ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიროგორ იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებლობისთვის თემურ-ლენგის წინააღმდეგ

როგორ იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებლობისთვის თემურ-ლენგის წინააღმდეგ

მე-14 საუკუნის ბოლოს საქართველოს ახალი სასტიკი დამპყრობელი მოევლინა, ეს იყო თემურ-ლენგი. თავდაპირველად თემური ერთი შუააზიელი მოთარეშე რაზმის მეთაური იყო. კოჭლობის გამო თემურს მეტსახელად „ლენგი“ შეერქვა („ლენგ“ ანუ „ლანგ“ სპარსულად კოჭლს ნიშნავს).

მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში შუა აზიაში ჩინგიზ-ხანის შთამომავალნი მეტად დასუსტებული იყვნენ. თემურ-ლენგმა ისარგებლა ამ გარემოებით და თავისი სამხედრო ნიჭის წყალობით დიდი სამფლობელო შექმნა.თემურ-ლენგის სწრაფი გაძლიერება ჩრდილოეთის ოქროს ულუსის მბრძანებელმა, თოხთამიშ-ხანმა სახიფათოდ ჩასთვალა და გადაწყვიტა საშიში მოწინააღმდეგისათვის დაესწრო. 1385 წელს ზამთარში თოხთამიშის ჯარი ადარბადაგანს შეესია და თავრიზი აიღო. ხალხი ააწიოკეს, აუარებელი ნადავლით უკან გაეშურნენ და შინისაკენ მიმავალმა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის თემებიც ააოხრეს.

თემურ-ლენგი ამ ამბავმა საშინლად განარისხა. 1386 წელს მან თავრიზი აიღო, მაგრამ ვიდრე ჩრდილოეთის ულუსზე გაემართებოდა, ჯერ საქართველოსაკენ იბრუნა პირი. გავრცელდა აზრი, რომ მას საქართველოში მხოლოდ მაჰმადიანობის გავრცელება ჰქონდა განზრახული, სინამდვილეში მისი შემოსევის მიზეზი სხვა იყო. თემურ-ლენგი საქართველოს წინააღმდეგ მოულოდნელად დაიძრა. ჯერ მან სომხეთის ციხე-სიმაგრეები აიღო და გაანადგურა, მათ შორის – გარნისი და კარი (ყარსი), შემდეგ ჯავახეთში შემოიჭრა. აქედან დიდი ყინვების მიუხედავად ლანგ-თემური საქართველოს დედაქალაქისაკენ გამოემართა. თემურმა ყოველი ღონე იხმარა თბილისის ასაღებად. ალყა შემოარტყა და გზები გადაკეტა. შემდეგ საგანგებო საომარი მანქანები და იარაღი გაამართვინა. 1386 წ. თბილისზე იერიში მიიტანეს. სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ თემურმა თბილისი აიღო და ამ დროს აქ მეფედ მყოფი გიორგი ბრწყინვალის შვილიშვილი – ბაგრატიც ოჯახიანად ტყვედ ჩაიგდო.

თბილისის აღებას მოჰყვა თანამედროვე საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიის დალაშქვრა და აოხრება თემურის ჯარების მიერ. შემდეგ თემურ-ლენგმა ბაგრატ მეფეს, რომელიც მას ტყვედ ჰყავდა, გამაჰმადიანება მოსთხოვა. ბაგრატი, დიდი ყოყმანის შემდეგ გარეგნულად დათანხმდა, რომ ამ მტარვალის ტყვეობისათვის როგორმე თავი დაეღწია. ამასთანავე, ბაგრატმა თემურ-ლენგს ძვირფასი საჩუქრები მიუძღვნა, მათ შორის – ერთი უცხო ჯაჭვის პერანგიც. თათართა მბრძანებელს ეს ძღვენი ძალიან მოეწონა და ბაგრატი უხვად დასაჩუქრებული საქართველოში დააბრუნა.

1393 წელს ლანგ-თემური მეორეჯერ შემოესია საქართველოს, თითქოს ურჩების დასასჯელად. ამ დროს საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატის მაგივრად უკვე მისი შვილი გიორგი მეშვიდე იჯდა. თემურის ლაშქარი სამცხის თემს მოედო და აქ თარეში დაიწყო. ციხეები ჩაიგდო ხელში და დაანგრია. თემურის ჯარს ყველგან მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ: გზის გაკაფვა მას მხოლოდ ბრძოლით შეეძლო. მართალია თემურის ჯარმა არაგვის ხეობაში ციხეები დაიპყრო, მაგრამ მისი მთავარი მიზანი, დარიალის კარის ხელში ჩაგდება, განუხორციელებელი დარჩა. თემურმა ახლა მთელი თავისი ძალა ოქროს ურდოს წინააღმდეგ მიმართა. 1395 წელს თემურ-ლენგმა თერგის პირას საშინლად დაამარცხა თოხთამიში, მისი სატახტო ქალაქიც აიღო, მთლიანად გაძარცვა და დაანგრია. მომდევნო წლებში თემური უკვე სხვა საქმეებით იყო გართული. 1398 წელს მან ინდოეთში გაილაშქრა. იმ დროს, როცა მონღოლთა მბრძანებელი ინდოეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში იმყოფებოღა, თემურის დაპყრობილმა, ყმადნაფიცმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობის აღდგენა სცადეს.

საქართველო თავდასხმაზეც კი გადავიდა: ქართველმა ჯარმა ადარბადაგანი დალაშქრა, თემურის რაზმები დაამარცხა და ზოგიერთი მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე ხელში ჩაიგდო. თემურ-ლენგი რომ ინდოეთიდან დაბრუნდა და ეს ამბავი გაიგო, საშინლად განრისხდა. მან გადაწყვიტა ასეთი კადნიერებისათვის საქართველო სამაგალითოდ დაესაჯა. ამჟამად თემური საქართველოს აღმოსავლეთიდან შემოესია, კახეთისა და ჰერეთის თემებში. ამ თემების მმართველი მაშინ ხიმშია ყოფილა. თემურმა ბრძანება გასცა, რომ ტყით დაბურულ საქართველოს ამ თემებში სამხედრო მოქმედების გასაადვილებლად წინასწარ გზები გაეკაფათ. ოცი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ თოვდა და დიდი თოვლიც დადო, საქართველოს ჯარი მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. თემურ-ლენგის სპარსელი ისტორიკოსი ამბობს, ამ ბრძოლაში იმდენი სისხლი დაიღვარა, რომ თოვლით დაფარული ველები ლალისა და ბროწეულის ყვავილისფრად იყო შეღებილიო. ბოლოს მაინც თემურის ურდომ სძლია და ქართველებმა უკან დაიხიეს. მიტოვებულ ქვეყანას მტრის ლაშქარი მოედო და ძარცვა-გლეჯვას შეუდგა.

თემურ-ლენგის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. მან თავის ჯარს უბრძანა, სადაც ხელი მიუწვდებოდათ ვენახები, ბაღები, ბოსტნები გაეჩეხათ. ეკლესიები, სამლოცველოები, სასახლეები, სხვა შენობები, რისი დანგრევაც შესაძლებელი იყო დაენგრიათ. თვით თემურ-ლენგის ისტორიკოსის სიტყვით, თემურს ინდოეთშიც არ დაუნგრევია იმდენი შენობა, რამდენიც საქართველოშიო. 1400 წელს თემურმა გიორგი მეფეს ელჩი გამოუგზავნა და მოსთხოვა მაჰმადიანი მფლობელის მეთვალყურეობა, გიორგიმ ამაზე უარი შეუთვალა და განრისხებული თემურ-ლენგი კვლავ შემოიჭრა. ის სასტიკი ბრძოლით შევიდა არაგვის ხეობაში და გამოქვაბულებში შეხიზნული ხალხის მოსპობა სცადა. ამრიგად, არაგვის ხეობაში დიდძალი ხალხი დაიღუპა. მონღოლებმა თხუთმეტამდე ციხეც აიღეს, მაგრამ თემურმა თავის მიზანს საბოლოოდ მაინც ვერ მიაღწია – ხეობა მთლიანად ვერ დაიმორჩილა და გიორგი მეფეც ხელში ვერ ჩაიგდო.

ამიტომ ლანგ-თემური აქედან გადმოვიდა ქართლში, დალაშქრა ის ბევრი მიმართულებით, ააწიოკა მოსახლეობა, დაანგრია რის დანგრევაც შეძლო, ააოხრა ქვეყანა, მაგრამ გულისწადილს ვერც აქ ეწია. გიორგი მეფე დასავლეთ საქართველოში გადავიდა და იქიდან გამართა მოლაპარაკება თემურ-ლენგთან. მაგრამ მტერი განაგრძობდა ქვეყნის აოხრებას. შემდეგ ის სამცხესა და ტაოს მისდგა. 1400 წლის დამლევისათვის დაიდო შეთანხმება თემურსა და გიორგი მეშვიდეს შორის. საქართველოს მეფე კისრულობდა ხარკს, მეშველი ჯარის გამოყვანასა და მაჰმადიანებისადმი კარგად მოპყრობის მოვალეობას. 1401 წელს თემურ-ლენგმა სამხედრო მოქმედება მაინც განაახლა. თორთუმის ციხეში ორასი ქართველი გამაგრებულიყო. ისინი არც ხარკს იხდიდნენ და მაჰმადიანებსაც მოსვენებას არ აძლევდნენ. თემურმა თორთუმის ციხეზე დიდი ჯარი გაგზავნა. რადგანაც მეციხოვნეებმა დამორჩილებაზე უარი განაცხადეს, ციხე დიდი ბრძოლის შემდეგ თათრებმა აიღეს და ორასივე ქართველი მეომარი შიგ ამოხოცეს.

ამავე დროს თვით საქართველოშიც განხეთქილება დაიწყო: სამცხის მთავარი იოანე აღბუღას ძე და თვით გიორგი მეფის ღვიძლი ძმა, კონსტანტინე ბატონიშვილი, თემურ-ლენგის წინაშე წარდგნენ და საჩუქრები მიართვეს. გიორგი მეფე დარწმუნდა, რომ ასეთ პირობებში ბრძოლის გაგრძელება უგუნურება იქნებოდა და თემურ-ლენგს დამორჩილდა. თემურ-ლენგი გიორგი მეფეს არ ენდობოდა და მისი ბრძანების თანახმად, თათრები საქართველოში მოსავლის მომკასა და აკრეფას შეუდგნენ, რომ ქართველებისათვის ბრძოლის წარმოების ყოველგვარი შესაძლებლობა მოესპოთ. ამ ამბავმა გიორგი მეფეს შეთანხმების ხალისი დაუკარგა და ამ შემთხვევაშიც დაზავება ვერ მოხერხდა, მაგრამ გიორგი მეფის შეპყრობაც მტრისათვის მიუღწეველ ოცნებად იქცა. ამის გამო თემურ-ლენგმა 1203 წ. თავისი ლაშქარი კვლავ საქართველოში შემოიყვანა. მან ჯერ ისევ ქართლი – დალაშქრა და ააოხრა, აქაური ციხე-სიმაგრეები ხელში ჩაიგდო და შიგ თავისი მეციხოვნე ჯარი ჩააყენა, რომელსაც უბრძანა, ქართველი ქრისტიანი მოსახლეობა დაეხოცა ან განედევნა და არცერთი ქართველისათვის ამიერიდან აქ დასახლების უფლება აღარ მიეცა.

შემდეგ თემური დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მისი ჯარი დაბურულ ტყეში გზას იკაფავდა და ასე ბრძოლით მიდიოდა წინ. თემურ-ლენგის ლაშქარმა ქუთაისამდე მოახერხა მიღწევა. გააფთრებული ომი წარმოებდა, მაგრამ დასუსტებულ ქვეყანას უკვე აღარ შეეძლო ხანგრძლივი ბრძოლა, როგორც მანამდე. დასავლეთ საქართველოში განადგურებული სოფლების რიცხვი, უცხოელი მწერლების ცნობით, 700-ს აღემატებოდა. ამ დაუნდობელი ომის მიუხედავად, 1403 წელს თემურ-ლენგმა უეცრად ბრძოლა შეაჩერა. მონღოლთა დიდი ლაშქრისათვისაც ადვილი არ იყო ასეთ მძიმე პირობებში ომის გაგრძელება: დაბურული ტყეები, ვიწრო ხეობები, ხალხის მედგარი წინააღმდეგობა მას დიდ ზარალს აყენებდა. ბრძოლას დასასრული არ უჩანდა და მტრის ჯარში უკმაყოფილებამ და მოუთმენლობამ იჩინა თავი, თვითონ თემურ-ლენგსაც გიორგი მეფის ხელში ჩაგდების იმედი აღარ ჰქონდა, ბრძოლით უფრო შორს შეჭრა სახიფათოდ მიაჩნდა. ამიტომ იყო რომ თემურ-ლენგმა სამხედრო მოქმედება შეწყვიტა და გამარჯვებული, მაგრამ დაზარალებული ჯარი აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანა დასასვენებლად.

გიორგი მეფეს თვითონაც კარგად ესმოდა, რომ ბრძოლის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და თემურ-ლენგს ისევ ელჩები გაუგზავნა. თემური ვითომ დაზავების წინააღმდეგი იყო და ელჩებს ისე აჩვენებდა, რომ იგი თავისი სურვილის წინააღმდეგ მხოლოდ ნოინებსა და სამღვდელოებას ეთანხმებოდა. ყველაფერი ეს მას იმ მიზნით ჰქონდა მოწყობილი, რომ გიორგი მეფისა და ქართველებისათვის ეგრძნობინებინა, რომ ბრძოლის გაგრძელება ადვილად შეეძლო და დაზავება მსოლოდ ქართველებისათვის იყო საჭირო. სინამდვილეში კი დაზავება თემურისთვისაც ისევე აუცილებელი იყო და მან დიდი ზეიმით იდღესასწაულა კიდევაც საქართველოსთან ომის დამთავრება. გიორგი მეფე პირადად თემურ-ლენგს არ ჰხლებია, ამრიგად პირველი პირობა, რომელსაც თემურ-ლენგი საქართველოს მეფეს უდებდა, მაინც აუსრულებელი დარჩა. თემური იძულებული იყო ამასაც შერიგებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ თემურს დიდხანს აღარ დასცალდა – 1405 წელს იგი გარდაიცვალა. მისგან გაწამებულმა ქვეყნებმა ცოტათი ამოისუნთქეს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

ოქტომბერი 24, 2024
რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი