სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიროგორ აჯანყდნენ აფხაზები 1866 წელს

როგორ აჯანყდნენ აფხაზები 1866 წელს

1866 წლის აფხაზთა მასობრივი გამოსვლა (მონაწილეობდა 15-20 ათასი კაცი) თავისთავადაც და ზოგადად საქართველოს ისტორიაშიც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ აჯანყების თაობაზე წერდნენ როგორც ქართველი, ისე აფხაზი ისტორიკოსები, მისი გაგება-გააზრება დღემდე არ არის ამომწურავი. შეგახსენებთ, რომ საკითხს მონოგრაფია უძღვნა ცნობილმა აფხაზმა ისტორიკოსმა გიორგი ძიძარიამ. ნაშრომი 1955 წელს გამოქვეყნდა.

მაინც რატომ გაჭიანურდა აღნიშნული პრობლემის მეცნიერულ დონეზე გაგება? შესაბამისი საისტორიო წყაროების არქონა ან ნაკლოვანება, ცხადია, ამ შემთხვევაში გამორიცხულია. მიზეზი მდგომარეობს საკითხისადმი არასწორ მიდგომაში.

* * *

ბოლშევიკურ-კომუნისტური მმართველობისას ასეთი გამოსვლების არსსა და ხასიათს გაუკუღმართებულად წარმოიდგენდნენ. ვლადიმირ ლენინის, იოსებ სტალინის, ფილიპე მახარაძის, ისტორიკოს გიორგი ხაჭაპურიძისა და სხვათა შეხედულებით, მსგავსი მასობრივი გამოსვლები ძირითადად კლასობრივი ბრძოლის გამოვლინებას წარმოადგენდნენ. თითქოსდა მთავარი გლეხობისა და თავადაზნაურობის ინტერესთა დაპირისპირება გახლდათ.

საბედნიეროდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში ასეთი მიდგომა კარგა ხანია გადალახულია, თუმცა ცხადია, ეს ადვილად არ მომხდარა. კერძოდ, ცნობილმა ისტორიკოსმა ალექსანდრე ბენდიანიშვილმა 1980 წელს გამოქვეყნებულ წიგნში (“ეროვნული საკითხი საქართველოში. 1801-1921 წწ.”) 1804 წლის ქართლის მთიანეთის, 1812 წლის კახეთის, 1819-1820 წლების იმერეთ-გურიისა და სხვა აჯანყებათა უმთავრეს მოტივად მიიჩნია ქართველთა ბრძოლა ცარისტული რუსეთის წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის (თუნდაც ავტონომიის ფორმით) აღსადგენად.

ეს საკითხი თეორიულადაც გაანალიზდა ჩვენს სამეცნიერო ნაშრომში. აღმოჩნდა, რომ თვით ავთენტიკური მარქსიზმის (კერძოდ, ფრიდრიხ ენგელსის) მიხედვით, კლასობრივი ბრძოლა უნივერსალური მნიშვნელობისა როდი იყო. ხალხის, ერის დაპყრობის საფრთხის, მით უფრო, დაპყრობის შემთხვევაში ძლიერდებოდა ეროვნული სოლიდარობა. საზოგადოების სხვა დროს დაპირისპირებული ძალები საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ.

ფაქტია, რომ აფხაზი ისტორიკოსები ამჯერადაც საბჭოური სტერეოტიპული აზროვნების ტყვეობაში იმყოფებიან. ისინი (მათ შორის აფხაზეთის ისტორიაზე დაბეჭდილი სახელმძღვანელოების ავტორები) აფხაზეთის 1866 წლის აჯანყებას ძირითადად გლეხთა მოძრაობის სახით წარმოიდგენენ და შესაბამისად, კლასობრივი ბრძოლის გამოვლინებად მიიჩნევენ. უგულებელყოფილია მთელი რიგი თვალსაჩინო ფაქტებისა.

მაგალითად, 1866 წლის აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზი თავადაზნაურობის წარმომადგენლები, თავადები: შირინბეი, ყიზილბეგ, ზაუსხან და ტიჩ მარშანიები; თავადები ტიგუ ემუხვარი და ზარბეგ ძიაპშიპა; აზნაურები: სმელ და მურზაყან ლაკერბაები. ისინი მეფის ხელისუფლებამ სასტიკად დასაჯა. ამ გარემოებაზე როგორც ქართველი, ისე აფხაზი ისტორიკოსები თვალს ხუჭავდნენ ხოლმე. ეროვნული პროტესტის გამოხატულება გახლდათ ისიც, რომ აფხაზი თავადაზნაურობისა და გლეხკაცობის ერთი ნაწილი მუჰაჯირები გახდნენ (ერთმორწმუნე თურქეთში გადასახლდნენ).

უტყუარი ფაქტია ისიც, რომ აჯანყებულებმა მთავრად წარმოადგინეს აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის (ჯერ გადასახლებულის, იმხანად კი გარდაცვლილის) ოცი წლის ვაჟი, სამხედრო წოდებით ოფიცერი გიორგი. ამ გარემოებასაც აფხაზი ისტორიკოსები ან სავსებით ჩქმალავდნენ, ანდა მხოლოდ გაკვრით ახსენებდნენ ხოლმე.

მათგან განსხვავებით, გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი (სხვათა შორის, აფხაზეთში დაბადებული) სიმონ ჯანაშია თავის საისტორიო ნარკვევში გიორგი შარვაშიძის შესახებ (დაიბეჭდა 1946 წელს) ხაზგასმით აღნიშნავდა: “გიორგის შეხვდნენ როგორც მთავარს. მას ახლდნენ საპატიო თავკაცები და ხალხის მიერ არჩეული, ოთხი პირისგან შემდგარი საბჭო. ჯარი ახალგაზრდა მთავარს უმღეროდა სიმღერას, რომელშიც შექებული იყო ლუხუნის (ლიხნის, სადაც დაიწყო აჯანყება. – გ. ყ.) გმირობა და გიორგის შურისძიება რუსეთის მიერ მოკლული მამისთვის”.

ამბოხებულებმა გიორგის შესძახეს: “ეხლა შენ ჩვენი მთავარი ხარ, სადაც წახვალ, წამოგყვებით; საცა შენ, ჩვენც იქ უნდა დავიღუპოთო” და სახელდახელოდ გაკეთებულ სამთავრო დროშის ქვეშ დაირაზმნენ. ეს მოხდა აჯანყების დაწყების მეოთხე დღეს, 29 ივლისს.

იმხანად გავრცელებული იყო აზრი, რომ აფხაზთა მთავარი მიხეილ შარვაშიძე მოკლეს რუსეთის ხელისუფალთა მცდელობით. ჩანს, სიმონ ჯანაშია იზიარებდა ამ ვერსიას. ახალგაზრდა გიორგის, რასაკვირველია, რუსებმა არ აპატიეს ეს ქმედება, პატივი აჰყარეს და რუსეთში, ორენბურგის ოლქში, გადაასახლეს. დაბრუნების შემდგომ ის ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა.

თუ მთავრის გარდაცვალებასა და თვით აფხაზეთის სამთავროს გაუქმებასაც (1864 წელს) აფხაზობა თავის დროზე შედარებით გულგრილად შეხვდა, აჯანყებამდე განვლილმა ხანმოკლე დრომაც კი აშკარად გამოაჩინა მეფის რუსეთის მმართველობის მთელი სიმახინჯე, მისი უარყოფითი მხარეები. ამჯერად მთელ აფხაზ ხალხს, ისევე როგორც ქართველებს, მეფის ხელისუფლებისა აღარ სჯეროდათ.

თუმცა 1866 წლის აჯანყების მარცხი კანონზომიერი გახლდათ. დანარჩენ საქართველოსთან ერთად, აფხაზეთის რუსეთთან მიერთებას დადებითი შედეგებიც ახლდა, რადგან ამ გზით მოწინავე ევროპული ცივილიზაციის სხივი ასე თუ ისე ჩვენამდეც აღწევდა (რასაც ვერ ვიტყოდით საბჭოურ ან დღევანდელ რუსეთზე). მაგრამ ეს არ ნიშნავს მარცხიანი მცდელობის უნაყოფობას, უსაზრისობას. ამდენად, ამ აჯანყებისთვის თუნდაც იარლიყ “უცნაურის” მიწებება (მათ შორის 2007 წელს გამოქვეყნებულ აფხაზეთის საისტორიო სახელმძღვანელოში) უსაფუძვლოა.

ვიმედოვნებთ, თანამედროვე აფხაზები 1866 წლის, ასევე 1877 წლის მასობრივ ისტორიულ გამოსვლებს ახლებურად გაიაზრებენ, შეაფასებენ და შესაბამის ისტორიულ გაკვეთილს სათანადოდ გაითვალისწინებენ სამომავლოდ.

გურამ ყორანაშვილი

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟურნალი “ისტორიანი”,#47

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

ნოემბერი 26, 2024
„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

„ვაზო, შვილივით ნაზარდო…“

ნოემბერი 26, 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

თბილისის მეტრო — ისტორია და განვითარება

ნოემბერი 26, 2024
ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ბოლნისური ღვინოები „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ — 7 მედალი და საერთაშორისო აღიარება

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი