ფოტოზე ნაჩვენები გზა, ეკლესია და საუკუნოვანი ისტორიის შემნახველი წყლის წისქვილი გურიაშია გადაღებული და სოფელ აკეთს ეკუთვნის.
ამ გზაზე ასფალტი ნახევარ საუკუნეზე მეტია, არავის ახსოვს. გზის საფარი მოწესრიგდა და გაკეთდა ისეთ ადგილებში, სადაც ასფალტი არასდროს ყოფილა. ეს ისტორიული ამბავია!
ახლა, ეს რეაბილიტირებული, ნებისმიერი ავტომობილისთვის კომფორტული, დაგრეხილ ბაწარივით მოქნეული გზები სუფთა ჰაერზე, მწვანეში ჩაფლულ, ჩანჩქერების სიგრილეში, საქუხიას კანიონთან, წყლის წისქვილებთან მიგიპატიჟებთ, სადაც ყველაზე სტუმართმოყვარე გურულები გამოგეგებებიან, სუფრას უცებ გაგიშლიან, გემრიელად გაგიმასპინძლდებიან და მოგიყვებიან აქაურს და იქაურს, აქამდე უთქმელ და დაუჯერებელ ამბებს.
სანამ ოფიციალურ დეტალებს გაიგებთ ამ გზის შესახებ, მანამ პატარა ექსკურსიას მოგიწყობთ…
აკეთის სახელწოდება გადმოცემის მიხედვით სიტყვა „აკეთედან!“ მოდის. სოფელში არის თიხნარი ნიადაგი. ამის საფუძველზე განვითარებული იყო მეთუნეობა.
XVIII საუკუნემდე სოფელი ეკუთვნოდა ართმელაძეებს. 1772-76 წლებში გურიელებმა აკეთი უბოძეს ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი.
აქ თუ გკითხავენ „ჩამოი? როის მიხვალ?“ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთი სული აქვთ თქვენს წასვლამდე. პირიქით, ეს იმიტომ აინტერესებთ, რომ რაც შეიძლება მეტი პატივისცემა მოასწრონ თქვენს მიერ ნათქვამ დროში.
აქ მოისმენთ ამბავს, როგორ აიგო ტაძარი სოფელ აკეთსა და აცანაში. რომ ამ ტაძარში სასწაულმოქმედი ხატი ინახებოდა, აქ მოგიყვებიან ოსტატზე, რომლის ნაშენები ეკლესია, თვით თამარ მეფეს შეუქია.
ეს ის გზაა, რომელიც იმ მიწასთან მიგიყვანთ, რომლითაც პირველი თიხის ჭურჭელი გაკეთდა…
ეს ის გზაა, რომელიც იმ სოფელში მიგიყვანთ, სადაც პირველი ბიბლიოთეკა გაკეთდა…
გზა შუხუთიდან ადის, ჯერ ზემოაკეთს გაივლის, სადაც სხვადასხვა სოფლებისკენ იყოფა გზა. მარჯვნივ აცანისკენ, იქ საქუხიეს კანიონი და ტაბერნე გელოდებათ.
„ტაბერნე გურიაში-აცანა“ არის ადგილი, სადაც კესო ნამდვილ გურულ გემოებს გაზიარებთ, თან პატარა ექსკურსსაც ჩაგიტარებთ ეთნოგრაფიულ ექსპონატებს შორის. წაიკითხეთ სრულად