2024 წლის 1-ლი იანვრიდან სხვადასხვა ტიპის დაწესებულებას ვალდებულება გაუჩნდათ, მათ დაქვემდებარებაში მყოფი ობიექტები, გარე პერიმეტრზე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვონ.
ცნობისთვის, ლიცენზირებული, ავტორიზებული, სანებართვო და სარეგისტრაციო დაწესებულებების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის გაცემას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ახორციელებს.
აღნიშნულ დაწესებულებებს განეკუთვნება:
- აზარტული დაწესებულებები;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;
- სესხის გამცემი სუბიექტები;
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტები;
- ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები;
- აფთიაქები;
- ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურები.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის დადგენილებით კი, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, ფართოვდება რეგულაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების რაოდენობა. კერძოდ არსებულ ობიექტებს დაემატა:
- კერძო / საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები;
- სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები;
- სიგარაბარები;
- სავაჭრო ცენტრები;
- ბაზარი/ბაზრობა.
ობიექტების ჩამონათვალს ასევე, დაემატა ეკონომიკურ საქმიანობას დაქვემდებარებული ის ობიექტები, რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 ლარს (საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა; საკვებით და სასმელით მომსახურება).
მთავრობის დადგენილების თანახმად, ობიექტებისთვის შემდეგი მოთხოვნები განისაზღვრა:
- შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეოკამერა, რომელიც შეესაბამება დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს;
- თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან;
- ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობა-ნაგებობაში შემსვლელი და გამსვლელი პირის დანახვა და იდენტიფიკაცია.
- აღსანიშნავია, რომ ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა, უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე.
- ამასთან, დაწესებულებების ხელმძღვანელი ან სხვა პასუხისმგებელი პირები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმების მოთხოვნის მიზნით, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის პორტალზე camera.mia.gov.ge.
- #drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba