მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემაში“დილა მშვიდობისა საქართველო” დედაზე, ხათუნა ჟორდანიაზე საუბრობს
„მამის გარეშე გავიზარდე. ის ჩვენთან ერთად არ ცხოვრობდა და დედა იყო მამაც და დედაც. მას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ძალიან მკაცრი იყო, არსად არ მიშვებდა. 22 წლამდე 10 საათზე უკვე სახლში უნდა ვყოფილიყავი და მქონდა უფლება, პარასკევი-შაბათი გავსულიყავი სახლიდან. ისიც დამსახურების მიხედვით იყო, როგორ ნიშნებს მოვიტანდი სკოლიდან კვირის ბოლოს. რაც შეეხება კარიერასა და ჩემს სიმღერას, ალბათ, ყველაფერი ხათუნას დამსახურებაა. მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც სიმღერა კეთდებოდა, ბალანსდებოდა… ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული. ყველაზე მთავარი, რაც დედაჩემისაგან ვისწავლე, სიკეთის კეთებაა. მაგრამ, მე მას, ალბათ, ვერც კი მივუახლოვდები, რადგან ის წარმოუდგენლად კეთილი ადამიანია. შეუძლია, ბოლო ამოიღოს და გაჩუქოს. ამას ისეთი სიხარულით გააკეთებს, რომ არც კი იფიქრებ, რომ ის მისთვის ბოლოა. ჩემი ცხოვრების გზაზე მისი გაკეთებული ძალიან ბევრი სიკეთე მხვდება და მეც ვცდილობ, დედას ამაში ვგავდე. ერთი, რასაც მისგან დღესაც ვსწავლობ და, სამწუხაროდ, აქამდე ვერ ვისწავლე, მოთმინებაა. ეს მას ძალიან მაღალ ხარისხში აქვს. მე მის გარეშე არასდროს ვჩერდებოდი. ყველაზე სწორი დამოკიდებულება, რომ არ მეეჭვიანა და არ მქონოდა პრობლემა, რომ ხათუნა ზურას გაჰყოლოდა ცოლად, ეს ყველაფერი ზურამ შექმნა. მოვიდა და დედას ხელი მე მთხოვა და ამ ნაბიჯით ჩემი და ზურას ურთიერთობა სხვანაირად დაიწყო. მე რომ არ მიმეცა უფლება, ზუსტად ვიცი, რომ დედაჩემი არ გათხოვდებოდა. ეს უფლება, რაც მივეცი, არც ერთი წამით არ მინანია. მამა გარდაიცვალა და ერთ კვირაში დედა მოტყუებით წავიყვანე ექიმთან. ეჭვი არავის გვქონია, რომ შეიძლებოდა, რაიმე ცუდი ყოფილიყო. აბსოლუტურად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. დიაგნოზი რომ გავიგეთ, ეს იყო დღე, როდესაც ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. ღმერთმა მომცა ძალა, რომ ის გზა გამეარა, რაც გავიარეთ. ძალიან დიდი ტკივილია. ფაქტობრივად, ხათუნას დედა გავხდი. მისი მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, ნინი რომ არა, ისიც არ იცის, რომელ ფილტვზე ჰქონდა სიმსივნეო.
მასალის გამოყენების პირობები