდენიმე წამში მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შერკინებიან. ანას, ძლიერი და სახელოვანი მეტოქე ზურგზე მოუგდია და ძირს ისე დაუხეთქებია, ტერტერაშვილს ცხვირ-პირიდან სისხლი წასკდომია. სამი დღის შემდეგ კი, გარდაცვლილა.
ამის შემდეგ, გამარჯვებული ანა მუხათში დაბრუნებულა და მამათილი დიდი პატივით დაუკრძალავს.
ანა ოჯახში წყნარი, მორჩილი და საქმიანი ყოფილა, როგორც ყველა ქართველი ქალი. ერთხელ, სულ რამდენიმე დღის გათხოვილი ანა და მისი რძლები, თურმე კამეჩებს წველიდნენ. უცებ, ბუღა მოვარდნილა და პირუტყვს დარევია. შეშინებულ ქალებს წივილ-კივილი აუტეხავთ და აქეთ-იქით გაფანტულან. ეს რომ ანას დაუნახავს, ბუღასთვის ხელები ფეხებში უტაცია და მოშორებით გადაუსვრია. რძლის ასეთ მოქმედებას თვალს ადევნებდა ანას დედამთილი, რომელიც თავის ვაჟთან მისულა და უთქვამს, შენმა ცოლმა კამეჩების მოწველაზე უარი განაცხადა და გვითხრა: არც თქვენი კამეჩები მაინტერესებს და არ მათი მოწველაო. ქმარი გაბრაზებული შესულა ანასთან და დაუტუქსავს. ანა, თურმე მორჩილად თავწახრილი იდგა. ეს რომ დედამთილს დაუნახავს, შვილი შეუჩერებია და უთქვამს: შვილო, ტყუილი გითხარი, მაინტერებდა, ანა თავს როგორ დაიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ მოექეცი ის მორჩილად იდგა და თავდახრილი გისმენდაო და რძალი გულში ჩაუკრავს. წაიკითხეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები