რუბენსის ნამუშევარი „ტარკვინიუსი და ლუკრეცია“ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან გაუჩინარდა. აღნიშნული შედევრის ირგვლივ განვითარებული დეტექტიური ისტორია კი დღემდე გრძელდება. ტილო არ გამოუფენიათ რუსეთში, თუმცა, არც გერმანიაში დაბრუნებულა. სად არის ის და რა ბედი ელის რუბენსის ნამუშევარს, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
ნოემბერში, პოტსდამის რეგიონულმა სასამართლომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან გაუჩინარებული ტილოს შესახებ გამართულ პროცესზე განაჩენი გამოიტანა. საუბარია რუბენსის ნახატზე „ტარკვინიუსი და ლუკრეცია“. ფლამანდიელი ფერმწერის ეს ნამუშევარი, რომლის ზომებია 1,87/2,14 მ, 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული და ამჟამად (სავარაუდოდ) რუსეთშია. „ტარკვინიუსი და ლუკრეცია“ რუსულ და გერმანულ მხარეებს შორის ხანგრძლივი დავის საგნად იქცა. კამათი კი დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც ცნობილი გახდა, რომ გაუჩინარებული ნახატი იპოვეს და ის რუსი ბიზნესმენის საკუთრებაში იყო. ცნობილი ტილოს ბედზე, თავის დროზე, ვლადიმერ პუტინმა და გერჰარდ შროდერმაც კი გამართეს მოლაპარაკებები. მხარეებმა კი ისაუბრეს, მაგრამ კონკრეტული ვერაფერი გადაწყვიტეს. საბოლოო ჯამში, ნახატი გერმანიაში არ დაბრუნებულა.
ეს ამბავი კვლავ ამოტივტივდა ცოტა ხნის წინ, როდესაც გერმანულმა სასამართლომ უარყო რუსი მეწარმის, ვლადიმერ ლოგვინენკოს სარჩელი, რომელიც მან 2021 წელს შეიტანა. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, გერმანიის სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ „ტარკვინიუსსა და ლუკრეციაზე“ საკუთრების უფლება ჰქონდა. თუმცა, ამას ვერ მიაღწია, რადგან სასამართლოს დადგენილებით, „მოსარჩელე არ არის ნახატის მფლობელი“. DW-ს მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ იქნა უარყოფილი ლოგვინენკოს სარჩელი, სასამართლომ განმარტა: „რუსული კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სამართლებრივი დასკვნის შედეგად, პალატა მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ მოსარჩელე არ არის ნახატის მფლობელი, რადგან მას არ მიუღია საკუთრება სამართლებრივი გარიგების შედეგად ან კეთილსინდისიერი შეძენის გზით. რატომ შეიტანა გერმანულ სასამართლოში სარჩელი რუსმა ლოგვინენკომ, რომელიც აშკარად ამ ეტაპზე ზემოთ ხსენებულ ტილოს თავად ფლობს და რაში დასჭირდა მას გერმანული სასამართლოს დასტური?
ბოლოს და ბოლოს, ვის ეკუთვნის სკანდალური სურათი?
ლოგვინენკოს ინტერესებს ბერლინში მოქმედი იურიდიული ფირმა Unger-ი იცავს. მისმა წარმომადგენლებმა DW-ს შეკითხვებს (ამ მასალის გამოქვეყნების მომენტში) პასუხი არ გასცეს. თუმცა, ჟურნალისტმა მიიღო პასუხი ბერლინ-ბრანდენბურგის პრუსიული სასახლეებისა და ბაღების ფონდისგან (Stiftung Preußische Schlösser und Gärten Berlin-Brandenburg), რომლის თანამშრომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ტილოს მფლობელი არის სწორედ ფონდი. „1610-1611 წლებით დათარიღებული პიტერ პოლ რუბენსის (1577-1640 წწ.) ტილო „ტარკვინიუსი და ლუკრეცია“ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაუჩინარებამდე, პოტსდამის სურათების გალერეაში, სან-სუსის სასახლეში გამოფენილ კოლექციურ ფონდებს მიეკუთვნებოდა. ერთ დროს ეს ნამუშევარი შეიძინა ბრანდენბურგის კურფიურსტმა ფრიდრიხ-ვილჰელმ პირველმა ან პრუსიის მეფემ ფრიდრიხ პირველმა. თავდაპირველად ტილო გამოფენილი იყო ბერლინის სასახლეში (Berliner Schloss), 1790 წლიდან – პოტსდამის ახალ სასახლეში, ხოლო 1930 წლიდან – სურათების გალერეაში. ისევე, როგორც სამხატვრო გალერეის სხვა ნამუშევრები, ეს ტილოც 1942 წელს ევაკუირებულ იქნა რაინსბერგის ციხე-სიმაგრეში. ომის დასრულების შემდეგ კი, ის დაკარგულად ითვლებოდა. აღნიშნული ტილო გახდა ჩვენი ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი და დიდი ხნის განმავლობაში ასეც ითვლებოდა. შესაბამისად, მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლით გამოცხადდა“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
როგორც ბერლინ-ბრანდენბურგის პრუსიული სასახლეებისა და ბაღების ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა, აქ საუბარია არა ტილოზე „რუსეთიდან“, არამედ – ნახატზე სამხატვრო გალერეის კოლექციებიდან, რომლის მფლობელიც ფონდია. „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, სად ინახება ეს ტილო დღეს. ბოლო მონაცემებით, ის რუსეთის მოქალაქის საკუთრებაა, რომელსაც სასამართლოში სურდა საკუთარი თავის მფლობელად აღიარება. ფონდმა ეს გააპროტესტა. 2023 წლის 14 ნოემბერს, პოტსდამის რაიონულმა სასამართლომ თავის საბოლოო გადაწყვეტილებაში ჩვენი ფონდის არგუმენტები გაითვალისწინა. არის თუ არა დღეს ეს ტილო კვლავ რუსეთის მოქალაქის საკუთრებაში, არ ვიცით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფონდში ხაზგასმით აღინიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯები დამუშავების პროცესშია.
როგორი შეიძლება იყოს ამ სკანდალური ამბის დასასრული?
ამ მიმართულებით მომუშავე გერმანელი იურისტის, ჰანეს ჰარტუნგის განცხადებით, „რუსმა ბიზნესმენმა არასწორად გათვალა, თუ ჩათვალა, რომ შეეძლო, ნახატი დიდი მოგებით გაეყიდა“. ხელოვნების მსგავსი ნიმუშის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გერმანელი ადვოკატი მიიჩნევს, რომ პოტსდამის სასამართლომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, თუ მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას შეეცდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო ინსტანციის სასამართლომ ამ საკითხზე სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. თუ მოსარჩელე წააგებს, მას პროცესთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება მოუწევს. უფრო მეტიც, როგორც კი ნახატი ევროპული სასამართლოს იურისდიქციაში მოხვდება, შეიძლება მისი კონფისკაცია მოხდეს. შესაბამისად, ეს ძალიან პრობლემური სიტუაციაა, – ხაზს უსვამს ჰანეს ჰარტუნგი. მიუხედავად ამ დავის სირთულისა, გერმანელი ადვოკატი იმედოვნებს, რომ რუს მეწარმესთან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელი იქნება. თუმცა ამ დროისთვის არანაირი ნიშანწყალი არ იკვეთება, რომ ნახატი გერმანიაში დაბრუნდება.