16 ოქტომბერს სვეტიცხოველში პატარა თეო მონათლეს, რომელსაც მშობლები 35 წელი ელოდნენ. წარმოიდგინეთ, 35 წელი, ნახევარი ცხოვრება…
თემურ ჯანგირაშვილი და ქეთი თორღვაშვილი, ქორწინების დასაწყისში, ბუნებრივია, ვერც იფიქრებდნენ, რომ ამდენი ხანი მოუწევდათ სანატრელი ქალიშვილისთვის ლოდინი. ის, რომ ამ წლებში იქნებოდა ბევრი იმედგაცრუება, ბრძოლის ჟინი, ღმერთთან დაახლოება, სამედიცინო წარუმატებლობები და ასე შემდეგ, ეს ნათელია. იყო ემიგრაციაც, რომლის აუცილებლობა ისევ შვილის ყოლისთვის გახდა გარდაუვალი. წყვილს ხელოვნური განაყოფიერებისთვის უნდა ეზრუნა, ამისთვის კი შესაბამისი ფინანსური რესურსის მოძიების აუცილებლობა იდგა.
მოკლედ, როგორია გაიარო ნახევარი ცხოვრება შვილის მოლოდინში? დედებმა რომ ფარ-ხმალი არ დაყარონ და სასოწარკვეთაში არ ჩავარდნენ, “პრაიმტაიმის” მკითხველს ქეთი თორღვაშვილი თავის ისტორიას უყვება.
ქეთი თორღვაშვილი: ეს წლები მოლოდინში გალია იმან, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული შეჭირვებულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება. იყო შეცდომები, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე – ექიმებისგანაც.
რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილის ძველი პაციენტი ვიყავი, მას ბევრი უშვილო დედა იცნობს და ბევრის იმედია. დიდი ხანია ვიბრძოდით, თუმცა ადრე ის ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე არ მუშაობდა. ამიტომ სხვებთან არასწორი მკურნალობით, არასწორი კურსით, ამაოდ ველოდით პატარას.
რაღაც პერიოდი საქართველოდან წასული ვიყავით. ისრაელში ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. იქაც ვაპირებდი მკურნალობას და ხელოვნური განაყოფიერების ცდას, მაგრამ ეს იქ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ვერ შევძელი.
ბუნებრივია, ღმერთს განსაცდელის დროს ვუახლოვდებით. ბევრს ვლოცულობდი…
წმინდა მიწაზე ყოფნის დროს მოვილოცე ყველა წმინდა ადგილი. ბოლოს, საქართველოში გამოფრენამდე, მოვიარე გოლგოთა. და უცებ ჩაკეტეს გასასვლელები, არავის უშვებდნენ და ჯვარცმის ადგილას, იესოს ხატთან მარტო დავრჩი! თითქოს გამომკეტესო. სასწაული გრძნობა დამეუფლა. პირველად დავესწარი იმ ადგილას ზარების რეკვას. ამ შეგრძნებას ვერ გადმოვცემ. იმ წმინდა ადგილას იესოს ხატს რომ ვემთხვიე, მთელი ჩემი ცხოვრების სათხოვარი ვთხოვე.
სასოწარკვეთა ხშირად დამუფლებია. აღარაფერი არ მაინტერსებდა. სიცოცხლე აღარ მინდოდა. ვფიქრობდი, რა უნდა მექნა, რა გამეკეთებინა სასოწარკვეთილს. ხშირად უგუნებოდ, იმედგაცრუებული დავდიოდი. მე, რომელსაც სილამაზე, ხელოვნება და სიმღერა მიყვარდა, ყველაფრის აღქმის უნარი დავკარგე. ხმაც კი ჩამიწყდა, თითქოს. სიმღერა მიყვარს და შემიძლია ლამაზად ვიმღერო. ვეღარც კი ვმღეროდი. უშვილობით გამოწვეული ამ სიმწარისგან სიცოცხლის სხივი ჩამიქრა. ნახეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები