თანამედროვე ცხოვრება ციფრული მოწყობილობების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერები, ტელევიზორები – ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
გაჯეტებთან განსაკუთრებით დიდ დროს ატარებენ ბავშვები. ჭამის პროცესში სმარტფონების მოხმარება ან ტელევიზორში ანიმაციის ყურება – ერთგვარ რიტუალადაა ქცეული. ამ ხერხს აქტიურად მიმართავენ მშობლები – ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, პატარები საკვებს ყველანაირი პროტესტის გარეშე მიირთმევენ.
თუმცა, როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, ეს მიდგომა არასწორია და მას ძალიან ბევრი უარყოფითი სდევს თან. ბავშვები იმდენად ეჩვევიან ამ ყველაფერს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი გაჯეტებისა და ტელევიზორის გარეშე მაგიდასთან დაჯდომასა და საკვების მირთმევაზე უარს ამბობენ.
ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,დღესდღეობით მოზარდების 85%-ი ჭამის დროს ციფრულ მოწყობილობებს იყენებს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ტექნოლოგიური საშუალებების ჭარბი მოხმარება ბავშვების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც ოფთალმოლოგები ამბობენ, გაჯეტების ლურჯი გამოსხივება ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის თვალზე, რაც გამოიხატება ისეთ სიმპტომებში როგორებიცაა: თვალის სიწითლე, დაძაბულობა, მუდმივი წვის შეგრძნება. ასევე, ლურჯი გამოსხივება ხელს უშლის ძილის ჰორმონის – მელატონინის წარმოქმნას, რაც უძილობას იწვევს. უძილობა კი პირდაპირ ზემოქმედებს ბავშვის მეხსიერებასა და სწავლის უნარზე.
ასევე, როგორც ამერიკელი პედიატრი, ჯანეტ ლაზი ამბობს, ჭამის დროს ეკრანის ყურება ბავშვების კვებით ჩვევებს რადიკალურად ცვლის.
ამერიკელი პედიატრი ასეთ სიტყვებს ამბობს:
„ასეთ დროს ბავშვის მთლიანი ყურადღება ეკრანისკენაა მიპყრობილი – შედეგად, ის შიმშილისა და დანაყრების შეგრძნების ამოცნობას ვერ ახერხებს. ამან კი შეიძლება ჭარბი ან არასაკმარისი კვება გამოიწვიოს”.
2020 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ჭამის დროს ეკრანს უყურებენ 30-60%-ით იმაზე მეტს მიირთმევენ, ვიდრე ეს მათ ორგანიზმს სჭირდება.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 4 წლამდე ბავშვები, რომლებსაც მშობლები თუ აღმზრდელები 4 საათი და მეტი დროით ტოვებენ ეკრანებთან – კლასიკური აუტიზმისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ავლენენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აღარ რეაგირებენ სახელზე, თვალით კონტაქტს გაურბიან და გარე სამყაროს მიმართ ინდიფერენტულები ხდებიან.
……..
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 2 წლამდე ბავშვმა საერთოდ არ უნდა უყუროს ეკრანს..
3-5 წწ. ბავშვებს შეუძლიათ გაჯეტებთან დღეში 1 საათი გაატარონ, ხოლო 6 წლიდან ეკრანთან დროის გატარების დღიური ნორმა 2 საათია.
…………..
თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი უკვე მიჩვეულია ჭამის დროს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას – საერთაშორისო ექსპერტები მშობლებს პრაქტიკულ და საკმაოდ კონკრეტულ რჩევებს სთავაზობენ, რომლებიც დაეხმარებათ მოზარდებს ეკრანთან გატარებული დრო თანდათანობით შეუმცირონ ..
საერთაშორისო ფსიქოლოგების თქმით – კარგი იქნება თუ პირველ ეტაპზე – ელექტრონულ მოწყობილობას ჭამის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამორთავთ… შემდეგ კი ამ დროს ნელ-ნელა გაზრდით. ასე მაგალითად: შეგიძლიათ ეკრანის გათიშვის დრო ყოველ კვირას ან 2 კვირაში ერთხელ 5-5 წუთით გაზარდოთ.
მეორე რჩევა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები გასცემენ, ასე გამოიყურება: დაუწესეთ ბავშვს გარკვეული დრო – მაგალითად, საკვების მირთმევისას ანიმაციების ყურებას მხოლოდ პირველი 10 წუთი დაუთმეთ. იმისთვის კი, რომ ბავშვმა დარჩენილი დროის სწორად აღქმა შეძლოს, გამოიყენეთ ტაიმერი.
ასევე,კარგი იქნება თუ ალტერნატივების შეთავაზებას დაიწყებთ – აი, მაგალითად, როდესაც ანიმაციის ყურების დრო ამოიწურება, შეეცადეთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობა შესთავაზოთ, ან დაიწყოთ საუბარი მისთვის აქტუალურ თემებზე.
საერთაშორისო ექსპერტები ასევე ეყრდნობიან ე.წ. 1 საკვების მიდგომას, რომელიც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ ყოველი ჭამისას – აირჩიოთ ერთი საკვები პროდუქტი, რომლის მირთმევისასაც ბავშვი გაჯეტებს არ გამოიყენებს.
სპეციალისტების თქმით, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ისეთი საკვები შევთავაზოთ, რომელიც მას ძალიან უყვარს.
ექსპერტები ასევე გირჩევენ – საკვების მირთმევისას გამოიყენოთ თამაშები და დააწესოთ პრიზები. აი მაგალითად: ვინც ისე გაძლებს, რომ ჭამისას ელექტრონული მოწყობილობა არ გამოიყენოს – გამარჯვებულიც ის იქნება და პრიზსაც ის მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები