4-20 მილიონი წლის წინ ოკეანეებში უზარმაზარი მტაცებელი ცხოველი, მეგალოდონი, ბინადრობდა. ზვიგენის ეს გადაშენებული სახეობა, დღესდღეობით ცოცხალი ასეთი არსებების მსგავსად, სიცოცხლის განმავლობაში ათასობით ეშვს კარგავდა.
ზოგიერთი მსგავსი ნიმუში სანაპიროებზე ირიყება, მთლიან ჩონჩხზეა შემორჩენილი ან ძველ ქანებშია მოქცეული. აქამდე ის არასდროს აღუწერიათ ისეთ ადგილას, სადაც თავდაპირველად დაეცა, ანუ ოკეანის ფსკერზე. ახლა კი მეცნიერებმა მეგალოდონის ეშვს სწორედ იქ მიაგნეს.
კერძოდ, მათ ის წყნარ ოკეანეში, 3000 მეტრ სიღრმეზე, შენიშნეს, როცა ამ არეალს დისტანციურად, აპარატის მეშვეობით, აკვირდებოდნენ.
ნიმუშის ჩვენამდე მოღწევას ოკეანური ფსკერის ამ რეგიონში დანალექის შეფერხებულ დაგროვებას უნდა ვუმადლოდეთ — იქ დინებები იმდენად ძლიერია, რომ აღნიშნულ პროცესს ხელს უშლის.
სპეციალისტებმა დაახლოებით 3.6 მილიონი წლის წინანდელი ეშვი ხმელეთზე ამოიტანეს. აღმოჩნდა, რომ მისი ზედა ნაწილი მომტვრეული იყო, კიდეები კი ხერხისებურად ჰქონდა დაკბილული. მეგალოდონს ბასრი ეშვები ზოგჯერ ადამიანის ხელის ზომისაც კი ეზრდებოდა და დიდი ცხოველებზე თავდასხმის საშუალებას აძლევდა.
ნიმუშის ზომა 63-68 მილიმეტრია და აქამდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე დიდი არაა. ამის მიუხედავად, ის ოკეანეში მეგალოდონის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.
აქამდე მკვლევრებს მეგალოდონის ეშვები 250-5570 მეტრი სიღრმიდანაც ამოუღიათ, მაგრამ, ესაა პირველი შემთხვევა, როცა ეშვი თავდაპირველ მდებარეობაშივე აღწერეს. ავტორთა აზრით, ეს მსგავს კვლევებში თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელოვან როლს ცხადყოფს
მათი ნაშრომი გამოცემაში Historical Biology: An International Journal of Paleobiology გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები