2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელი 70 წლის გახდებოდა. 53 წლის მეტი ვერ იცოცხლა. არადა, რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი და დასატოვებელი… მაგრამ მეტი ვერ გაძლო, ხორცის სამოსში ამოიხუთა.
ადამიანთა სევდის შემგროვებელს, მუდმივად სულის გათავისუფლება სურდა… სურდა და თავისუფალი გაფრინდა კიდეც. დაგვიტოვა სევდით და საფიქრალით გაჯერებული, ნააზრევით მაძღარი შემოქმედება. გულიდან წამოსული სუფთა სიტყვებად დაწერილი და გადაღებული დატოვა და მარადისობას შეერწყა… თუმცა მაინც აქ არის და იქნება მანამ, სანამ მისი შემოქმედება იარსებებს.
მისი შემოქმედება ხშირად რომ ვიკითხოთ და ფილმებად ვნახოთ, ბოროტების ჩადენის სურვილი დაგვეკარგება და გავკეთილშობილდებით; რა მარტივია, მაგრამ…
გოდერძის ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე ისე უყვარდა, ფოლკლორისტ წყვილს სამივე შვილი მოუნათლა, ამისთვის თურმე სპეციალურად იღებდა კურთხევას.
ფასდაუდებელ შემოქმედს “პრაიმტაიმის” მკითხველისთვის სწორედ ეს ძვირფასი ადამიანები იხსენებენ.
ამირან არაბული: გოდერძის დაბადებაც ისევე უჩვეულო იყო, როგორც მისი ცხოვრება; თუნდაც იმით გამორჩეული, რომ ღია ცის ქვეშ დაიბადა; დედამისი – ლელა დეიდა, ცხვარ-ძროხას საძოვარზე მიერეკებოდა; “ხოსრო კლდე” ჰქვია იმ ადგილს, სადაც მუცელი ასტკივებია; გამოქვაბულს შეაფარა თავი; მარტომ იმშობიარა; მერე ნათესავი მწყემსიც გამოჩენილა; ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია; ასე დაიბადა გოდერძი ჩოხელი.
თავიდან ფეხამდე წრფელი ადამიანი იყო, ბავშვის გულითა და ისეთი კრიალა თვალებით, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს აქვს, მასში არაფერი არაბუნებრივი და მოჩვენებითი არ იყო.
ჩემი თაობისთვის მაშინდელი სტუდქალაქი ცალკე სამყაროა, მთელი საქართველო იყო სტუდქალაქში თავმოყრილი: სხვადასხვა კუთხის ქართველებით, ერთმანეთის იმედად იყვნენ ეს კორპუსები. უცხოს არავინ არავის დააჩაგვრინებდა სტუდქალაქში, იქ გავიცანი გოდერძი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, არც გამომეტყველებით, არც სიტყვით, არც თავისი უცნაურობებით. არც მოჩხუბარი იყო, დევგმირის მხარ-მკლავი არ ჰქონდა, მაგრამ თუ მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა, უკან არასდროს იხევდა. გული ჰქონდა დიდი და უშიშარი.
მე მოწმე ვარ, როგორ იქმნებოდა მისი რომანები, ნოველები, მოთხრობები. იმ კორპუსში, სადაც ის ცხოვრობდა თავი მოეყარათ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულ თანატოლებს – ყაბარდობარყალებს, ჩეჩნებს, ინგუშებს. გოდერძი მეორე სართულზე ცხოვრობდა, ხმაური არ უყვარდა ერთი ფანჯარა ჰქონდა მის ოთახს, სქელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, ხელი რომ არავის და არაფერს შეეშალა და იჯდა და ან კითხულობდა, ან წერდა. რამდენი დღე დაგვიღამებია და ღამე გაგვითენებია ერთად გოდერძის ოთახში; რაიონიდან ჩამოსულ ახლობლებს შეიფარებდა, ღამეს ათევინებდა, გულუხვი და გამეტებული იყო, ღამის გათევას ვის დაამადლიდა; ბევრი მოთხრობა და ნოველა პირველად მე წამიკითხა; შაბათ-კვირას ჩოხში მიდიოდა, დედასთან და გზაზე მიმოსვლაში ხარჯავდა ფულს. წაიკითხეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები