ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მომღერალი ფილიმონ ქორიძე იყო პირველი ქართველი მუსიკოსი, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა.
დაწყებითი განათლება ფილიმონმა მამის მეგობრისგან, მღვდელ იაკინთესგან მიიღო, ვისგანაც ისწავლა წერა, წმიდა წერილი, დავითნი, სამოციქულო, ჟამნი, სახარება, არითმეტიკა. შემდეგ ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. სასწავლებელში სწავლისას მას ყველაზე მეტად საეკლესიო გუნდში გალობა იზიდავდა. სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. დაინიშნა საეგზარქოსოში საქმეთა მწარმოებლად და სიონის საკათედრო ტაძარში – მგალობლად.
ფილიმონ ქორიძის ცხოვრების გეზი მოულოდნელმა შეხვედრამ შეცვალა – მან თბილისში სტუმრად მყოფი იტალიელი დირიჟორი გაიცნო, რომელიც ისე მოიხიბლა მისი შესანიშნავი ბანით, რომ საოპერო სიმღერის შესასწავლად იტალიაში წასვლა ურჩია. რაშიც მგალობელს ახალშერთული მეუღლის ფინანსურად შეძლებული ოჯახი დაეხმარა.
ფილიმონი იტალიაში 1863 წელს გაემგზავრა. ვოკალურ ხელოვნებას მილანში დაეუფლა, რონკონის ხელმძღვანელობით. კონცერტებს მართავდა იტალიის ქალაქებში, თუმცა რამდენიმე წელიწადში, მოულოდნელად, მეუღლე გარდაეცვალა და დროებით სამშობლოში დაბრუნდა.
1870-1880-იან წლებში მომღერალი გამოდიოდა ამერიკის, იტალიის, რუსეთის საოპერო სცენებზე. 1872 წელს შედგა მისი დებიუტი მილანის „ლა სკალაში“. 1873 წელს კი დებიუტი ჰქონდა პეტერბურგის მარიას საოპერო თეატრში.
პეტერბურგში მოღვაწეობის პერიოდი წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსულმა საზოგადოებამ მას რუსული რეპერტუარის ცოდნა და საშემსრულებლო ნიჭი დაუწუნა. სამაგიეროდ, გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ამ ქალაქში დაუახლოვდა თავის მომავალ მეუღლეს, უკრაინელი სენატორის ქალიშვილს, პიანისტ ზინაიდა ვორობეცს. ახალგაზრდებმა იქორწინეს და იტალიაში გაემგზავრნენ. შეეძინათ ვაჟი, მიხეილი.
1873-1874 წლებში ფილიმონ ქორიძემ გასტროლებით შემოიარა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მრავალი საოპერო სცენა. კონცერტებს მართავდა იტალიის ქალაქებში კორიჯიოს (ქორიჯი, ქორელი) ფსევდონიმით. იტალიურმა პრესამ მომღერალი იტალიის საუკეთესო ბანად აღიარა. მისი წარმატებების შესახებ იმ პერიოდის ქართული პრესაც წერდა. კონცერტები გამართა თბილისში, ქუთაისსა და ფოთში.
1881-1883 წლებში საგასტროლოდ მოიწვიეს თბილისის ოპერის თეატრში. ამის გამო, ოჯახთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა, თუმცა გეგმავდა, 1883 წლისთვის ევროპაში დაბრუნებულიყო.
საოპერო თეატრში მოღვაწეობასთან ერთად, მუსიკოსი ჩართული იყო ეროვნული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის დაცვა-აღორძინების საქმეში – აქტიურად მონაწილეობდა „ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის“ მუშაობაში.
ფილიმონ ქორიძემ უარი თქვა წარმატებულ საოპერო კარიერაზე და მთელი დარჩენილი ცხოვრება ქართული გალობის გადარჩენას შესწირა.
1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძესა და ნესტორ კონტრიძესთან ერთად დაიწყო ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან კი საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა.
1886 წელს გამოიცა მის მიერ შეკრებილი და ჩაწერილი „იოანე ოქროპირის საგალობლების“ კრებული.
საეკლესიო საგალობლების ჩაწერის გარდა, ფილიმონი ქუთაისში სასულიერო სასწავლებლის გუნდს ხელმძღვანელობდა.
1889 წელს ფილიმონს მეორე მეუღლეც გარდაეცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი, ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი – გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდა.
ზინაიდა ვორობეცს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში პიანისტური საშემსრულებლო ხელოვნების დანერგვასა და განვითარებაში. საკონცერტო გამოსვლებში ის მეუღლეს საფორტეპიანო თანხლებას უწევდა.
1890-იან წლებში ფილიმონი ხელმძღვანელობდა ქართლ-კახურ გუნდს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს გუნდს. გუნდის წევრებს ასწავლიდა მუსიკის თეორიასა და დამწერლობას. მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით, ფილიმონი საგალობლების ჩასაწერად ოზურგეთში გაემგზავრა. აქ მან 5 532 საგალობელი ჩაიწერა.
1895 წელს გამოსცა მუსიკის სახელმძღვანელო – „სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის“. ასევე, გამოსცა საგალობლების ექვსი კრებული. დაწერილი აქვს ვოკალური და საფორტეპიანიო ნაწარმოებები.
გარდაიცვალა 1911 წლის 12 ივლისს სოფელ ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, ამჟამად საფლავი დაკარგულია.
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, ფილიმონ ქორიძე შერაცხა წმიდანთა დასში, წოდებით – წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.