სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაიოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი - ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი საქართველოს და მეცენატის სხვა...

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი – ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი საქართველოს და მეცენატის სხვა საქველმოქმედო პროექტები

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი – ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი საქართველოს. ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტები რამდენიმე დღის წინ საქართველომ კიდევ ერთი უძვირფასესი საჩუქარი მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ლონდონში, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და უძვირფასესი ექსპონატით გაამდიდრა ქართული საგანძური. უნიკალური პალიმფსესტი სულ მალე ჩამობრძანდება საქართველოში და ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაიდებს ბინას, რადგან მანამდე საქართველოს არასდროს ჰქონია იმ უდიდესი ქართველი სასულიერო მოღვაწის ხელნაწერი, რომელმაც ბრწყინვალე საგალობელი „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ შექმნა.

იოანე ზოსიმე – X საუკუნის სასულიერო მოღვაწე

საკმაოდ მწირია ბიოგრაფიული ცნობები X საუკუნის მწიგნობრის, რედაქტორისა და ჰიმნოგრაფის იოანე ზოსიმეს შესახებ, რომელიც ერთ-ერთი იყო საბაწმინდელ-სინელ მოღვაწეებს შორის. საზოგადოება მეტწილად მის ლიტერატურულ საქმიანობას იცნობს, რადგან ქრონოლოგიურ მონაცემებთან ერთად მრავალგზისაა მოხსენიებული მისსავე გადაწერილ ხელნაწერთა ანდერძ–მინაწერებში.

იოანე-ზოსიმეს მიერ მრავალი ხელნაწერი შეიქმნა, გადაიწერა, შეიმოსა და განახლდა ჯერ საბა განწმენდილის ლავრაში, მერე კი, სინის მთაზე. სავარაუდოდ, საბაწმინდაში მწიგნობარი X საუკუნის 40-60-იან წლებში მოღვაწეობდა, არაბთა შემოსევის შემდეგ კი, როცა საბაწმინდის საძმო პალესტინისა და მახლობელი აღმოსავლეთის მონასტრებში დაიფანტა, იოანე ზოსიმე ქართველ ბერებთან ერთად სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში აღმოჩნდა, სადაც ქართველებმა საკუთარი კერა – მცირე ეკლესია და საცხოვრებელი სენაკები მოაწყვეს. პირველი ხელნაწერი იოანე-ზოსიმემ 973 წელს შემოსა (ანუ ჩასვა ყდაში), უკანასკნელი კი, 986 წელს გადაწერა და აკინძა.

აღსანიშნავია, რომ იოანე ზოსიმე იმ საეკლესიო მოღვაწეთა უკანასკნელ თაობას მიეკუთვნებოდა, ვინც ღვთისმსახურებას წინაბიზანტიური ანუ იერუსალიმური წესით აღავლენდა. X საუკუნის მეორე ნახევარში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, როცა საქართველომ პირველი ნაბიჯი გადადგა ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ და კონსტანტინოპოლურ, ანუ ბიზანტიურ ორიენტაციაზე გადავიდა, კონსტანტინოპოლური საღმრთისმსახურო წესი აირჩია ეკლესიამაც, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ღმრთისმსახურების ძველი და ახალი წესების გასაყარზე,

იოანე ზოსიმეს მიერ შედგენილი კრებულები ერთდროულად მოძველებულიც აღმოჩნდა და სიახლით გამორჩეულიც. იოანე ზოსიმეს ლიტერატურული მოღვაწეობა პირობითად ორ ნაწილად – საბა განწმენდილის ლავრასა და სინას მთაზე მოღვაწეობის პერიოდად შეიძლება გაიყოს. საბაწმინდის ლავრიდან ცნობილია მისი სამი ნაშრომი – 949 წელს შექმნილი ხელნაწერი, „საგალობელი“, რომელიც 954 წელს დაიწერა და 956 წლით დათარიღებული „იადგარი“.

X საუკუნის მეორე ნახევრის ანუ სინას მთაზე მოღვაწეობის პერიოდს კი, სავარაუდოდ, ენციკლოპედიური ხასიათის კრებული „საგალობელნი იადგარნი“ (ანუ სინა-34) მიეკუთვნება, რომელმაც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებებს მოუყარა თავი. მართალია, ანდერძის მიხედვით, ხელნაწერზე მუშაობა იოანე ზოსიმემ 965 წელს დაასრულა, მაგრამ შენიშვნები და განმარტებები მოგვიანებით, სწორედ სინას მთაზე მოღვაწეობის პერიოდში შეიტანა. დღეს, მეტად საინტერესო კრებულის ნაწილები სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში, პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკასა და ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა კოლექციაში ინახება.

ჰიმნოგრაფიულ-ლიტურგიკულ კრებულებთან ერთად იოანე ზოსიმეს ავტორობით შეიქმნა კომპილაციის მეთოდით (სხვადასხვა ავტორისაგან ნასესხები მასალით აგებული ნაწარმოები, რომელიც არ შეიცავს დამოუკიდებელ კვლევასა და დასკვნებს) შედგენილი თხზულებების კრებული, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პასკალური შინაარსის ვრცელი ნაშრომი „ცნობისათვის და უწყებისა, ჭეშმარიტად, რომელი მოგუეთხრა ჩუენ მოძღუართა მიერ, განსაზღვრული გამოძიებისათვის ჟამთა და წელთა“. ორ ხელნაწერში – სინა-34-სა და სინა-38-ში მოქცეულ ნაშრომში ახსნილია ქართული და ბიზანტიური ტრადიციები, მოყვანილია სხვადასხვა კალენდარული გამოთვლები და ქრონოლოგიური სისტემები, წარმოდგენილია 532-წლიანი ციკლის მეცამეტე მოქცევის, ანუ 791-1312 წლების ტაბულა. არანაკლებ საგულისხმოა იოანე ზოსიმეს მეორე ნაშრომი – კომპილაციური ხასიათის თხზულება „კრებაი თთუეთაი წელიწადისათაი“, რომელიც პალესტინური ტრადიციის საეკლესიო დანიშნულების ვრცელ კალენდარს წარმოადგენს.

აღსანიშნვია, რომ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში საკუთარ თავს იოანე ზოსიმე მხოლოდ ტექსტის დამდგენელად, განმაცხოველებლად, შემმოსელად მოიხსენიებდა და არა ავტორად ან მთარგმნელად, რაც სავარაუდოდ მისი ქრისტიანული თავმდაბლობით აიხსნება.

„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“

იოანე ზოსიმეს როგორც სასულიერო მწერლის ბრწყინვალება სრულად მის საგალობელში „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ გამოვლინდა, რომელიც სამჯერ ნუსხურით, ერთხელ ასომთავრულით გადაწერა და მრავალგზის შესწორებები შეიტანა. პატრიოტულ ჰიმნ-თხზულებას, რომელიც ქართულ ენას განადიდებდა და ამბობდა, რომ მეორედ მოსვლისას სწორედ ამ ენაზე განიკითხავდა ქრისტე კაცობრიობას, პალესტინაში მოღვაწე ქართველი ბერები ცალკე გალობდნენ სამშობლოს მოსაგონებლად. აღსანიშნავია, რომ თხზულებას პირველად მარი ბროსემ მიაკვლია XIX საუკუნის მეორე ნახევარში, პეტერბურგში დაცული ხელნაწერის მიხედვით, თუმცა მხოლოდ მისი ფრანგული თარგმანი გამოაქვეყნა ქართული ტექსტის გარეშე.

X საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იოანე ზოსიმეს კვალი საერთოდ გაქრა სინურ ხელნაწერებში, რადგან ხანდაზმულობაში მწიგნობარმა თვალის ჩინი დაკარგა და მხოლოდ ხელნაწერთა ყდაში ჩასმით, რესტავრაცია-განახლებით იყო დაკავებული. სავარაუდოდ, იოანე ზოსიმე 990 წელს გარდაიცვალა.

უნიკალური ხელნაწერი

70-გვერდიან ხელნაწერში, რომელმაც არამეულ და ქართულ ენებზე შესრულებული ტექსტები გააერთიანა, პირველადი ნაწერი – მეტწილად ბიბლიური და ასკეტური ფრაგმენტები – V-VII საუკუნეებში გაკეთდა, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს ხუცური ანბანით დაწერილი ტექსტი კი – 979 წლით დათარიღდა.

პალიმფსესტი ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია, რადგან სახარების ადრეული ტექსტები არამეულის უახლოეს დიალექტზე ანუ იმ ენაზეა მოცემული, რომელზეც იესო საუბრობდა. უძველეს ხელნაწერს ახალი სიცოცხლე იოანე ზოსიმემ X საუკუნეში შესძინა, როცა თითქმის გაფერმკრთალებული ტექსტი ქართულ ენაზე გადაწერა და ანდერძ-მინაწერით დაამშვენა: „დაიწერა, გასრულდა და აიკინძა ეს წიგნი წმინდა სინას მთაზე ცოდვილი იოანეს ხელით“. პალიმფსესტი – ერთგვარი ხელნაწერია, რომელიც ეტრატის გადარეცხილ ან გადაფხეკილ ფურცლებზე იქმნება. საუკუნეების წინ, როცა ეტრატი ძვირად ფასობდა, ბევრად იაფი და პრაქტიკული იყო გამოუსადეგარი ტექსტის გადარეცხვა და მასზე ხელმეორედ დაწერა, თუმცა საკუთარ კვალს ტოვებდა ტყავში გამჯდარი მელანიც, რისი წყალობით ახალთან ერთად ძველი ტექსტიც ნარჩუნდებოდა.

ჩვენამდე ქართული პალიმფსესტების 4500 ფურცელმა მოაღწია. წერილობითმა ძეგლებმა, რომლებიც V-VI საუკუნეებს მიეკუთვნება და ხანმეტი პალიმფსესტების სახელითაა ცნობილი, ძველი და ახალი აღთქმა, ლექციონარი, ჰაგიოგრაფიული თხზულებები, იერუსალიმის განჩინებები და სხვა ფრაგმენტები გააერთიანა. ქართული პალიმფსესტები მეტწილად საზღვარგარეთ – ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში, კემბრიჯის უნივერსიტეტსა და ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.

მეცნიერთა შეფასება

საერთაშორისო ინტერესის მიუხედავად, იოანე ზოსიმეს მიერ არამეულიდან ქართულად გადაწერილი სახარების ფრაგმენტი ყველაზე ძვირფასი მაინც საქართველოსთვის აღმოჩნდა, რადგან ცნობილი მწიგნობრის, გადამწერისა და ხელნაწერთა განმაცხოველებლის სამშობლოში მისი არცერთი ორიგინალი არ მოიპოვება. „ჩემთვის დიდი პატივი იქნება ხელნაწერის ორიგინალში ხილვა, დანარჩენი კი, კოდიკოლოგების, ტექსტოლოგების, არამეული ენის სპეციალისტებისა და იოანე ზოსიმეს მკვლევრების საქმეა, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ხელნაწერის ფლობა ქართული მეცნიერებისთვის არა საუკუნის, არამედ ათასწლეულის მოვლენაა“, – აღნიშნა საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალიკო ცინცაძის განცხადებით კი, რომელიც სხვებზე უკეთ იცნობს იოანე ზოსიმეს ნაშრომებს, პირველ რიგში საჭიროა ხელნაწერის ტექსტოლოგიური შესწავლა, მისი ჰემატრიაზე შემოწმება და კრიპტოგრაფიული ანუ ფარული წერის ანალიზის ჩატარება. „იოანე ზოსიმე საკმაოდ ხშირად იყენებდა კრიპტოგრაფიული დაშიფვრის მეთოდს, ამიტომ აუცილებელია დადგინდეს, ხომ არაა მასში დაშიფრული იმაზე მეტი, ვიდრე ტექსტიდან ჩანს. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, უდიდესი მწიგნობრის ხელნაწერის ფლობა მაინც უდიდესი მოვლენაა საქართველოსთვის“.

აღსანიშნავია, რომ ხელნაწერის არსებობის შესახებ  ქართველმა მეცნიერებმა აქამდე არაფერი იცოდნენ, მით უფრო, რომ იოანე ზოსიმე არა მხოლოდ გადამწერი, არამედ კალენდარმცოდნეც იყო და კალენდარულ ინფორმაციასაც იკვლევდა, ამიტომ მე-10 საუკუნეში მის მიერ შექმნილი და გადაწერილი უამრავი ტექსტი არსებობს. „დროა, დასრულდეს ისტორიის გაყალბება და არტეფაქტების განიავება. ბატონმა ივანიშვილმა საგანძურისადმი მოპყრობის საუკეთესო მაგალითი გვაჩვენა, რომელიც ჩვენც წესად უნდა ვაქციოთ. აუცილებელია ყველაფრის მოძიება, შეძენა თუ არ შეგვიძლია, გადაღება-გაციფრულება მაინც უნდა მოვახერხოთ. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში ვერ შევძელით ამის გაკეთება, რადგან იმპერია არ იყო დაინტერესებული, დამოუკიდებელ საქართველოში კი, ამის ყველა საშუალება გვაქვს“, – შენიშნა ცინცაძემ და დაამატა, რომ ხელნაწერის შესწავლით მეცნიერები უამრავ სიახლეს აღმოაჩენენ, „იმედია, ჩვენც მივიღებთ პალიმფსესტის თუნდაც ქსეროასლს და ჩვენს დასკვნას გავაკეთებთ, არ გამოვრიცხავ არც დაშიფრული ინფორმაციის ამოხსნას. იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაიც“ ამოუცნობად მიიჩნეოდა, თუმცა ჩვენ მაინც შევძელით მათემატიკური ლინგვისტიკის მეთოდითა და რიცხვითი სიმბოლიზმის ალბათობის თეორიით მისი ამოხსნა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ქართული ენა – უფლის ენაა, სხვაზე აღმატებული და ბევრად უკეთესი“.

უძვირფასესი საჩუქარი

დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია ხელნაწერის მარშრუტის დადგენა, რომელმაც მთელი 16 საუკუნე იმოგზაურა, უამრავი მფლობელი გამოიცვალა და საბოლოოდ ფრანგი კოლექციონერის მარტინ შოენის საკუთრებაში აღმოჩნდა.

პირველი ანტიკვარული წიგნი „ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წელი“, 15 წლის შოენმა 1955 წლის ზაფხულში შეიძინა ფლორენციაში და სწორედ მისით მოხიბლულმა გადაწყვიტა ხელნაწერთა კოლექციის შეგროვება, რომელიც უნიკალური ექსპონატებით შეავსო და კულტურის, ისტორიის, მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ უნიკალურ ნიმუშებს მოუყარა თავი, როგორიც კროსბი-შოიენის კოდექსი და ჰოლხამის ებრაული ბიბლია, ბერძნული ლიტერატურა და ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართლის ნიმუშები და შოტლანდიის მატიანეა. სწორედ ფრანგი შოენის კოლექციიდან მოხვდა ქართული ხელნაწერი „კრისტის“ აუქციონზე, სადაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, საბოლოოდ ისევ იოანე ზოსიმეს სამშობლოს დაუბრუნა.

„უამრავ ქართულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება მართლაც ფასდაუდებელი აქტი და უძვირფასესი საჩუქარია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის. საქართველო, როგორც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაცია, ამაყია თავისი სასულიერო მწიგნობრობით. ქრისტიანულ კერებში საუკუნეების მანძილზე მოღვაწეობდნენ ქართველი გადამწერები, მეცნიერები და ფილოსოფოსები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ქრისტიანობის საგანძურში, იოანე-ზოსიმე კი, ერთ-ერთი და უბრწყინვალესია მათ შორის“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

უმნიშვნელოვანეს მოვლენას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, „წიგნის პალიმფსესტური ფურცლები ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზე შექმნილ ტექსტებს ინახავს. პირველადი ნაშრომი V-VII საუკუნეების ბოლოს მიეკუთვნება, იოანე-ზოსიმეს მიერ დაწერილი ტექსტი კი, 979 წლით თარიღდება. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის დიალექტზე, რომელიც ყველაზე ახლოსაა იესოს ენასთან და წმინდა მიწაზე დაფუძნებული ცოცხალი ტრადიციის ფარგლებშია შედგენილი“.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით გამორჩეული ადამიანია, რომელიც უდიდეს სიკეთეს აკეთებს საკუთარი ქვეყნისთვის“, აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ, რომელმაც ივანიშვილის ქველმოქმედება უდიდესი მნიშვნელობის ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენად შეაფასა.

„თითოეული მუზეუმელის სახელით ვუხდი მადლობას ბატონ ბიძინას და მის ოჯახს უდიდესი ეროვნული საქმისა და იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნებისთვის. სულმოუთქმელად ველით ხელნაწერის ჩამობრძანებას, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ოქროს ფონდში“,- აღნიშნა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ უნიკალური პალიმფსესტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ქრისტიანული აღმოსავლეთის ღვთისმეტყველების ისტორიის კვლევისთვისაა მნიშვნელოვანი.

მადლიერება გამოხატა ივანიშვილის მიმართ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემაც, „დიდი სიხარული მოგვანიჭა უნიკალური პალიმფსესტის შეძენამ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძურიც გაამდიდრა ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერით. ღმერთმა დალოცოს მისი უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ“.
ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტები

მართალია, 2000-იან წლებში ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ პრაქტიკულად ყველა სფეროში განხორციელდა საქველმოქმედო პროექტები, მაგრამ პირველი დახმარება მეცენატმა ბევრად ადრე, ჯერ კიდევ 1990-იან წლების დასაწყისში გაუწია საქართველოს, როცა სამოქალაქო ომის, ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტების შემდეგ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. მაშინ ივანიშვილმა საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით. მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არც შრომას იშურებს, არც ფინანსებს ქვეყნის განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

ისტორიული ძეგლები

სწორედ მისი ხელშეწყობით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტი – სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს სულიერი განახლების სიმბოლოდ იქცა. მეტიც, მშენებლობის დასრულების შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ ტაძრის მოხატვის დაფინანსებაც საკუთარ თავზე აიღო.

2004 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით „საქართველოს ისტორიული ძეგლების დაცვისა და გადარჩენის ფონდი“ შეიქმნა, რომელმაც 150-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა და ათასზე მეტი ძეგლი გადაარჩინა. მისივე წყალობით გაიცნო მსოფლიომ მუცო, აწყურის ციხე და კუმურდოს ტაძარი, მოეწყო გრაკლიანის მუზეუმი, 70%-ით  აღდგა სოფელი ჩაჟაში უშგულში, პროექტის „ძველი ხიბულას ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში კი, რესტავრაცია ჩაუტარდა სახლს, სადაც სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა ზვიად გამსახურდიამ, მოეწყო მისი სახელობის მუზეუმი და აშენდა ეკლესია. ივანიშვილის ფონდმა, რომელიც სულ მცირე 10 ისტორიულ ძეგლს აფინანსებს ყოველწლიურად, არც ქართული ტაძრების საკონსერვაციო სამუშაოების მატერიალურ დახმარებაზე თქვა უარი, როცა ქართველმა არქეოლოგებმა კვიპროსში, ღალიის სამონასტრო კომპლექსში მიაკვლიეს ოთხი ქართული მონასტრის ნაშთებსა და ბერების საძვალეს.

რეკრეაციული ზონები

ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ ასობით მილიონი ლარი გაიღო პარკებისა და ბაღების მოწყობასა და პატრონობაში, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები. თითქმის 22 მილიონი ლარი დაიხარჯა თბილისის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე. გაიმართა ინფრასტრუქტურა, გაკეთდა ველობილიკები და საავტომობილო გზები, რისი წყალობითაც უნიკალური ბაღი არა მხოლოდ კომფორტული დასვენებისა და რეკრეაციის ზონად იქცა, არამედ დასაქმდა ათეულობით ადამიანი. მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც, რომლის მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მცენარეების შეძენაზე 13 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთანავე, ფონდმა მეტად მწვავე სოციალური პრობლემა გადაჭრა, როცა ბაღის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულებს ბაღის ტერიტორიის გარეთ აუშენა კორპუსი და უზრუნველყო კომფორტული საცხოვრებლით.

შავი ზღვის პროექტი

სწორედ ივანიშვილმა გადაარჩინა განადგურებას აბასთუმნის უნიკალური კურორტი და მისი წყალობით იქცა შეკვეთილი ტურიზმის ახალ ცენტრად შავი ზღვის სანაპიროზე. აშენდა უნიკალური საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომელიც არა მხოლოდ სპეციალური აპარატურითა და განათების სისტემით აღიჭურვა გრანდიოზული შოუების მოსაწყობად, არამედ ამინდზე მორგებული სახურავითაც გადაიხურა. აღსანიშნავია, რომ დარბაზი, რომლის მშენებლობაზე 115 მილიონი დოლარი დაიხარჯა 2016 წელს ივანიშვილმა  უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

