სადღესასწაულო დღეები გვიახლოვდება და როგორ წესი, ამ პერიოდს ბავშვები განსაკუთრებით აღნიშნავენ. თოვლის ბაბუას, საჩუქრების მიღებას ელოდებიან. გართობა, საყვარელ ადამიანებთან, თანატოლებთან ერთად ყოფნა სურთ. თუმცა, შესაძლოა, ამ პერიოდს გარკვეული იმედგაცრუებებიც თან ახლდეს. როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ ჰქონდეს და ემოციურადაც და ფიზიკურადაც ზედმეტად არ გადაიღალოს – თემაზე მწერალი, ფსიქოლოგი და წერის საავტორო სკოლის დამფუძნებელი გურამ მეგრელიშვილი გვესაუბრება:
– გადაჭარბებული მოლოდინები შფოთვას იწვევს, რომელიც შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ორი საკითხი უნდა განვსაზღვროთ და შევეცადოთ, ზღვარი გავავლოთ. პირველი – ბავშვს ოცნება საერთოდ არ უნდა მოვუკლათ და პატარა ასაკშივე არ უნდა ვუთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. მეორე – არ შევუქმნათ ილუზია, რომ რასაც ინატრებს, ყველაფერი აუსრულდება. პირველ რიგში, როდესაც მსგავს საკითხზე ვსაუბრობთ, ასაკი უნდა განვსაზღვროთ. ლოგიკურია, რომ 5 წლის ბავშვი შეიძლება, თოვლის ბაბუას ელოდებოდეს. მაგრამ, თუ 16 წლის მოზარდი კვლავ თოვლის ბაბუას ელოდება, მაშინ ან მანიპულაციას აქვს ადგილი, ან გარკვეული ტიპის ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ის მიდგომა, რომ ზოგიერთი მშობელი შვილს თავიდანვე ეუბნება, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და ფიქრობს, მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, გარკვეული ტიპის ოცნებების მსხვრევას უკავშირდება. თუ ბავშვს თოვლის ბაბუის სჯერა, მაგრამ ითხოვს ისეთ ნივთებს, რომელთა შეძენასაც მშობელი ვერ ახერხებს, შეუძლია, უთხრას, რომ თოვლის ბაბუასაც გარკვეული რესურსები აქვს და შეიძლება, მიტანა ვერ შეძლოს. ამიტომ, შესთავაზეთ ორი ალტერნატიული წერილის დაწერა, რომ არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. ერთის მიტანას თუ ვერ შეძლებს, მეორე ხომ აუსრულდება. თუ ბავშვს თოვლის ბაბუის არ სჯერა, მაშინ ხვდება, რომ საჩუქარი მშობელმა უნდა მიუტანოს. ამ შემთხვევაში, მშობელმა შეიძლება, შვილს უთხრას, რომ მას გარკვეული შეზღუდული რესურსები აქვს. თუმცა, ეს უნდა მივაწოდოთ ისე, რომ სტრესული არ იყოს და ბავშვს დანაშაულის შეგრძნება არ ჰქონდეს. არ იფიქროს, რომ საჩუქრის გამო დედას ან მამას წვალება უწევთ. დამუნათება, რომ მის გამო რაღაცას აკეთებთ, რაიმეზე უარს ამბობთ, ძალიან სტრესულია. შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვალდებულებისა და დანაშაულის განცდა ჰქონდეს. ამიტომ, კარგი ვარიანტია, თუ მშობელი შვილს ეტყვის, დაახლოებით, რა ბიუჯეტის ფარგლებში აპირებს საჩუქრის შერჩევას და შერჩევის პროცესში თავადაც ჩართავს. სრულად
მასალის გამოყენების პირობები