სამშაბათი, ნოემბერი 25, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიჭის თხრის დროს შემთხვევით აღმოჩენილი საოცრება

ჭის თხრის დროს შემთხვევით აღმოჩენილი საოცრება

ტერაკოტის არმია გამომწვარი თიხის, ტერაკოტისაგან დამზადებული ბუნებრივი მასშტაბის ჯარისკაცების და მათი ცხენების 8099 ცალი ქანდაკებაა ჩინეთში, ქალაქ სიანის მახლობლად. პირველი ქანდაკება 1974 წელს შემთხვევით, ჭის გათხრისას აღმოაჩინეს. ტერაკოტის არმია მდებარეობს ცინის დინასტიის იმპერატორ ცინ შიხუანდის საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა ძვ. წ. 210 წელს. ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და აშენდა იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით. კომპლექსი შედგებოდა მრავალი სათავსოსაგან, რომელიც სამარხი ბორცვის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მავზოლეუმი გარშემორტყმული იყო დატკეპნილი მიწის მტკიცედ ნაშენი კედლით, რომელშიც შესასვლელი კარიბჭეები იყო გაჭრილი. ისტორიკოს სიმა ციანის  მიხედვით, ამ მავზოლეუმზე მუშაობა დაიწყო ძვ.წ. 246 წელს, ცინ შიხუანდის ტახტზე ასვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (ჯერ კიდევ იმპერატორად გახდომამდე). ის წერდა, რომ პირველი იმპერატორი დამარხეს სასახლეებთან, კოშკებთან, ოფიციალურ პირებთან, ძვირფას არტეფაქტებთან და მშვენიერ ნივთებთან ერთად. ამ ნაშრომის მიხედვით, ვერცხლისწყლის მეშვეობით, 100 მდინარე იყო იმიტირებული და მათ თავზე ჭერი შემკული იყო ციური სხეულებით. ბოლოდროინდელი სამეცნიერო სამუშაოებისას სამარხი ბორცვის ნიადაგში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი, რაც ადასტურებს სიმა ციანის ცნობათა სისწორეს.

მიუხედავად არქიტექტურული კომპლექსის ეფექტურობისა, სამარხი კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მაინც ტერაკოტისაგან გაკეთებული არმია წარმოადგენს, რომელმაც აღმოჩენისთანავე ფართოდ გაითქვა სახელი. ეს უდიდესი სკულპტურული ჯგუფი 1974 წლის გაზაფხულზე აღმოაჩინა ფერმერთა ჯგუფმა წყლის ჭის თხრის დროს. არქეოლოგებმა დაიწყეს ძიება და მიაკვლიეს მიწის ქვეშ დამალულ უდიდეს სივრცეს, სადაც დამარხული იყო მეომრებისა და ცხენების, დაახლოებით, 6 000 ტერაკოტის ფიგურა. ამის შემდეგ არქეოლოგებმა მეომრებისა და ცხენების ფიგურებით სავსე მეორე და მესამე ორმოც აღმოაჩინეს. სამივე ერთად 20 000 კვ/მ-ს მოიცავდა და 8 000 ფიგურას აერთიანებდა. ამ ისტორიული საგანძურის უკეთ დასაცავად პირველ ორმოს დაადგეს შენობა, რომელსაც ლითონის კამაროვანი გადახურვა აქვს და უზარმაზარ დარბაზს ქმნის. შენობა 230 მ-ის სიგრძის, 72 მ-ის სიგანისა და 22 მ-ის სიმაღლისაა. მასში ფეხბურთის ორი მოედანიც კი თავისუფლად დაეტევა. ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1979 წელს.

READ  ცნობილი ყაჩაღის ერთადერთი ფოტო 2.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

ჭის თხრის დროს შემთხვევით აღმოჩენილი საოცრება | შენი განათლება

არმია მართკუთხედის ფორმით არის განლაგებული და ყველა მეომარი აღმოსავლეთისაკენ იმზირება. წინა სამ რიგში განლაგებულია 210 მეომარი, რომელიც წინა ხაზს ქმნის. მათ მოსდევენ მარშით მომავალი ჯარისკაცები და საბრძოლო ეტლში შებმული ცხენები. არმიის გვერდებსა და უკანა მხარეს განლაგებულია მეომართა რიგები, რომლებიც, შესაბამისად, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით არიან მიმართულნი, ჯარის გვერდებიდან და უკნიდან დასაცავად.

ადამიანებისა და ცხენების ტერაკოტის ქანდაკებები ნატურალური ზომისაა და პროპორციები მკაცრად არის დაცული, რაც ქანდაკების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს ცინის დინასტიის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სხეულის პროპორციები და ანატომიური აგებულების თავისებურებები სკულპტურებში აბსოლუტურად სწორადაა გადმოცემული, მათში არ ჩანს სხეულის ფიზიკური სტრუქტურის გადმოცემის უმცირესი ნიშანიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის გარეგნული სილამაზის ჩვენებაზე. სამაგიეროდ, იგრძნობა მისწრაფება ფიგურების ინდივიდუალიზაციისაკენ, რაც ჩანს ტანსაცმლის დეტალების ვარირებაში, მეომრების ხელების ფორმათა განსხვავებულობასა და ფრჩხილების სხვადასხვა ფორმაშიც კი. სულ ადვილად გაირჩევა არისტოკრატული ოჯახიდან გამოსული მეომრის ნატიფი და მოვლილი ხელი გლეხის მუშაობით გაუხეშებული ხელებისაგან.

ცინ შიხუანდის სამარხი კომპლექსი იმპერიის ძლიერების გამოხატულება იყო და მისი აგებით ჩინეთის პირველმა იმპერატორმა სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მსოფლიო ხელოვნების ისტორიაშიც. ტერაკოტის არმია აღმოჩენის მომენტიდან ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა და ამ ქვეყანაში მოგზაურობის მსურველ ტურისტთა რაოდენობა ერთიორად გაზარდა.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ენდრიუ კარნეგი - როგორ იქცა ღარიბი შოტლანდიელი ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად და ქველმოქმედად
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი