ორ ივლისი წმინდა მოციქული იუდას ხსენების დღეა. ხორციელი ძმა უფლისა, იუდა, ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგან ერთ-ერთია. დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა – იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი (მთ. 10,3; მკ. 3,18); ბარსაბა (საქმე, 15,22).
გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა, ვაჟებს შორის, თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო, ისურვა, მარიამ ქალწულისგან შობილი ქრისტე მაცხოვრისთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (ინ. 7,5). მხოლოდ უფროსმა მათგანმა – იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობელად. ამიტომ მოიხსენიებენ მას როგორც უფლის ძმად. ის ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს “მართალს” ეძახდა.
მოგვიანებით იუდამაც ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ ადრე დაშვებული შეცდომის გამო, თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა – თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.
იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წაიკითხეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები