მთვარეზე გაიგზავნა მემორიალური დაფა, რომელზეც უკრაინის დროშა და რუკაა გამოსახული

ნიკოლოზ ჯღერენაია
2 წუთიანი წაკითხვა

ლითონის ფირფიტაზე გამოსახული უკრაინის დროშა და რუკა მთვარეზე გაიგზავნა. მემორიალური დაფა მთვარეზე გაშვებულ რაკეტა „ვულკან კენტავრთან“ (Vulcan Centaur) ერთად იმოგზაურებს კოსმოსში.

ეს ინფორმაცია Space.com-მა 8 იანვარს გაავრცელა.

კანავერალის კონცხზე (ფლორიდის შტატი) არსებული კოსმოსური ძალების ბაზიდან რაკეტამ მთვარისკენ წარმატებით აიღო სტარტი. მის ბორტზე განთავსებულია მთვარეზე გადასასმელი მოდული „საპსანი“, რომელსაც, თავის მხრივ, კოსმოსში მიაქვს 20 სხვადასხვა ტვირთი, მათ შორის – „ნასა“-ს ხუთი სამეცნიერო ინსტრუმენტი და უკრაინულ-ბრიტანული კომპანია Spacebit-ის ტვირთი.

კოსმოსური ხომალდის დაშვება 23 თებერვალს, მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში იგეგმება. თუ მისია წარმატებული იქნება, „საპსანი“ იქნება პირველი ამერიკული კოსმოსური ხომალდი, რომელიც მთვარის ზედაპირს მიაღწევს მას შემდეგ, რაც ეს, 1972 წელს, „აპოლო17“-მა შესძლო.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მთვარეზე რაკეტით უკრაინის დროშისა და რუკის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია 23 აგვისტოს, – უკრაინის დროშის დღეს – გახდა ცნობილი.

„უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, Spacebit-ი მთვარეზე აგზავნის ლითონის ჭედურობას, უკრაინის დროშით და ქვეყნის რუკით. ლითონის ფირფიტაზე დატანილი ახალი ტიპის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა მთვარის პირობებში გამოყენებული. საღებავები წყალზეა დამზადებული და ასობით წლის განმავლობაში გაუძლებს ექსტრემალურ ტემპერატურას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

John Kraus, Pavlo Tanasyuk/Facebook-ფოტო

რაკეტის მთვარეზე ასევე მიაქვს კომპანია Celestis-ის ტვირთი – კომპანიის კლიენტების დნმ-ნიმუშები და კრემირებული ნეშტები.

კერძოდ, ეს არის Star Trek შემქმნელის, ჯინ როდენბერის და მისი მეუღლის, მაჯელ ბარეტ-როდენბერის დნმ-ნიმუშები, ასევე ტელემსახიობების: ნიშელ ნიკოლსის, ჯეიმს დუგანი და დე ფორესტ კელის კრემირებული ნეშტები.

გაუზიარეთ ეს სტატია
სამეცნიერო ჟურნალისტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. პუბლიკაციები ეძღვნება კვლევებს, მეცნიერებას და განათლების პოლიტიკას.
კომენტარები ჯერ არ არის