ატენის სიონი, ისე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის იმ რეგიონებშიც, რომლებიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია) მიმოფანტული სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლები, ქვეყნის ისტორიას ჰყვებიან…
ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (გორის მუნიციპალიტეტი, გორისა და ატენის ეპარქია), მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში, ქ. გორიდან 12 კმ დაშორებით, მდინარე ტანას შუა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე. VII ს. ეს ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი მცხეთის ჯვრის ხუროთმოძღვრულ ტიპს იმეორებს. აგებულია გრანდიოზულ ხელოვნურ ბაქანზე, რომლის უდიდესი სიმაღლე 12/15 მ შეადგენს, ხოლო ფართობი 800 მ2-ია. სუბსტრუქცია 40-45 %-ით დახრილ კლდის მასივზეა მიშენებული და საინჟინრო ხელოვნების ზედმიწევნით მაღალ დონეს გვიჩვენებს.
ატენში ბაზილიკის არსებობაზე მიუთითებს ბეით მარ ისააკ გაბულელის მონასტრის წინამძღვარ თომას სირიული ეპისტოლე, რომლის თანახმად, ამავე მონასტრის ეპისკოპოსი სვიმეონი VI ს. 40-50-იან წლებში ჩამოსულა საქართველოში, ტანას მონასტერში, და იქ არსებული კონფესიონალური დარღვევების გამო შეკრებილ ქართლის ეპისკოპოსებს ანათემაზე გადაცემით დამუქრებია. VI ს. სირიული წყაროს მიხედვით, ამ პერიოდის ატენში მონასტერი ფუნქციონირებს, რომელსაც აქვს ისეთი დიდი ტაძარი, სადაც საეპისკოპოსო კრების მოწყობა იყო შესაძლებელი.
ატენში დაახლოებით VI ს. საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა. ატენის ეპისკოპოსი მოხსენიებულია საკურთხეველის აფსიდის სამხრეთ კალთაზე განაწილებულ IX-X სს. სამსტრიქონიან ნუსხურ წარწერაში: „ესე ხელი მე დავწე[-რე] ატ(ენი)ს ებ(ისკოპოზ)ი, ვინ წაიკითხოს ღ(მერთ)მ(ან) ადიდენ“. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII ს. დასაწყისში ატენის სიონი კვლავ მონასტერია, სადაც სვამენ ახტალის (ლორე) გაუქმებული ეპარქიის ეპისკოპოსს: „ატენის სამხრით არის მონასტერი სიონი, გუმბათიანი, კეთილნაშენი, და ან სმენ გადამდგარს ეპისკოპოზს ახტალის მაგიერ, ვინაითგან იგი უქმ არს, და ან არს ნიში მისი“. წაიკითხეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები