17 იანვარს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა, ქართული პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რობერტ ბარძიმაშვილს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ჟანრის განვითარებაში, მის სახელთანაა დაკავშირებული 1958 წელს ანსამბლ „ორერა“-ს ჩამოყალიბება, იგი იყო პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მთელ საბჭოთა კავშირში, რომელმაც არნახული პოპულარობა მოიპოვა. ანსამბლს დაკრული აქვს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.მის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი შესანიშნავი ჯგუფის შექმნა “ვია-75”, რომელიც ქართული სცენის ფლაგმანად იქცა 70/ 80-იანი წლებში.1985 წლიდან კი ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ჯორჯიას“ და ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ლახტს“. 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დააარსა სკოლა-სტუდია „ლახტი“.
დღეს გაეცნობით საბჭოთა კავშირში პირველი ბენდის მიერ შექმნილი პირველი ვიდეოკლიპის ისტორიას(თუმცა იმ პერიოდში ვიდეოკლიპი, როგორც ასეთი ტერმინი ჯერ კიდევ არ არსებობდა)
“ორერა” იმხანად ერთადერთი იყო, რომელიც კაპიტალისტურ ქვეყნებში მოგზაურობდა. ამით, უპირველესად, საბჭოეთის ბიუჯეტი სარგებლობდა – იმპერიის ხაზინას მილიონები ემატებოდა, მუსიკოსებს კი სიმბოლური ჰონორარი…
1967 წელს კანადაში მსოფლიო გამოფენა “ექსპო-67”-ს მილიონობით ადამიანი ეწვია. საბჭოთა კავშირმა გამოფენაზე წარადგინა ყველაფერი ის, რითაც ამაყობდა. ამიტომ საბჭოთა პავილიონი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ყველაზე დიდი მოწონება “ორერამ””დაიმსახურა. ქართველები პროგრამას ფრანგული სიმღერით ხსნიდნენ.
უცხოელი მაყურებელი საათობით იდგა რიგში… ყველა სიმღერა “ბისზე” სრულდებოდა. კონცერტების შემდეგ კი უცხოელ იმპრესარიოებს ქართველების საგრიმიოროზე იერიში მიჰქონდათ. კანადურმა პრესამ “ორერა”, “ბითლზისა” და “როლინგ სთოუნზის” შემდეგ, მესამე საუკეთესო ჯგუფად დაასახელა. მსოფლიოს უძლიერეს დრამერთა სამეულში შეიყვანეს ვახტანგ კიკაბიძეც.
კანადიდან რობერტმა რამდენიმე გრამფირფიტა ჩამოიტანა. ერთ-ერთზე ფრანგული სიმღერა იყო, რომელსაც “მეფუნთუშე გოგონა” ერქვა. მან ამ სიმღერის ეკრანიზება გადაწყვიტა. გადაღებები თბილისის ცენტრში, კაფეში მიმდინარეობდა. დასკვნით ნაწილზე კი ნანი ბრეგვაძის ბინაში მუშაობდნენ. “მეფუნთუშე გოგონას” გადაღებას 3 დღე მოანდომეს.
“რობერტს ერთი ჩვევა ჰქონდა – დასასრულისკენ რომ მიდიოდა კონცერტი, ამბობდა: „ამით ჩვენი კონცერტი…“. მაშინვე ყვირილი ატყდებოდა, ხალხი აპროტესტებდა – არ თქვა, რომ სრულდებაო და რობერტი დაასრულებდა „… არ მთავრდებაო“ და იყო ერთი ზეიმი. კონცერტი თვითონ მიჰყავდა ხოლმე. ამაშიც ნოვატორი იყო. არის ასეთი რვაწუთიანი ფილმი სახელწოდებით „მეფუნთუშე გოგონა“, რომელიც რობერტმა გადაიღო საკუთარი სიმღერის თანხლებით. ეს იყო ჯერ კიდევ 1968 წელს. რომ ვეკითხებოდით, რას აკეთებ-მეთქი, გვპასუხობდა, არ ვიციო. დღეს ყველამ ვიცით, რასაც მაშინ რობერტი აკეთებდა, იმას კლიპი ჰქვია, მაგრამ მაშინ ეს სიტყვა ბუნებაში არ არსებობდა. თუმცა რობერტს კარგი ალღო ჰქონდა, ბუნებრივად იგრძნო ამ ნაბიჯის გადადგმის საჭიროება. ყველაფერში დროს უსწრებდა.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები