განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი გადაცემაში “დღის პოსტი” ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების შესახებ საუბრობს და განმარტავს, საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებებთან დაკავშირებით რა სიახლეებია სკოლებისთვის:
– სკოლაში ორნაირი შეფასება გვაქვს – ერთია განმავითარებელი, რომელიც მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდე გამოიყენება. მასწავლებლები ამ დროს ნიშანს არ წერენ, წერენ გულებს, ღიმილებს და ასე შემდეგ.
მე-5 კლასის მე-2 სემესტრიდან განმსაზღვრელი, ანუ ნიშნიანი შეფასება შემოდის. ეს არსად წასულა, არ გაუქმებულა. განმსაზღვრელი შეფასება ძალაში რჩება, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმის ძველ რედაქციაში ეწერა, რომ იმისათვის, რომ მასწავლებელი განმსაზღვრელ შეფასებაზე გასულიყო, სამი კომპონენტი უნდა გაეთვალისწინებინა – საკლასო დავალება, საშინაო დავალება და შემაჯამებელი. აღნიშნული სამი კომპონენტით უნდა გამოეყვანა ნიშანი. რა შეიცვალა ახლა? -მოხდა ის, რომ მხოლოდ ეს შეფასებები სავალდებულოდ აღარ არის განსაზღვრული.
მასწავლებელს შეუძლია, გადაწყვიტოს, დატოვოს, საკლასო დავალებაც, საშინაო დავალებაც და შემაჯამებელიც, ან მაგალითად, მუსიკის, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ჩათვალოს, რომ უნდა, კომპონენტად პროექტიც შემოიტანოს, რომ საბოლოო ჯამში ნიშანი გამოიყვანოს. შესაძლოა, საკლასო დავალების დროს პროექტები ჩაამატოს. საკლასო დავალება, საშინაო დავალება და შემაჯამებელი არსად გამქრალა. იმისათვის, რომ სკოლებს მეტი ავტონომია მივცეთ, არის კონკრეტული საგნები, სადაც მასწავლებელმა ნახა, რომ მხოლოდ საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებებით შედეგზე ვერ გავიდა და უნდა, საპროექტო, ან დიაგნოსტიკური დავალება, ან კიდევ სხვა კომპონენტი გამოიყენოს. ახლა ამის შესაძლებლობა ეძლევა. დავალებები არ გაუქმებულა, გაუქმდა ვალდებულება, რომ იმისათვის, რომ ნიშანი დაწერო, მაინცდამაინც საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებით უნდა გამოიყვანო ქულა.
ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო, არ იღელვოთ. საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებები არსად წასულა. სკოლებს ავტონომიურობის ფარგლებში, მეტი ლავირების საშუალება მიეცათ. ძველ რედაქციაში მეორე დათქმაც იყო. მასწავლებელს შეეძლო, ნიშანი მხოლოდ შემაჯამებელი დავალებით გამოეყვანა, თუმცა ეს სამინისტროსთან უნდა შეეთანხმებინა. დღეს ვამბობთ, რომ სამინისტრო კი აღარ შეითანხმებს ამას, თავად სკოლა გადაწყვეტს, რომელი კომპონენტით უნდა, რომ შევიდეს ნიშნიან, განმსაზღვრელ შეფასებაზე. უნდათ იმავეს დატოვებენ, ან კიდევ მეტ მრავალფეროვნებას შეიტანენ.
მასალის გამოყენების პირობები