20 თებერვალი ბეთანიელი წმინდა მამების – მამა გიორგისა და მამა იოანეს ხსენების დღეა. ბეთანიელი მამები, კომუნისტური რეჟიმის უკუნ პერიოდში, შუქურასავით იყვნენ და მხსნელ ნავთსაყუდელს უჩვენებდნენ გზააბნეულ ადამიანებს.
ეს კაშკაშა, წმინდა ბერები უჩუმრად გვინახავდნენ სარწმუნოებას. სიფრიფანები, გამჭვირვალეები, ნამდვილი ბერები…
ბერები ამაღლებულ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდნენ, ამასთან, ყველანაირად ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი სულიერი ღვაწლი. საიდუმლოებით მოცული დარჩა ღირს მამათა სულიერი ცხოვრება.
ბერებს თავიდან საცხოვრებლად მომცრო ფარდული ჰქონდათ. შემდეგ შეძლეს ორსართულიანი სახლის აშენება, რომელშიც ოთხი სენაკი იყო. დასაწყისში საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. მძიმე სამუშაოს ძირითადად მამა იოანე ასრულებდა, რადგან მამა გიორგის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ოფიციალურად ბეთანიის მონასტერი მოქმედად არ ითვლებოდა; ძეგლთა დაცვის სამსახური მათ, როგორც ძეგლის მომვლელებს, ხელფასსაც კი უხდიდა. სინამდვილეში კი, იქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში. ღვთისმსახურებაც აღესრულებოდა. ტაძარში ხატები ესვენა, მამებიც სამონაზვნო სამოსში იყვნენ შემოსილნი. აქ ნათლავდნენ კიდეც, ჯვარსაც წერდნენ (საერთოდ, მღვდელმონაზონნი ქორწინების საიდუმლოს არ აღასრულებენ, მაგრამ ასეთ დროს, მამები გამონაკლისს უშვებდნენ, რადგან ქრისტიანებს, ხელისუფლების მხრიდან მეთვალყურეობის გამო, არ შეეძლოთ ქალაქის ტაძრებში თავისუფლად შესვლა).
ბეთანიელი მამები სნეულებისგანაც კურნავდნენ მონასტერში რწმენით მოსულ ადამიანებს. ერთი კაცი სიყრუისგან განკურნეს: ტაძარში შეიყვანეს და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მისთვის…
ცნობილია ერთი ამაღელვებელი შემთხვევა: ერთხელ თბილისში მამა გიორგის ორი და ჩამოვიდა, რომელთაც 48 წლის მანძილზე არ ენახათ ძმა. გიორგის ძმისშვილმა ისინი მონასტერში წაიყვანა. სანამ მამა გიორგი მათ ნახავდა, უკვე მიხვდა, ვინც იყვნენ მასთან მისულნი და ძალიან გაიხარა. გულაჩუყებული დიდხანს ეხვეოდა მათ და აღარაფერი ახსოვდა. მამა გიორგიმ სუფრის გაწყობა ითხოვა და დიდმარხვაში თევზის ხმევის ნებაც კი დართო მათ. შეკითხვაზე, ჯერ ხომ აღდგომა არ დამდგარაო, მან უპასუხა, ეს ჩემთვის ისეთი დიდი სიხარულია, რომ აღდგომა მე დღეს გამითენდაო. ვრცლად
მასალის გამოყენების პირობები