მისივე ინიციატივით აშენდა 2019 წელს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელმაც ერთი წლის შემდეგ პირველი ადგილი მოიპოვა Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის. ივანიშვილის შავი ზღვის სანაპიროს პროექტის ნაწილად იქცა მუსიკოსთა და ატრაქციონთა პარკები, მინიატიურების პარკი, რომელმაც საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლების მინიატიურულ მაკეტებს მოუყარა თავი და დენდროლოგიური პარკი, რომელსაც მთელ მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი, რადგან 18 ჰექტარზე საქართველოსთვის დამახასიათებელი ენდემური ჯიშის ხეები, 42 ჰექტარზე კი, უცხოეთიდან ჩამოტანილი ათასობით უნიკალური ხე-მცენარე დაირგო, ცალკე ზონა გამოიყო იშვიათი ცხოველებისთვისაც.

ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს ყველა რეგიონში შექმნა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რითაც მნიშვნელოვნად წაახალისა ქვეყნის ეკონომიკა. მეტიც, ივანიშვილის ოჯახმა არც  მსოფლიო ეკოლოგიაზე ზრუნვა დაივიწყა, როცა 2019 წლის კატასტროფული ხანძრის შემდეგ ბერა ივანიშვილმა 1 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა სპეციალურ ფონდში ამაზონის ტყეების გადასარჩენად.

სპორტი და ხელოვნება

ბიძინა ივანიშვილის წყალობით დაიბრუნა სიცოცხლე ქართულმა ხელოვნებამ, როცა არა მხოლოდ ათობით თეატრს ჩაუტარდა რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, არამედ ქვეყნის ყველა რეგიონში დაფინანსდა ფოლკლორული ანსამბლები. ხელგაშლილი მეცენატი წლების განმავლობაში აფინანსებდა სპორტის თითქმის ყველა სახეობას და სწორედ მისი ქველმოქმედების წყალობით იქცა რაგბი ეროვნულ თამაშად.

განათლება

„განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კი, კეთილდღეობისკენ გზაა, ამიტომ სწორედ განათლებაა უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ“, – აღნიშნა ივანიშვილმა, ვისთვისაც სწორედ განათლება იქცა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. მისი წყალობით არა მხოლოდ ათობით სკოლას, უნივერსიტეტსა და ბიბლიოთეკას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, არამედ ასობით ახალგაზრდული პროგრამა დაფინანსდა, საუკუნის პროექტად კი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქცა, რომლის აშენებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფაზე 1 მილიარდი ევრო დაიხარჯა. სწორედ ახალმა უნივერსიტეტმა აქცია ქუთაისი საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად, საქართველოში კი, პირველად გახდა შესაძლებელი საერთაშორისო სტანდარტის განათლების მიღება.

საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ არა მხოლოდ ჯანმრთელობა დაუზღვია საქართველოს მოქალაქეებს და ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა, არამედ 100 მილიონი დოლარი გადაურიცხა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფონდს და მის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ დამფინანსებლად იქცა, მოგვიანებით კი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრის წოდება მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში უხმაუროდ ახორციელებდა საქველმოქმედო პროექტებს და დღესაც აგრძელებს. საზოგადოებისთვის მისი ბევრი კეთილი საქმეა ცნობილი, თუმცა უფრო მეტი დაფარულია, ამიტომ შეუძლებელია გულუხვი მეცენატის ქველმოქმედების მასშტაბების სრულად შეფასება. უპრეცედენტო აღმოჩნდა ივანიშვილის გადაწყვეტილებაც, როცა ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ თქვა უარი რამდენიმე მილიარდიან კაპიტალზე და ქონების 95% საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

3 December, 2024
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

დეკემბერი 3, 2024
ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

დეკემბერი 3, 2024
რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

3 დეკემბერი 2024
თბილისის ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ძეგლი და ბუნების საკვირველი სამოთხე

თბილისის ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ძეგლი და ბუნების საკვირველი სამოთხე

დეკემბერი 3, 2024
Neuralink რობოტის მკლავის ტესტირებას იწყებს, რომლის კონტროლიც გონებით იქნება შესაძლებელი

Neuralink რობოტის მკლავის ტესტირებას იწყებს, რომლის კონტროლიც გონებით იქნება შესაძლებელი

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი