16 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს მუსიკოსი მაია ბარათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და 3 მარტს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.
სიამოვნებით ვიმოგზაურებ რეგიონებში, მით უფრო, რომ თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად არა ერთი კონცერტი მომიწყვია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რადგან ყველა კუთხეს თავისი ელფერი, გემო და არომატი აქვს, ჩვენი მოგზაურობა ყოველთვის ემოციური და შთაბეჭდილებებით სავსეა, რადგან ყოველთვის უამრავი სიახლეს ვპოულობ. ძალიან მიყვარს ქუთაისი, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. არაჩვეულებრივი კონცერტი მქონდა სამეგრელოში, სადაც სიამოვნებით დავაგემოვნეთ ადგილობრივი კერძები. სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვართ მთიან რეგიონებში, სვანეთსა და თუშეთში, თუმცა აუცილებლად გამოვასწორებთ დანაკლისს. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მიხარია, რომ ჩემი საქმიანობის წყალობით მთელი წელი სწორედ გასტროლებითა და მოგზაურობით მაქვს დატვირთული.
ძალიან დატვირთული იყო გასული წელიც, რადგან უამრავ ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში მოვაწყვე კონცერტი ქართული კულტურის დღეების ფარგლებში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ სათვისტომოს ქალბატონ ირინა ცერცვაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც არაჩვეულებრივ გამოფენებს და კონცერტებს გაუწია ორგანიზება სტოკჰოლმში. ძალიან საინტერესო გამოსვლა მქონდა ციურიხის კონსერვატორიაში, რომელიც ისევ ქართული სათვისტომოს ორგანიზებით მოეწყო, ბელგიაში კი, საზღაო ქალაქ მიდლეკერკეში გავმართეთ კონცერტი მე და გია რაქვიაშვილმა. საღამო თავდაცვის სამინისტროს ყოფილ შენობაში მოეწყო, რომელიც თავისი უნიკალურობით გამოირჩევა სხვა შენობებისგან. კალიფორნიაში ჯერ ადგილობრივი მხატვრის გალერეაში მოვაწყვეთ საღამო ძალიან საინტერესო ფორმატით, რადგან მუსიკა და სხვადასხვა თემაზე დისკუსიები გავაერთიანეთ, მერე კი, ქართული კულტურისა და განათლების ცენტრში გადავინაცვლეთ, სადაც კიდევ ერთი კონცერტი გავმართეთ. სრულად
მასალის გამოყენების პირობები