საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ინგლისური ენის ცოდნის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში და აუცილებელია სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარება ჩვენი ბავშვებისთვის, რომ მათ არსებულ კონკურენტულ გარემოში თავისუფლად ადაპტირება შეძლონ.
ამის შესახებ მინისტრმა კონფერენციაზე – „დიდი ბრიტანეთი-საქართველო: საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ინგლისური ენის სწავლების და შეფასების სფეროში“, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ასევე საგანმანათლებლო რესურსების თვალსაზრისით, რაც საბოლოოდ, მოსწავლეებზე უნდა აისახოს.
„ჩვენ საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის გაუმჯობესების კუთხით უკვე შემუშავებული გვაქვს სტრატეგია, როგორც სკოლებისთვის, ასევე, განათლების სხვა საფეხურებისთვის. ამასთან, სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭოსთან და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების და დანერგვის კუთხით. შედეგად, მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის ხარისხს, რაც საშუალებას მისცემს მათ იყვნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა პირველ დეკემბერს, კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ინგლისური ენის სტრატეგიის როლი საქართველოში ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ამასთან, გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი ბრიტანელ და ქართველ პროფესიონალებს შორის სწავლებისა და შეფასების ისეთ მეთოდებზე, რომლებიც მორგებული იქნება ადგილობრივ საჭიროებებზე და, ამავე დროს, შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
კონფერენცია ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებს მიეძღვნა.
მასალის გამოყენების პირობები